საბჭოთა რეპრესიები
საბჭოთა რეჟიმის დაშორებული ოჯახი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
საბჭოთა რეპრესიების მორიგი მსხვერპლი, ვისზეც ამჯერად უნდა გიამბოთ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ გარახას მკვიდრი კლიმენტ მამფორია და მისი ცოლი ვალენტინა ბებიაა. საბჭოთა ხელისუფლებამ კლიმენტ მამფორია ორჯერ გადაასახლა ციმბირში, უმძიმეს პირობებში და ორივეჯერ გადაურჩა სიკვდილს, თუმცა რეპრესიებმა ოჯახი სამუდამოდ დააშორა.

ბებია-ბაბუის ნაამბობს დღესაც განიცდის და ემოციების გარეშე ვერ ყვება რეპრესირებულის შვილიშვილი, ლევან მამფორია. 41 წლის მამაკაცი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირი არ არსებობს, თუმცა სასტიკია რუსეთის პოლიტიკა დღესაც. ამიტომაც, ეს თემა მისთვის მოუშუშებელ ტკივილად იქცა.

კლიმენტ მამფორია 25 წლის სტუდენტი იყო, 1938 წელს პირველად რომ დააპატიმრეს. ჩხოროწყუში პედაგოგიურ ტექნიკუმში სწავლობდა. ახალგაზრდა მამაკაცი აღშფოთებული იყო იმით, რაც მის ირგვლივ ხდებოდა - კომუნისტების მიერ შეძლებული გლეხების გაღარიბებით, მათთვის მიწების და პირუტყვის წართმევით.

„ბაბუაჩემს უთქვამს, ეს ბოლშევიკები ყაჩაღები ყოფილან, რა უქნეს ხალხსო... სადაც ეს ითქვა, იქ იყო დაახლოებით 5 სტუდენტი. ერთ-ერთმა ჩეკაში მიიტანა ამბავი. აი სწორედ მაშინ დააპატიმრეს პირველად“, - სტუდენტმა მეგობრებთან ნათქვამი ამ აზრის გამო 3 წელი მოიხადა ციმბირში, უმძიმეს პირობებში, გათავისუფლების შემდეგაც კი, საბჭოთა ხელისუფლება საკუთარ ოჯახში დაბრუნებას უკრძალავდა.

კლიმენტ მამფორიას შვილიშვილი, ლევან მამფორია

ცოტა ხანში თითქოს ცხოვრების უფლება მისცესო - 1946 წელს დაოჯახდა. ორ წელიწადში ვაჟი ეყოლა. ახალგაზრდა მამაკაცს განათლების სურვილი გადასახლებისას არ დაკარგვია. პირიქით, რუსულის ცოდნა განამტკიცა და რადგან ენას უკვე კარგად ფლობდა, უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად მომზადება დაიწყო. ჰქონდა სურვილი, რუსეთში ოჯახთან ერთად წასულიყო და განათლებაც მიეღო. გეგმა კვლავ საბჭოთა რეჟიმმა ჩაუშალა. მას ვერ აპატიეს ოდესღაც ნათქვამი განსხვავებული აზრი და ამ ფონზე უმაღლეს განათლებაზე ფიქრი.

1949 წელს, მაშინ როცა ცოლი, ვალენტინა ბებია მეორე ვაჟზე იყო ორსულად, მამფორიების ოჯახში შეჭრილმა საბჭოთა ჯარმა ყველაფერი შეცვალა, ამჯერად სამუდამოდ:

„ჩეკისტები შემოცვივდნენ სახლში, დილით ადრე გამთენიისას, კერიის ცეცხლს რომ ეძახიან, იქ იჯდა ბაბუა და წერდა საგამოცდო თემებს რუსულად. როგორც კი ჩეკისტებმა კარი შემოანგრიეს, ბაბუა ინსტიქტურად წამოხტა თურმე ფეხზე. ბებიაჩემი მიყვებოდა ამას და მახსოვს თქვა, რომ ბაბუამ ცეცხლში გადაყარა ეს ყველაფერი, აწი აღარ დამჭირდება, ისევ დამიჭირესო“, - ყვება კლიმენტ მამფორიას შთამომავალი.

აბიტურიენტი, რომელიც განათლების მისაღებად ემზადებოდა, კვლავ გადასახლებაში აღმოჩნდა, ამჯერად დახურულ ქალაქში, სადაც ოჯახისგან ცნობების მიღებაც კი ეკრძალებოდა, და სადაც ადამიანები ყოველდღიურად შიმშილისგან, ან მძიმე შრომისგან იხოცებოდნენ.

მათ ტყეში ამუშავებდნენ 18 საათი. შვილიშვილი ბაბუის მოყოლილს იხსენებს, რომ ერთ ნაჭერ პურზე ხალხი ერთმანეთს კლავდა, ამიტომ საფრთხე პატიმრებს ყველგან ელოდა.

ერთხელაც, დასუსტებული და გონწასული კლიმენტ მამფორია მიცვალებულებთან ერთად გადააგდეს. ეგონათ, ისიც დაიღუპა. სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა ერთმა მეგობარმა, რომ ჯერ კიდევ სუნთქავდა.

