მზარეულის მაგიდა
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი და სასარგებლო კერძია. სუპის საკუთარ რეცეპტს „ლაივპრესის“ მკითხველს „არტ ჰაუსის“ მენეჯერი გვანცა აბსანძე უზიარებს.

კერძის მოსამზადებლად დაგვჭირდება:

საშუალო ზომის გოგრა
შავი პილპილი 5გრ.
მარილი 5გრ.
კურკუმა 5გრ.
რძე 350მლ.
ნაღები 50მლ.
ხახვი 1ც.
ნიორი 2 კბილი.
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.
ჯანჯაფილი (ჯინჯერი) 15 გრ.

მომზადება:

გავასუფთაოთ გოგრა, დავსეროთ დანით, რომ კარგად შეიწოვოს სანელებლები. დავაყაროთ, მარილი, შავი პილპილი და წავუსვათ ზეითუნის ზეთი. ვაცხობთ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 40 წუთის განმავლობაში.

გამომცხვარი 300 გრ გოგრის ფაფას ვამატებთ დაბალ ცეცხლზე მოთუშულ ხახვს, ნიორს და ჯანჯაფილს.

ასევე მავამტებთ მწიკვ მარილს, შავ პილპილს, დარიჩინს და კურკუმას გემოვნებით. მასას ვაქუცმაცებთ ბლენდერში 350 მლ რძესთან ერთად. მიღებული სითხე გადავიტანოთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაბალ ცეცხლზე წამოვადუღოთ, 10-15 წუთის განმავლობაში.

დუღილის შემდეგ მასა უფრო რბილი და გემრიელი რომ გახდეს, ვამატებთ ნაღებს, ვასხამთ ღრმა ჭურჭელში. შეგვიძლია სურვილისამებრ გავაფორმოთ. მაგალითად გვანცა აბსანძე კრემ-სუპს გოგრის მოხალული თესლის გულით რთავს.