საბჭოთა რეპრესიები
დახვრეტას გადარჩენილი მამის ამბავი, გადასახლებაში დაბადებული შვილის მოგონებებში [ვიდეო]
ლავრენტი ბერიამ ჩამონათვალში ანტონ ბებიას ვინაობა საკუთარი ხელით, წითელი ფანქრით გადახაზა. შვილის თქმით, მამამ გადარჩენა ბერიასთან შესაძლო ნათესაური კავშირით ახსნა. ასე დაიბადა ხელმეორედ, თუმცა გადასახლებას მაინც ვერ ასცდა.

შავ-თეთრი ფოტოებიდან ახალგაზრდა, მაღალი მამაკაცი იმზირება. ზოგან სახის გამომეტყველება ცოტა მკაცრი აქვს. ზოგან კი რბილი და დამყოლი. ეს ერთი და იგივე ადამიანია, ოღონდ სხვადასხვა დროსა და განზომილებაში - საბჭოთა რეპრესიამდე და მის შემდეგ. ვიაჩესლავ ბებია თითებს სურათიდან სურათზე გადაატარებს და მამაჩემიაო, გვაცნობს, ანტონ კონსტანტინეს ძე ბებია. ისტორია, რომელზეც გვიყვება, შესაძლოა თქვათ, რომ სადღაც მოგისმენიათ, ან ცალკეულ ეპიზოდებს გაგონებთ ფილმიდან. მაგრამ ეს რეალური ადამიანის ცხოვრებაა, ისეთივე ნამდვილი, როგორიც არაერთი სხვა, რეპრესიებს შეწირული შთამომავალების მონათხრობი.

ანტონ ბებია 1937 წელს დააკავეს, პროკურორად დანიშვნიდან მალევე. მაშინ ის 25-26 წლის იყო. სადილად მიმავალს გზაზე "ჩორნაია ვარონა" ჩამოუდგა და ისე, რომ მიზეზები არავის განუმარტავს, სასიკვდილო საკანში მოათავსეს, სადაც ექვსი თვე დაჰყო. მხოლოდ წლების შემდეგ დაასკვნა - როგორც ჩანს, ვიღაც თანამდებობაზე მისმა დანიშვნამ გააღიზიანა.

ჩეკისტებმა არაერთგზის დაკითხეს, თუმცა ოფიციალური, ორი მუხლით წარდგენილი ბრალის შესახებ მხოლოდ მოგვიანებით შეიტყო, - გვიყვება შვილი და აღნიშნავს, რომ დაკავებულს საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მიზნით აგიტაციის ან პროპაგანდის წარმოებას ედავებოდნენ. ასევე, ორგანიზებულ ქმედებას, დანაშაულის მომზადება-განხორციელებისთვის.

ანტონ ბებია უდანაშაულო იყო, თუმცა ბრალი წამების შედეგად იძულებით აღიარებინეს, - ამბობს შვილი და მამის მონაყოლს იხსენებს: ვერავინ გაუძლებდა, დღე-ღამე ძილის სამშუალებას არ აძლევდნენ. მზად იყო ხელი ნებისმიერი შინაარსის ფურცლისთვის მოეწერა, მათ შორის არარსებული მკვლელობის აღიარების დოკუმენტზე, თუკი საჭირო გახდებოდა. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა.

"საკანში თორმეტნი ისხდნენ. ყოველ ღამით, 12 საათი რომ შესრულდებოდა, პატიმრები ორ-ორად გაჰყავდათ დასახვრეტად. ბოლოს მამა და ერთი კაცი შემორჩენილან. გასაღების ხმაზე გულმა გამალებით დაუწყოთ ცემა. ფურცლიდან მისი თანამესაკნის გვარი ამოიკითხეს. ის წამოდგა და ინერციით თავადაც მიჰყვა. მაშინ შეიტყო, რომ ლავრენტი ბერიამ ჩამონათვალში ანტონ ბებიას ვინაობა საკუთარი ხელით, წითელი ფანქრით გადახაზა. შვილის თქმით, მამამ გადარჩენა ბერიასთან შესაძლო ნათესაური კავშირით ახსნა. ასე დაიბადა ხელმეორედ, თუმცა გადასახლებას მაინც ვერ ასცდა.

კრასნოიარსკში მან ჯამში 21 წელი გაატარა. მართალია, თავდაპირველად წარდგენილი ბრალდებებისთვის 10 წელი მიესაჯა, თუმცა შემდეგ 6 წელი ქურდის მკვლელობისთვის დაუმატეს, რომელიც იმ საცხობში შეიპარა, მამას რომ ჩააბარეს. ანტონ ბებიამ სასჯელის მოხდიდან ხუთი წელი შინაპატიმრობაში გაატარა. სწორედ პურის საცხობში გაიცნო მან ვიაჩესლავის დედა.

