საბჭოთა რეპრესიები
სტალინის რეჟიმის მიერ გადასახლებული ოჯახი აბაშიდან [ვიდეო/ფოტო]
საბჭოთა რეპრესიული პოლიტიკა სხვადასხვა წლებში ათასობით ქართველს, მის შემადგენლობაში მყოფი სხვა ეროვნების ხალხებთან ერთად, ნაცნობი მეთოდით უსწორდებოდა. მიზეზი ხშირად ძალიან პრიმიტიული იყო, სასაცილოც კი. საკმარისი იყო უბრალოდ ვინმე არ მოსწონებოდათ. იფუთებოდა ადამიანთა, ოჯახების ისტორია მოგონილი ღალატით, ანტისაბჭოთა ქმედებებით. ამ ყველაფერს ვერც ლაბარტყავების ოჯახი ასცდა აბაშის სოფელ მარანში.

უკვე მოძველებულ სახლში დღეს მხოლოდ ფარნაოზ ლაბარტყავა ცხოვრობს. ათი წლის იყო, როცა მშობლებთან და ოთხ და-ძმასთან ერთად, სამუდამოდ გადასახლებამისჯილი შუა აზიისკენ გზას გაუყენეს. ფაშისტი სტალინიო, ასე მოიხსენიებს. მამა, ნესტორ ლაბარტყავა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ჯარში მსახურობდა, როცა გაიწვიეს. უბრძოლია ხუთი წელი. მერე ტყვედ ჩავარდნილა. სახლში 1946 წელს დაბრუნდა. კოლმეურნეობაში მუშაობდა და პოლიტიკური პროცესებისგან გამიჯნულად ცხოვრობდა. თუმცა საბჭოთა ხელისუფლებას მისი ტყვედ ყოფნის ამბავი "ეთაკილებოდა", გვავნებსო და ერთ შუაღამესაც ოჯახს თავს ბადრაგი დაადგა - უნდა გაგასახლოთო.

ერთ ვაგონში ათამდე ოჯახი მოათავსეს. საჰაეროდ მხოლოდ პატარა ფანჯრები ჰქონდათ. შეიარაღებული პირები გვერდიდან არ სცილდებოდნენ, ვინმეს გაქცევის სურვილი რომ არ გასჩენოდა. მაშინ, ჩვენი 78 წლის რესპოდენტის თქმით, საქართველოდან 40 ათასი ადამიანი გადაასახლეს. ამბავი, რომელზეც გვიყვება, 1951 წელს ხდება.

ფეხმძიმე დედამ მატარებლის ვაგონში, გზად იმშობიარა, სამხრეთ ყაზახსტანში, ქალაქ არისში. ახალშობილიც ქალაქის სეხნია გახდა - ბიჭს არისი დაარქვეს. რეპრესირებულები კიროვსკის რაიონის სოფელ ბაგარაში ჩაიყვანეს, სადაც მიწისგან აშენებული სახლები დახვდათ. აქ გაიცნეს სამი წლის წინ, სოხუმიდან გადასახლებული ბერძნებიც. ერთ სახლში ორი ოჯახი ცხოვრობდა. თავს ყველანი ბამბის კრეფით ირჩენდნენ. სოფელში ეს ერთადერთი მეურნეობა იყო, რომლითაც ფულის გამომუშავება შეეძლოთ. ბამბის კრეფა ბავშვებს ეხალისებოდათ. ფარნაოზი, რომელიც მეოთხე კლასის მოსწავლე იყო, სოფლის რუსულ სკოლაში მესამე კლასში დასვეს:

"იქვე ახლოს უდაბნოა. წვიმა წელიწადში ერთხელ მოდიოდა. წყალი არ იყო. სარწყავი არხები პატიმრების მიერ იყო გაკეთებული, რითაც ბამბას ვრწყავდით. 60 გრადუსამდე სიცხეში ამ წყალში ვბანაობდით. ვიყენებდით საჭმლისთვის, დასალევად. გასათბობად ბამბის ღერებს ვაგროვებდით. ძალიან ცივი ზამთარი იცოდა", - იხსენებს მარანის მცხოვრები.

