პოლიტიკა
აფხაზეთში ჯაშუშობისთვის დაკავებული ყოფილი პატიმრები თბილისს დახმარებას სთხოვენ
FaceBook Twitter
E-mail Print
ოთარ ჯღარკავა და ჯემიკო ოკუჯავა იმ პატიმრებს შორის არიან, რომლებიც შარშან, მარტის თვეში ენგურის ხიდზე ოს და აფხაზ პატიმრებზე თბილისმა და სოხუმმა გაცვალეს. დღეს ისინი ზუგდიდში, მძიმე პირობებში, ოჯახისგან შორს ცხოვრობენ, რადგან გალის რაიონში ვეღარ გადადიან.

მათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ შემდეგი მოთხოვნა აქვთ - საცხოვრებელი სახლით, ან სამსახურით დაკმაყოფილება. ასევე, სურთ დაზარალებულის, ან პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება. „ლაივპრესთან“ საუბარში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ისინი გამოიყენა, მერე კი გულგრილად მოეკიდა, თუ როგორ გააგრძელებდნენ ელემენტარული და აუცილებელი საჭიროებების გარეშე ცხოვრებას.

სოფელ თაგილონის მცხოვრებლები ჯაშუშობის ბრალდებით აფხაზეთში 2012 წელს დააკავეს. ერთს 11,6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მეორეს კი 13 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. თუმცა ამ სასჯელის მხოლოდ ნაწილი მოიხადეს. მათი თქმით, საკუთარი ქვეყნის გამო თავის დროზე დათანხმდნენ თავდაცვის სამინისტროს, კერძოდ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის მოადგილის, კობა თოდუას შეთავაზებას, გალის რაიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ.

ყოფილი პატიმრები დღეს მაშინდელი საქმიანობის შესახებ საუბარს არ ერიდებიან. დეტალურად ყვებიან იმ ქმედებებზე, რაც თავის დროზე განახორციელეს. დავალება იყო ასეთი - წერილობით ცნობებთან ერთად, კამერით დაეფიქსირებინათ, თუ როგორ იღებდნენ რუსი სამხედროები ქრთამს ქართველებისგან გარკვეული სახის ნებართვებისთვის. ოთარ ჯღარკავას თქმით, რუსი ოფიცრის გადმობირებაც კი შეძლეს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ორი წელი ემსახურა, ანაზღაურების სახით თვეში 1500 აშშ დოლარის სანაცვლოდ. მან გენერლის თათბირის დროს, მაგიდის ქვეშ მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება მოახერხა, საუბრის მოსმენის შესაძლებლობა კი ამ გზით თბილისს მიეცა. დღეს მას ქართველებთან თანამშრომლობისთვის პატიმრობა აქვს მისჯილი.

„ორი წელი ვემსახურეთ საქართველოს. 2016 წელს ოს ტერორისტებში გაგვცვალეს, გადმოგვიყვანეს და მიგვაგდეს. არც სამსახური, არც ბინა. ჩემი ოჯახი - სამი შვილი მყავს არასულწლოვნები, იქით იმყოფებიან იმიტომ, რომ საცხოვრებელი ფართი არ გამაჩნია. კი გამომიყვანეს ამათ, მაგრამ რომ დამირეკოს აფხაზმა, დაგიჭერ შენს შვილს, ან რომელიმე ოჯახის წევრსო, მომიწევს ისევ გალში გადასვლა. ამათ ოსების გაშვება უფრო აინტერესებდათ თუ ჩვენი, ვერ გავიგე“, - გვითხრა ოთარ ჯღარკავამ, რომელიც დღეს ზუგდიდში, ვექტორის დასახლებაში, 20 კვ. მეტრის მოცულობის ფართში ცხოვრობს, სადაც არც საპირფარეშოა და არც სააბაზანო, ეს სივრცე კი, მისივე განმარტებით, შვიდსულიანი ოჯახისთვის არასაკმარისია.

ყოფილი პატიმრის ცოლ-შვილი ზუგდიდში გადმოსვლას ვერ ახერხებს საბუთების არქონის მიზეზით. უკვე წელიწადია არ უნახავს.

