საბჭოთა რეპრესიები
სიმართლე, რომელიც ოჯახმა ნახევარი საუკუნის შემდეგ შეიტყო - რეპრესირებულის სიკვდილის შეცვლილი ქრონიკა
დავით მხეიძე, რომელსაც სამეგრელოში ჯვებე მხეციათაც იცნობდნენ, ერთ-ერთია, ვინც ახალგაზრდა ასაკშივე გაითქვა სახელი, როგორც საბჭოთა რეპრესიულ პოლიტიკასთან მებრძოლმა. მართალია მასზე ბევრი არც შთამომავლებმა იციან, თუმცა კაგებეს არქივში დაცულმა ინფორმაციამ, ცხადი გახადა რეჟიმს შეწირული ადამიანის ისტორია.

სიმართლე მხოლოდ 54 წლის შემდეგ გამჟღავნდა. ზეპირად გადმოცემული ამბავი, თითქოს გადასახლებაში გარდაიცვალა, თბილისში დახვრეტით შეიცვალა. ახლა ბაბუაზე მისი სეხნია შვილიშვილი, დავით მხეიძე გვიყვება. ხელში 1991 წელს, არქივიდან მამის მოტანილი საქმე უჭირავს. ერთ-ერთ ფურცელზე უფროსი დავით მხეიძის თითის ანაბეჭდებია, რომელიც დაკითხვისას აუღეს.

როგორ აღმოჩნდა 22 წლის ბიჭი სამეგრელოში 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი თანამონაწილე, ამაზე შვილიშვილი ვარაუდებით საუბრობს. ჩემი ავლადიდებააო, წითელყდიანი საქაღალდიდან ორი ფოტო ამოაქვს. სულ ეს არის, რაც ბაბუისგან შემორჩა.

"იყო ვინმე როტმისტრი დავით მხეიძე, რომელიც აჯანყების დროს სამეგრელოს ზონას კურირებდა. 22 წლის ბაბუაჩემი ვერ დარჩებოდა გულგრილი ამ პროცესების მიმართ. ალბათ ახლო კავშირში იყო თავისი ახლო ნათესავის, დავით მხეიძისგან. ვარაუდებს გამოვთქვამ", - გვიყვება შვილიშვილი.

უფროსი დავითი ხობის სოფელ ხორგაში ცხოვრობდა და კომუნისტურ პარტიაში თავის გადარჩენის მიზნით, აჯანყებამდე შევიდა, თუ მის შემდეგ, შვილიშვილმა დაზუსტებით არ იცის.

უმცროსი დავითისთვის ცნობილია, რომ აჯანყების შემდეგ ბაბუამ საცხოვრებელი ადგილი შეიცვლა და მუშაობა მცხეთის ტყის საამქროში, მთავარ მექანიკოსად დაიწყო. შეურთავს ცოლი და ერთი შეხედვით თითქოს მშვიდად ცხოვრობდა. მოულოდნელად მოჩვენებითი იდილია - 1937 წელს საამქროში, თითქოს საგანგებოდ გაჩენილმა ხანძარმა შეცვალა. დაუჭერიათ ყველა, მათ შორის დავით მხეიძეც. შეიკრა ბრალიც - იტალიურ დაზვერვასთან თანამშრომლობა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და დივერსიულ ქმედებებში მონაწილეობა.

"ხალხის მტერი კი არ იყო ბაბუა, მაგრამ ამ წყობილების მტერი რომ იქნებოდა 1902 წელს დაბადებული თავადიშვილი მეგრელი, რა თქმა უნდა. მათ ტაშს არ დაუკრავდა. თავადაზნაურობის ნულ პროცენტამდე უნდოდათ დაყვანა. თან ქართველი იყო. ყველა მიზეზი ერთად აიკინძა და აბსურდის საქმეც გამოვიდა", - ამბობს დავით მხეიძე.

