მზარეულის მაგიდა
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი პანაკოტა, რომლის მთავარი ინგრედიენტი ნაღებია, შეგიძლიათ მოამზადოთ მარწყვით, ალუბლით, ატმით, მოცვით. მოკლედ თქვენ გემოვნებაზე და ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ახლა მარწყვის სეზონია და ჩვენ გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ პანაკოტა მარწყვით.

ინგრედიენტები:

400 გრ. მარწყვი
160 გრ. შაქარი
250 მლ. მაღალპროცენტიანი ნაღები
250 გრ. მაღალპროცენტიანი არაჟანი
2-3ს/კ ჟელატინი
5 გრ. ვანილი
1ც. ლიმონი

მომზადების წესი

2 სუფრის კოვზი ჟელატინი ჩავალბოთ ნახევარ ჭიქა ცივ წყალში. 20 წუთში ის გაღვივდება.

250 მლ. ნაღებს ვამატებთ 250 გრ. არაჟანს, 80 გრ. შაქარს, 5 გრ. ვანილს, გაღვივებული ჟელატინის ნახევარს და ასევე ნახევარი ლიმნის წვენს.

კარგად მოვურევთ, რომ გახდეს ერთგვაროვანი მასა. დავდგამთ დაბალ ცეცხლზე და შევაცხელებთ. თან უნდა მოვურიოთ. მუსი არ უნდა ადუღდეს.

მიღებულ მასას ვანაწილებთ სასურველ ფორმებში, რომელსაც შემდეგ მაცივარში ვათავსებთ 3-4 საათით. გაითვალისწინეთ, რომ ფორმაში უნდა დაამატოთ მარწყვის მუსიც.

შეგიძლიათ მხოლოდ თეთრი პანაკოტაც მოამზადოთ, რომელსაც შემდეგ ცოცხალი მარწყვის სოუსს მოასხამთ.

სანამ ნაღები გრილდება, ვამზადებთ მარწყვის მუსს. 400გრ. მარწყვს ვამატებთ 80გრ. შაქარს, ნახევარი ლიმნის წვენს და დარჩენილ ჟელატინს. ვათავსებთ დაბალ ცეცხლზე, თან ვურევთ. როგორც კი შაქარი გადნება, გადმოგვაქვს ცეცხლიდან და ვაბლენდერებთ.

მიღებულ მასას ვწურვათ და ვასხამთ უკვე გაგრილებულ ნაღების მუსზე. შეგიძლიათ შიგნით დაამატოთ დაჭრილი მარწყვიც. როგორც კი გაგრილდება, შეგიძლიათ მიირთვათ.

ნაღებისა და არაჟნის პანაკოტა ძალიან გემრიელია, როგორც მარწყვის მუსით, ასევე ცოცხალი სოუსით.

გემრიელად მიირთვით.