მამა სწუხდა, ჩემი მიზეზით გჭირთო ეს ყველაფერი.

აკაკი ნადარეიშვილი კლარა ლაბარტყავას შვილია, ფარნაოზ ლაბარტყავას უფროსი დის, რომელიც გადასახლებამდე ქუთაისში, საფერშლო ტექნიკუმში სწავლობდა. მაშინ 16 წლის იყო, როცა ბადრაგმა ლექციიდან გამოიყვანა და მაშინდელი საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილება გააცნო. დედის მონაყოლის მიხედვით, ერთ-ერთს, რომელსაც კაპიტნის წოდება ჰქონდა, მისთვის უთქვამს, თუ შეყვარებული ჰყავდა, ხელს მოაწერინებდნენ და დატოვებდნენ. ახალგაზრდა ქალს დარჩენა არც უფიქრია. ასე აღმოჩნდა მშობლებთან და და-ძმებთან ერთად საქართველოსგან შორს.

"ბებიას მშობიარობისას გართულებები ჰქონდა. მშობიარობის შემდეგ მკერდი გაქვავებია. ბავშვისთვის რძე მიეცა, დედა მიყვებოდა, ჩირქი გამოქონდაო ერთი წლის განმავლობაში. ფაქტობრივად, დედაჩემმა შეუნარჩუნა საკუთარ დედას სიცოცხლე", - გვითხრა აკაკი ნადარეიშვილმა.

კლარა ლაბარტყავას გადასახლებაში არ უსწავლია. მთელ დროს ოჯახის წევრების მოვლას ანდომებდა, მცირეწლოვან და-ძმას ზრდიდა, კრეფდა ბამბას და თავს ასე ირჩენდნენ.

სამუდამოდ გადასახლებამისჯილებმა ცნობა იოსებ სტალინის გარდაცვალების შესახებ არაერთგვაროვნად მიიღეს. ზოგი ფიქრობდა, რომ ამ ფაქტს მათ მომავალზე ცუდი გავლენა ექნებოდა. თუმცა საპირისპირო რამ მოხდა - გაათავისუფლეს. სიხარულისგან რამდენიმე ადამიანს გულიც გასკდომია - საქართველოში ცხედრები ჩამოიტანეს.

ოჯახი სამშობლოში 1953 წლის ივნისში დაბრუნდა. მთელი სოფელი ფეხზე დაგვხვდაო, - იხსენებს ფარნაოზ ლაბარტყავა. უმცროსი ძმა არისი, რომელიც მატარებელში გაჩნდა, შუა აზიის კლიმატს ვერ შეეგუა, ავადმყოფობდა და აქ მალევე გარდაიცვალა.

ოჯახს საქონელი, რომელიც თავის დროზე ჩამოართვეს, ნამატით უკან დაუბრუნდათ. ხუთი წლის წინ მარანის მცხოვრებმა კომპენსაციად 1600 ლარიც მიიღო. სკოლის დამთავრების შემდეგ ფოთში ჰიდრომელიორაციულ ტექნიკუმში მოეწყო. ერთი წელი ზუგდიდში იმუშავა, 43 წელი კი აბაშის საგზაო სამმართველოში. დღეს მისი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა.

დღეს მარტოდ დარჩენილს შვილიშვილები აკითხავენ. ჰყავს და, რომელიც ბათუმში ცხოვრობს. უვლის ღორს და ქათმებს, ახლადგამოჩეკილ წიწილებს. გულის გადასაყოლებლად ბოსტანიც გააკეთა.

საღამოობით მეზობლები იკრიბებიან და დრო დომინოს თამაშით გაჰყავთ.