რეკლამა
გიორგი შენგელია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ, „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შეხვედრის მიზანი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შედგენაა. გეგმის შემუშავება კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით განხორციელდება.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას რეგიონში. უზრუნველვყოთ ხელსაყრელი პირობების შექმნა ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თანამონაწილეობისა და საზოგადოების ცხოვრების დონის ასამაღლებლად. თქვენი როლი კი ამ საქმეში უმნიშვნელოვანესია. გვინდა მაქსიმალური ჩართულობა ყველა სექტორიდან, რათა თქვენი იდეების გაზიარებით, შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც დაგვეხმარება ინვესტიციების მოზიდვაში. ერთ-ერთი პრიორიტეტი ტურიზმის განვითარება იქნება“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების თქმით, ახალი ინიციატივა მისასალმებელია და ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის სწორად წარმართვას.

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ევროკავშირის ინიციატივაა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2017 წელს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი კი 2018 წლის ივნისს შეუერთდა. ინიციატივა ხორციელდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და მოიცავს 6 ქვეყანას - აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.

ინიციატივის მიზანია, მერებისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა ადგილობრივ დონეზე, რათა მათ აქტიურად შეუწყონ ხელი ეკონომიკურ განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში საჯარო სექტორთან ერთად, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლები არიან. სამუშაო ჯგუფს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია ხელმძღვანელობს.

შეხვედრები სხვადასხვა სექტორთან გაგრძელდება.