ყოფილი პატიმრები თავდაცვის სამინისტროს საცხოვრებლით, ან სამსახურით უზრუნველყოფას ამ დრომდე სთხოვენ, რისი პირობაც მაშინ თანამშრომლობის სანაცვლოდ მიიღეს, თუკი დააკავებდნენ და ციხეში აღმოჩნდებოდნენ. დღეს, ოთარ ჯღარკავას თქმით, სამინისტროში ეუბნებიან, რომ ვერაფრით დაეხმარებიან, მით უფრო მათთან დასაქმებით, რადგან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა. ეს არც თავად სურს. ამბობს, რომ რაიმე სხვა სამსახური უნდა გამოუძებნონ.

იგი დღეს სოციალური დახმარებით ცხოვრობს. ბინის თაობაზე ყოფილმა მსჯავრდებულებმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართეს, თუმცა არასაკმარისი ქულების მიზეზით, მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ოთარ ჯღარკავამ 8, ჯემიკო ოკუჯავამ კი მხოლოდ ერთი ქულა მიიღო:

„ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს რომელი პარტია იყო და რომელ პარტიას ვემსახურებოდი. მე საქართველოს ვემსახურებოდი და მის საქმეს ვაკეთებდი. ჩვენ წამების მსხვერპლის სტატუსიც არ მოგვანიჭეს. სახალხო დამცველთან ვიყავი და მოვუყევი. მითხრა, გეკუთვნითო სტატუსი. მოგვცემენ მეთქი ვკითხე და პრეცედენტი არ ყოფილა ჯერ ასეთი და არაო“, - აღნიშნა ოთარ ჯღარკავამ.

ყოფილი პატიმრები ამბობენ, რომ თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობისთვის, შეთავაზების მიუხედავად თანხა არსდროს აუღიათ, რადგან საკუთარი შემოსავალი ისედაც ჰქონდათ. განმარტავენ - ფული ამ საქმეში მათთვის მოტივაცია არ ყოფილა, არამედ მხოლოდ სამშობლოს დახმარების უანგარო სურვილი ამოძრავებდათ.

ოთარ ჯღარკავას თქმით, აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის უშიშროების იზოლატორში ექვსი თვის განმავლობაში არაადამიანური მოპყრობის ატანა უწევდათ. ელექტროშოკით წამება, წყალში დახრჩობით მანიპულირება, ჩამოკიდება თოკებით, ბოლოს კი აღიარების იძულებისთვის გაუპატიურებით დაშინება. საბოლოოდ დაკავებულებმა საკუთარი ქმედებების შესახებ აფხაზურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდეს.

„ვუთხარი, თუ ასეა სიტუაცია, ყველა ქაღალდს მოვაწერ ხელს მეთქი და მოვაწერე. არავინ არ თქვას, რომ ვერ ვაღიარებ, არ ვაღიარებ. მტრის ხელში რომ მოხვდები, აღიარებ“, - იხსენებს ოთარ ჯღარკავა.

მისივე თქმით, ვიდრე პატიმრობაში იმყოფებოდა, მისი ოჯახის წევრებს დევნილის სტატუსიც შეუჩერეს, რადგან თავად რეგისტრაციის გავლა ვერ შეძლო, გათავისუფლების შემდეგ კი აღიდგინა.

რაც შეეხება ჯემიკო ოკუჯავას, ის ქირით კომბინატის დასახლებაში ცხოვრობს შვილებთან ერთად. დედა ამჟამადაც სოფელ თაგილონშია და მათ რძის, თუ სხვა პროდუქტებით ეხმარება. შემოსავლის წყარო მხოლოდ დევნილის დახმარება და უფროსი შვილის 300-ლარიანი ხელფასია. მოთხოვნები თავდაცვის სამინისტროს მხრიდან იგივეა, რაც ოთარ ჯღარკავას შემთხვევაში.

მათ წერილები გაგზავნილი აქვთ მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი სესიაშვილისთვის, თუმცა პასუხები ჯერ არ მიუღიათ.

არც შარშან, დეკემბრის თვეში თავდაცვის სამინისტროსთვის მიწერილ მოთხოვნაზე ყოფილა რეაგირება ამ დრომდე.

„ერთი რაღაც დამრჩა - გადავალ, ბოდიშს ვეტყვი აფხაზებს, დავხევ საქართველოს პასპორტს. დარჩენილი მაქვს ექვსი წელი, მოვიხდი, გამოვალ და ვიცხოვრებ ჩემს ოჯახთან ერთად“, - ამბობს ოთარ ჯღარკავა.

თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში „ლაივპრესს“ დაუდასტურეს, რომ ისინი ინფორმირებული არიან ყოფილი პატიმრების მოთხოვნებთან დაკავშირებით და ამ კუთხით აქტიური მუშაობაც მიმდინარეობს.

„ბინის და კიდევ სხვა მიმართულებით ჩვენი შესაბამისი სამსახური მუშაობს, რომ მათი დაკმაყოფილება მოხდეს. მათი მოთხოვნები რაც არის, აუცილებლად დაკმაყოფილდება“, - გვითხრეს სამინისტროში.

განგვიმარტეს ისიც, რომ უწყებას ვალდებულებები აქვს ასევე სამხედროების მიმართაც საცხოვრებელი ფართების თვალსაზრისით, რომლის აღსრულებაც 2013 წლიდან დაიწყო. ამ დროისთვის, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 950 მათგანზე ბინები უკვე გაიცა.

ენგურის ხიდთან და ერგნეთთან ქართულმა, აფხაზურმა და ოსურმა მხარეებმა პატიმრები 2016 წლის 10 მარტს გაცვალეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, პატიმრების გათავისუფლება აფხაზეთის და სამხრეთი ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან პირდაპირი მოლპარაკების და შეთანხმების შედეგად მოხდა. ქართულ მხარეს გადმოეცა აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ტერიტორიაზე ბოლო 6-7 წლის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 13 მოქალაქე, 8 აფხაზური, 5 ოსური მხრიდან. სანაცვლოდ ცხინვალს 4 პირი გადასცეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
თუ ადამიანებს არ მოუნდებათ გაერთიანება, ამას მათ ვერავინ აიძულებს.
თუ მოუნდებათ, ვერავინ აუკრძალავს.
17:23 / 16.04.2019
თუ ადამიანებს არ მოუნდებათ გაერთიანება, ამას მათ ვერავინ აიძულებს. თუ მოუნდებათ, ვერავინ აუკრძალავს.
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადება უკვე აქტიურ
ფაზაშია.
18:53 / 04.04.2019
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის მზადება უკვე აქტიურ ფაზაშია.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში რელიგიური ორგანიზაციის წევრობის მიზეზით
სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის
23:51 / 20.04.2018
ბოლო ერთი წლის განმავლობაში რელიგიური ორგანიზაციის წევრობის მიზეზით სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის
გამოკითხვა
ვის აირჩევ ზუგდიდის მერად?
ვიდეო
ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში დღეს ანიმაციური
ბავშვების საყვარელი გაკვეთილი ახალსოფლის სკოლაში [ვიდეო/ფოტო]
ანჟელა ჩუბინიძე ახალსოფლის სკოლაში ხელოვნებას ასწავლის.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქცია ივნისში დასრულდება [ვიდეო]
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 3000 ძირი დეკორატიული მცენარე
მავთულხლართებით გაყოფილი ჭირისუფლები [ვიდეო]
ამ სოფელში და ამ ადამიანთან ერთად გავატარე მთელი ბავშვობა,
დანგრეული გზები ზუგდიდში [ვიდეო]
ზუგდიდში გზების ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.
ფოტო
წვიმას გაქცეული თავშესაფრის მაძიებლები [ფოტო]
მიუსაფარი ძაღლების ბრძოლა არსებობისთვის,
გუბეები ზუგდიდის პარკებსა და სკვერებში [ფოტო]
წვიმიან ამინდში ქალაქ ზუგდიდის პარკებსა თუ სკვერებში გასეირნება
რას ჰყვებიან კედლები [ფოტო]
ზუგდიდში, კორპუსების კედლებზე, დადიანების ეზოში და სკეიტ პარკში
აუტისტური სპექსტრის აშლილობის მქონე გიგის პერსონალური გამოფენა [ფოტო]
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებსაც აქვთ
მესტიელი გიდი, რომელიც ამბებს ფოტოებით ყვება [ფოტო]
სოფელი ადიში ისეთია, ერთხელ თუ ადამიანმა ნახა, მისი
მზარეულის მაგიდა
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
ფარჯიანების კუბდარი [ვიდეო/ფოტო]
კუბდარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სვანური კერძია,
მეგრული ხაჭაპურის მომზადების ტრადიცია [ვიდეო]
მეგრულ ხაჭაპურს წინაპრები ჯარგვალში, შუაცეცხლზე