ორი თვის მანძილზე 27-ჯერ დაუკითხავთ. დაკითხვა ერქვა, თორემ სასტიკად აწამებდნენო. ბოლოს თურმე ვეღარ გაუძლო და აღიარებითი ჩვენება მისცა, სადაც თქვა, რომ ელექტროგაყვანილობისთვის გამოუსადეგარ სადენებს იყენებდნენ, რის გამოც საამქრო მწყობრიდან გამოვიდა, - გვიყვება შვილიშვილი. ამის შემდეგ დავით მხეიძისთვის საქმის სხვა თანამონაწილეთა დასმენა მოუთხოვიათ, რაზეც პასუხად უარი უთქვამს.

"მეტი არაფერი მაქვს დასამატებელი, თქვენთვის საჭირო ჩვენება უკვე მოგეცით, სხვა ყველაფერი ჩემთვის სულერთიაო. ჩემგან საკმარისია, მეტჯერ ნუღარ დამისვამთ სულელურ კითხვებსო", - ჩაგვიკითხა საქმის ამონარიდი უმცროსმა დავით მხეიძემ და დაამატა - მეამაყება ეს სიტყვებიო.

ბოლო დაკითხვის შემდეგ საქმე ენკავედეს გადასცეს. კობულოვმა, კარხმაზიანმა და ჟუკოვმა დაუყოვნებლივ განიხილეს და განაჩენიც დადგა - დახვრეტა ქონების კონფისკაციასთან ერთად.

"ეს რომ წავიკითხე, ერთგვარად შვება ვიგრძენი. იცით რატომ? მთელი ბავშვობა მესმოდა, რომ ბაბუაჩემი გადასახლებაში დაიღუპა. შვება მომგვარა იმან, რომ თბილისის ახლო-მახლოსაა, რუსთავის გზის მიდამოებში. სადაც ხვრეტდნენ მაშინ. მისი საფლავი არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ქართული მიწა აყრია".

35 წლის კაცი გამოასალმეს სიცოცხლეს და სულ იმას ვფიქრობ, რა განცდები ექნებოდა იმ დროს, - ამბობს შვილიშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ უფროს დავით მხეიძეს აჯანყებასთან კავშირი არ აპატია.

საქაღალდეში ბაბუის მამის, გრიგოლ მხეიძის განცხადებაც დევს, ლავრენტი ბერიას სახელზე დაწერილი. ის მარჩენალი შვილის, დავით მხეიძის საქმის გადასინჯვას ითხოვდა, რომელიც ოჯახისთვის თითქოს ციხეში იჯდა. ამავე საქმეში აღმოჩნდა ყალბი ფურცელი, რომ თითქოს პატიმარი გადასახლებაში 1942 წლის 7 თებერვალს გარდაიცვალა. თუმცა ეს ცნობა ოჯახს მაშინ არ მიუღია.

ოჯახმა არც იმ ადამიანთა ვინაობა იცის, ვინც რეპრესირებული დავით მხეიძე დაასმინა. მამია ალასანიას შეგნებულად არ უჩვენებია მამისთვის დოკუმენტი, იქნებ მათ შორის ვინმე ახლობელიც იყოს და გაბოროტდებიო, - იხსენებს მამის მონაყოლს უმცროსი დავითი.

"ბებიამ, როცა მამა სტუდენტი იყო, უთხრა, აბაშაში ჩადი, იქ შენი ალალი მამიდა არისო. შუაღამისას დაადგა თავზე. როცა კარები გააღო, ლოყაზე ხელი შემოურტყამს და ჯვებეო მიუმართავს, ისე ჰგავდა ბაბუას", - ამბობს შვილიშვილი.

რუსთავის გზატკეცილზე დღეს საბჭოთა რეპრესიებს შეწირულთა ხსოვნის მემორიალი დგას. საერთოა ეს დაფა, ისევე როგორც დახვრეტილთათვის საფლავად დიდი ორმო.