საბჭოთა რეპრესიები
სიმართლე, რომელიც ოჯახმა ნახევარი საუკუნის შემდეგ შეიტყო - რეპრესირებულის სიკვდილის შეცვლილი ქრონიკა
FaceBook Twitter
E-mail Print
დავით მხეიძე, რომელსაც სამეგრელოში ჯვებე მხეციათაც იცნობდნენ, ერთ-ერთია, ვინც ახალგაზრდა ასაკშივე გაითქვა სახელი, როგორც საბჭოთა რეპრესიულ პოლიტიკასთან მებრძოლმა. მართალია მასზე ბევრი არც შთამომავლებმა იციან, თუმცა კაგებეს არქივში დაცულმა ინფორმაციამ, ცხადი გახადა რეჟიმს შეწირული ადამიანის ისტორია.

სიმართლე მხოლოდ 54 წლის შემდეგ გამჟღავნდა. ზეპირად გადმოცემული ამბავი, თითქოს გადასახლებაში გარდაიცვალა, თბილისში დახვრეტით შეიცვალა. ახლა ბაბუაზე მისი სეხნია შვილიშვილი, დავით მხეიძე გვიყვება. ხელში 1991 წელს, არქივიდან მამის მოტანილი საქმე უჭირავს. ერთ-ერთ ფურცელზე უფროსი დავით მხეიძის თითის ანაბეჭდებია, რომელიც დაკითხვისას აუღეს.

როგორ აღმოჩნდა 22 წლის ბიჭი სამეგრელოში 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი თანამონაწილე, ამაზე შვილიშვილი ვარაუდებით საუბრობს. ჩემი ავლადიდებააო, წითელყდიანი საქაღალდიდან ორი ფოტო ამოაქვს. სულ ეს არის, რაც ბაბუისგან შემორჩა.

"იყო ვინმე როტმისტრი დავით მხეიძე, რომელიც აჯანყების დროს სამეგრელოს ზონას კურირებდა. 22 წლის ბაბუაჩემი ვერ დარჩებოდა გულგრილი ამ პროცესების მიმართ. ალბათ ახლო კავშირში იყო თავისი ახლო ნათესავის, დავით მხეიძისგან. ვარაუდებს გამოვთქვამ", - გვიყვება შვილიშვილი.

უფროსი დავითი ხობის სოფელ ხორგაში ცხოვრობდა და კომუნისტურ პარტიაში თავის გადარჩენის მიზნით, აჯანყებამდე შევიდა, თუ მის შემდეგ, შვილიშვილმა დაზუსტებით არ იცის.

უმცროსი დავითისთვის ცნობილია, რომ აჯანყების შემდეგ ბაბუამ საცხოვრებელი ადგილი შეიცვლა და მუშაობა მცხეთის ტყის საამქროში, მთავარ მექანიკოსად დაიწყო. შეურთავს ცოლი და ერთი შეხედვით თითქოს მშვიდად ცხოვრობდა. მოულოდნელად მოჩვენებითი იდილია - 1937 წელს საამქროში, თითქოს საგანგებოდ გაჩენილმა ხანძარმა შეცვალა. დაუჭერიათ ყველა, მათ შორის დავით მხეიძეც. შეიკრა ბრალიც - იტალიურ დაზვერვასთან თანამშრომლობა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და დივერსიულ ქმედებებში მონაწილეობა.

"ხალხის მტერი კი არ იყო ბაბუა, მაგრამ ამ წყობილების მტერი რომ იქნებოდა 1902 წელს დაბადებული თავადიშვილი მეგრელი, რა თქმა უნდა. მათ ტაშს არ დაუკრავდა. თავადაზნაურობის ნულ პროცენტამდე უნდოდათ დაყვანა. თან ქართველი იყო. ყველა მიზეზი ერთად აიკინძა და აბსურდის საქმეც გამოვიდა", - ამბობს დავით მხეიძე.

ორი თვის მანძილზე 27-ჯერ დაუკითხავთ. დაკითხვა ერქვა, თორემ სასტიკად აწამებდნენო. ბოლოს თურმე ვეღარ გაუძლო და აღიარებითი ჩვენება მისცა, სადაც თქვა, რომ ელექტროგაყვანილობისთვის გამოუსადეგარ სადენებს იყენებდნენ, რის გამოც საამქრო მწყობრიდან გამოვიდა, - გვიყვება შვილიშვილი. ამის შემდეგ დავით მხეიძისთვის საქმის სხვა თანამონაწილეთა დასმენა მოუთხოვიათ, რაზეც პასუხად უარი უთქვამს.