"მამა იხსენებდა: ციხეში მის მოპირდაპირედ ასაკოვანი კაცი მჯდარა. შვილო, პური არ გადამალო, შეჭამეო - უთხრა. მე აქ დიდი ხანი ვარ და მომისმინეო. მამამ შეჭამა და მიზეზით დაინტერესდა. მერე სხვებს დააკვირდა. ნახა, რომ ერთმა ქურთუკის ქვეშ დამალა პურის ნაჭერი. მას ამისთვის ყელი გამოჭრეს. არაფრის გამო კლავდნენ. ადამიანს არაფრად აგდებდნენ. ერთხელ მწვადზე დამპატიჟესო. მიცვალებულს მოაჭრეს თურმე ხორცის ნაწილი და კარგი მწვადიაო. თავად არ უჭამია. მაგრამ ვირთხებს კი ჭამდა. აქ ვირთხებსაც მორიგეობით იჭერდნენ და ჭამდნენ", - გვიყვება რეპრესირებულის შვილი.

თითქმის უფერო, ცხელი წყალი ჩაით და ერთი ნაჭერი შავი პური - სულ ეს იყო მისი ულუფა. ცდილობდა ამ მწირი საკვების დილამდე შენახვას, რადგან უთენია სამუშაოდ ტყის საჭრელად უნდა წასულიყო თოვლსა და 40-50 გრადუსიან ყინვაში. მდინარე ენისეიზე ყინული რომ მოძრაობას იწყებდა, საშინელ ხმებს გამოსცემდა. ეს ხმები შვილის მეხსიერებასაც შემორჩა.

ვიაჩესლავი იხსენებს ხის პატარა სახლს, სადაც ოჯახი ცხოვრობდა. მართალია 4 წლის იყო მაშინ, თუმცა კარგად ახსოვს, დნობისას წყალი დიდდებოდა და თითქმის სახლამდე აღწევდა. აქ უმეტესად გერმანელი ტყვეები ხვდებოდათ. იყვნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები - ექიმები, მეცნიერები, მხატვრები, რომლებიც ხშირად არაყს სვამდნენ. დასახლებას გარშემო ტყე ეკრა, ვერსად გაიქცეოდიო, ამბობს.

სანამ სტალინი ცოცხალი იყო, ყველას ეშინოდა რეაბილიტაციის მოთხოვნით წერილის შედგენის. ეგონათ ხელახლა მიუსჯიდნენ პატიმრობას. მისი გარდაცვალების შემდეგ კი აქტიურად დაიწყეს დაწერა. მამამაც გააგზავნა:

"პასუხად მიიღო, რომ მოხდა შეცდომა. ბოდიში მოიხადეს, პარტიული ბილეთი დაუბრუნეს, გაათავისუფლეს და სახლში გამოუშვეს".

გადასახლებაში გატარებული 21 წლის შემდეგ, ანტონ ბებია ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. ზუგდიდში თავდაპირველად თანაკლასელ შურა ბოკუჩავასთან ორი წელი იცხოვრა, რადგან აქ სახლი არ ჰქონდათ. სწორედ ეს ქალი უგზავნიდა კრასნოიარსკში საკვებ პროდუქტებს. რომ არა შურა, ვერ გადავრჩებოდიო.

გადასახლებიდან დაბრუნებული ტყის სახერხის ხელმძღვანელად დანიშნეს. შემდეგ მაღაზიის დირექტორად. სახლში სტუმრები ხშირად აკითხავდნენ. ყველას აინტერესებდა მისი ამბები. რამდენჯერაც არ უნდა მოეყოლა, სტალინის ხსენების ეშინოდა, მუდმივად გვერდზე იხედებოდა.

მამა მალევე დაავადდა. დაბრუნებიდან მეექვსე წელს კიბოთი გარდაიცვალა, თუმცა ვიაჩესლავის თქმით, მისი ჯანმრთელობა ჯერ კიდევ გადასახლების წლებში შეირყა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვიაჩესლავ ბებიას რეპრესირებულის სტატუსი მიენიჭა. მოითხოვა კომპენსაციაც - 10 ათასი ლარი, თუმცა მხოლოდ ათასი მისცეს. ჩვენი ქვეყანა ღარიბია და ამიტომო, - მიიღო პასუხად.