მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ის ერთ-ერთი მოთხოვნადი კერძია მეგრულ რესტორნებში. არსებობს ამ კერძის ბევრი რეცეპტი, მათ შორის გამარტივებული ვერსიებიც. ჭვიშტრის მოყვარულებს ვთავაზობთ სახლის პირობებში, მარტივად და სწრაფად მოსამზადებელ რეცეპტს.

4 საშუალო ზომის ჭვიშტრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

200 გრამი სიმინდის ფქვილი, 300 გრამი სულგუნი, 1 ცალი კვერცხი, ცოტაოდენი წყალი. სურვილის შესაბამისად შესაძლებელია წყლის ნაცვლად ჩასაზელად მაწონი ან არაჟანი გამოიყენოთ.

გაცრილი სიმინდის ფქვილში დავამატოთ გახეხილი სულგუნი, ერთი ცალი კვერცხი, წყალი, არაჟანი ან მაწონი იმდენი რამდენსაც შეიზელს. (ცომი უნდა იყოს ისეთი სისქის, რომ შეძლოთ გუნდების დამზადება).

მოზელილი ცომისგან შეგიძლიათ გააკეთოთ ოვალური ან მრგვალი ბურთები. ცომის შუაგულში სულგუნის პატარა ნაჭერი მოათავსეთ. (სანამ ყველს გახეხავთ წინასწარ მოიტოვეთ რამდენიმე ნაჭერი).

გამოვაცხოთ ზეთმოსხმულ ტაფაზე, ორივე მხრიდან.

სასურველია კერძი მიირთვათ სანამ თბილია. ჭვიშტარი განსაკუთრებით გემრიელია მაწონთან ან არაჟანთან ერთად.