"მეტი არაფერი მაქვს დასამატებელი, თქვენთვის საჭირო ჩვენება უკვე მოგეცით, სხვა ყველაფერი ჩემთვის სულერთიაო. ჩემგან საკმარისია, მეტჯერ ნუღარ დამისვამთ სულელურ კითხვებსო", - ჩაგვიკითხა საქმის ამონარიდი უმცროსმა დავით მხეიძემ და დაამატა - მეამაყება ეს სიტყვებიო.

ბოლო დაკითხვის შემდეგ საქმე ენკავედეს გადასცეს. კობულოვმა, კარხმაზიანმა და ჟუკოვმა დაუყოვნებლივ განიხილეს და განაჩენიც დადგა - დახვრეტა ქონების კონფისკაციასთან ერთად.

"ეს რომ წავიკითხე, ერთგვარად შვება ვიგრძენი. იცით რატომ? მთელი ბავშვობა მესმოდა, რომ ბაბუაჩემი გადასახლებაში დაიღუპა. შვება მომგვარა იმან, რომ თბილისის ახლო-მახლოსაა, რუსთავის გზის მიდამოებში. სადაც ხვრეტდნენ მაშინ. მისი საფლავი არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ქართული მიწა აყრია".

35 წლის კაცი გამოასალმეს სიცოცხლეს და სულ იმას ვფიქრობ, რა განცდები ექნებოდა იმ დროს, - ამბობს შვილიშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ უფროს დავით მხეიძეს აჯანყებასთან კავშირი არ აპატია.

საქაღალდეში ბაბუის მამის, გრიგოლ მხეიძის განცხადებაც დევს, ლავრენტი ბერიას სახელზე დაწერილი. ის მარჩენალი შვილის, დავით მხეიძის საქმის გადასინჯვას ითხოვდა, რომელიც ოჯახისთვის თითქოს ციხეში იჯდა. ამავე საქმეში აღმოჩნდა ყალბი ფურცელი, რომ თითქოს პატიმარი გადასახლებაში 1942 წლის 7 თებერვალს გარდაიცვალა. თუმცა ეს ცნობა ოჯახს მაშინ არ მიუღია.

ოჯახმა არც იმ ადამიანთა ვინაობა იცის, ვინც რეპრესირებული დავით მხეიძე დაასმინა. მამია ალასანიას შეგნებულად არ უჩვენებია მამისთვის დოკუმენტი, იქნებ მათ შორის ვინმე ახლობელიც იყოს და გაბოროტდებიო, - იხსენებს მამის მონაყოლს უმცროსი დავითი.

"ბებიამ, როცა მამა სტუდენტი იყო, უთხრა, აბაშაში ჩადი, იქ შენი ალალი მამიდა არისო. შუაღამისას დაადგა თავზე. როცა კარები გააღო, ლოყაზე ხელი შემოურტყამს და ჯვებეო მიუმართავს, ისე ჰგავდა ბაბუას", - ამბობს შვილიშვილი.

რუსთავის გზატკეცილზე დღეს საბჭოთა რეპრესიებს შეწირულთა ხსოვნის მემორიალი დგას. საერთოა ეს დაფა, ისევე როგორც დახვრეტილთათვის საფლავად დიდი ორმო.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოგზავნილ ბარათებს
18:47 / 21.08.2019
სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოგზავნილ ბარათებს
სად იყო ყველაზე ძლიერი საპროტესტო გამოსვლები 1924 წელს,
10:58 / 20.08.2019
სად იყო ყველაზე ძლიერი საპროტესტო გამოსვლები 1924 წელს,
ზუგდიდის სოფელ კოკში, ორსაუკუნოვანი ხის სახლი ერთადერთია,
20:14 / 25.07.2019
ზუგდიდის სოფელ კოკში, ორსაუკუნოვანი ხის სახლი ერთადერთია,
გასაბჭოებული საქართველო და ბრძოლა თავსმოხვეული რეჟიმის წინააღმდეგ.
16:38 / 22.07.2019
გასაბჭოებული საქართველო და ბრძოლა თავსმოხვეული რეჟიმის წინააღმდეგ.
ვიდეო
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
27 წლის თვითნასწავლი ოსტატი ურთიდან [ვიდეო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში
კოსმოსში გაფრენაზე მეოცნებე პლანეტების მოყვარული 9 წლის ბიჭი [ვიდეო]
კოსმოსი, პლანეტები, გალაქტიკა, უჩვეულო ღრუბელი
ვლაქერნობა ზუგდიდში [ვიდეო]
ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში ტრადიციულად მსვლელობით დაიწყო.
ფოტო
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მესტიელი გიდი ტურისტებს ქორულდის ტბებზე ეპატიჟება [ფოტო]
სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის „გაატარე ზაფხული
იდლიანი - სოფელი სვანეთში [ფოტო]
იდლიანი 150-კომლიანი თემია მესტიის მუნიციპალიტეტში.
გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების ემოციები [ფოტო]
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო.
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.