კლიმენტი მამფორიას შვილიშვილს ბაბუის ერთი ფოტო შემორჩა, სადაც ის ძაღლის ბეწვის ქურქით ჩანს, რამდენიმე მეგობართან ერთად. პატიმრები საკუთარი ხელით კერავდნენ ქურქს, რომ მკაცრი ზამთრისთვის გაეძლოთ:

„რამდენჯერ მკვდარი ძაღლი უნახავთ თურმე და დასწრებაზე იყოო მისი ხორცის ჭამა. თანაც ესეც კი იკრძალებოდა“, - იხსენებს ლევან მამფორია ბაბუის მოყოლილს.

მართალია გადასახლებას გადაურჩა, მაგრამ არანაკლებ მძიმე პირობებში მოუწია ცხოვრება კლიმენტი მამფორიას საქართველოში დარჩენილ ცოლ-შვილს.

იმ დილით, როცა ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ სახლში დააპატიმრეს, 22 წლის ფეხმძიმე ცოლი, ჩვილ ბავშვთან ერთად იძულებული გახდა აკვნით ხელში გაქცეულიყო ტყეში.

ფოტოზე: კლიმენტ მამფორია მარჯვნიდან მეორე. ფოტო გადაღებულია გადასახლებისას

„როცა ბაბუა მეორედ წაიყვანეს, ზამთარი იყო, იანვარ-თებერვალი. საშინელი სიცივე, წელამდე თოვლი...ბებიაჩემმა იცოდა, რომ თავადაც დაიჭერდნენ. მეუბნებოდა, მშობლიურ სახლშიც ვერ წავედიო დაჭერის შიშით. არადა თავისი სახლი იყო ახლოს, კილომეტრ-ნახევარში. როგორც კი გაიყვანეს ბაბუაშენი, სადღაც ნახევარ საათში მოცვივდნენო ეს კომკავშირლები, პარტიული აქტივისტები და ეგრევე დაიწყესო ღობის აყრა. ისმოდაო საქონლის ბღავილი. საქონელი გაიფანტაო, აქეთ-იქით. მერე დაიწყესო სახლის დაშლა. ეს არისო „სახელმწიფოს მტრის ოჯახი“ და თქვენ სახლი არ გინდათო. ერთ-ერთმა მათგანმა მითხრაო წადი, შენც გაიქეცი აქედან, თორემ მოვლენო შენს დასაჭერადაცო. აკვანს მოვკიდე ხელი და გავიქეცი ტყეშიო. ფეხმძიმე ქალმა, ზამთარში, 3 დღე გაატარა ტყეში“.

ვალენტინა ბებიამ საბოლოოდ ნათესავის სახლში ჩუმად იმშობიარა. რადგან იდევნებოდა, იძულებული გახდა შვილები მშობლებისთვის დაეტოვებინდა და დასთან ერთად სამუშაოდ გაგრაში წასულიყო. განათლებით პედაგოგმა დებმა გვარი შეიცვალეს და დაწყებითი კლასების მასწავლებლად დაიწყეს მუშაობა. ასე გავიდა 5 წელი.

„ასე იტყოდა ბებიაჩემი, სტალინი რო ჩაძაღლდაო, სტალინის სურათი სკოლიდნ ჩუმად ჩამოვხსენი და ფსოუში გადავაგდეო. სტალინის სიკვდილიდან 6 თვეში დავბრუნდი სახლშიო. პედაგოგად უკვე იქვე, მეზობელ სოფელში გააგრძელა მუშაობა. მამაჩემი ეს პერიოდი სახლში იყო და ბებია-ბაბუა და დეიდა ზრდიდა და სულ ეშინოდათ თურმე. მამაჩემს მთელი ცხოვრება ჰქონდა ფორმიანების შიში. მაშინ ჩეკისტები ცხენით დადიოდნენო და როგორც კი დავინახავდით ვიღაცა ცხენით მოდიოდაო, და როგორც კი ასეთი კაცი გამოჩნებოდა, დეიდაჩემი მომკიდებდა ხელს და ხევში ვიმალებოდით, სანამ არ ჩაივლიდაო“, - იხსენებს ბებიის მოყოლილს ლევან მამფორია.

20 წელზე მეტი ხანი დაჰყო კლიმენტ მამფორიამ პატიმრობაში, სადაც სიკვდილს არაერთხელ გადაურჩა ისევ პატიმრების დახმარებით. მან ერთ-ერთი ასეთი მეგობარი ქალი ცოლად შეირთო, რაც საქართველოში დარჩენილმა მეუღლემ არ აპატია. ბაბუასთან მხოლოდ შვილიშვილები მეგობრობდნენ.

ლევან მამფორია ამბობს, რომ ბაბუამისი ღრმად მოხუცი გარდაიცვალა სამარაში, მეორე ცოლისგან შეძენილი ქალიშვილის სახლში. იქვეა დაკრძალულიც. რაც შეეხება ვალენტინა ბებიას, ის სიკვდილის ბოლომდე ჩხოროწყუში ცხოვრობდა. გარდაიცვალა 87 წლის ასაკში.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი ილია ჩახაია
18:28 / 07.10.2020
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრი ილია ჩახაია
ნარაზენში მცხოვრები ნინა სანიკიძე ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს
წინაპრებს.
11:42 / 29.08.2020
ნარაზენში მცხოვრები ნინა სანიკიძე ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს წინაპრებს.
კორონავირუსი

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.