ომში დატყვევების გამო რეპრესირებული [ვიდეო]
სულ რაღაც რვა თვის ვიყავი, როცა მამა დააპატიმრესო, - გვიყვება
რეპრესირებულის შვილი
რუსიკო გამზარდია და დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოსურათს გვიჩვენებს.
ალექსანდრე გამზარდია საბჭოთა რეჟიმმა "სამშობლოს ღალატისთვის"
გაასამართლა და 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ღალატის ერთადერთი
მტკიცებულება მაშინდელი ხელისუფლებისთვის, გერმანელების ტყვეობაში
გატარებული ორი წელიწადი აღმოჩნდა.
მძიმე ისტორია აბაშის სოფელ სუჯუნაში დაბადებული ახალგაზრდა მამაკაცისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევით იწყება. ჯარიდან დაბრუნების შემდეგ, ალექსანდრე გამზარდია ცხოვრებას ფოთში განაგრძობს, სადაც დეიდები და სხვა ნათესავები ჰყავდა. ჯარში მისი ძმაც იყო გაწვეული, საიდანაც არ დაბრუნებულა.

მოვლენები მეორე მსოფლიო ომში გერმანელების წინააღმდეგ ბრძოლით და დატყვევებით გრძელდება. ტყვეთა ბანაკის ქართულ ლეგიონში ალექსანდრე გამზარდია მედროგედ განუმწესებიათ. მოგვიანებით, ჯერ სევასტოპოლის მახლობლად, შემდეგ ათენში გადაიყვანეს. იუგოსლავიაში ყოფნისას კი, 1945 წლის 9 მაისს პარტიზანებმა დააკავეს.
ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ტრიბუნალმა მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ოჯახს ქონებაც ჩამოართვეს. მოგვიანებით რეპრესირებულს სასჯელის ვადა 15 წლამდე შეუცირდა. თუ რატომ, მიზეზების შესახებ არაფერია განმარტებული უშიშროების არქივიდან შვილის მიერ გამოთხოვილ ცნობაში. იცის მხოლოდ ის, რომ მამას ბრალი არ უღიარებია.
არ უყვარდა ამ თემებზე ლაპარაკი და არ ჩავძიებივარო, ამბობს რუსიკო გამზარდია, რომელსაც ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები დარჩა და მწირი ინფორმაცია.
დედაზე, თალიკო კარტოზიაზე, რომელმაც ქირურგად 52 წელი იმუშავა, მამა გერმანელთა ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ დაქორწინებულა. დაპატიმრების დროს კი ჩვენი რესპოდენტი მხოლოდ რვა თვის იყო.

მშობელს რომ არ გაუცხოვებოდა, რუსთავის ციხეში ხშირად დაჰყავდათ. დროგამოშვებით საპატიმროში დარჩენის შესაძლებლობაც ჰქონდა. მწერალი ლევან გოთუა, მხატვრები, მასწავლებლები - რჩეული ხალხი იხდიდაო სასჯელს, იხსენებს რეპრესირებულის შვილი. თვალწინ უდგას ზურგზე ჩანთამოკიდებულ პატიმართა კოლონა, რომლებსაც მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაში იყენებდნენ.
ციხეში ალექსანდრე გამზარდიამ 8 წელი დაჰყო. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, "ამნისტიის შესახებ" ბრძანების თანახმად გაათავისუფლეს. საპატიმროს გარეთ, მამა-შვილის პირველი შეხვედრა ისეთი ემოციური თურმე არ გამოდგა, როგორსაც მოელოდა.
"მაშინ ბავშვები იყვნენ და მათ წინაშე მინდოდა, რომ ასეთი კარგი მამა.. ლამაზი, მაღალი იყო.. რაღაც არ გამოვიდა ისეთი ჩვენი შეხვედრა, თბილი.. გაუცხოვება მქონდა. მამამ ტირილი დაიწყო და სხვა ოთახში გავიდა", - იხსენებს რუსიკო გამზარდია.
თუ საბჭოთა ხელისუფლების მიერ ქონების ჩამორთმევის შემდეგ ერთი ნაქირავები ბინიდან მეორეში უხდებოდათ ცხოვრება, რეპრესირებულის გათავისუფლების შემდეგ სახლი ააშენეს. მამას ყველაფერი საკუთარი ხელებით გაუკეთებია. პარარელურად მშენებლობაზეც მუშაობდა.

ამ სახლში ალექსანდრე გამზარდიამ მხოლოდ წელიწად-ნახევარი იცხოვრა და 1966 წელს, 53 წლისა, ინფარქტით გარდაიცვალა.
შვილს მამისგან ორი ნივთი შემორჩა - ხელთნაკეთი ფანდური, წარწერით "რუსიკო", რომელიც რამდენიმე წლის წინ დაეკარგა და ციხეში ყოფნისას დამზადებული პატარა, შავი ჩემოდანი მშობლის დაწერილ ლექსთან ერთად, ხმის კანკალით, აცრემლებულმა რომ წაგვიკითხა:
"ეს საჩუქარი შვილო რუსიკო,
მუდამ ატარე მსუბუქი, მჩატე,
რომ საქმე გქონდეს ამ ჩემოდანთან,
ჩემი სურათიც შიგ შეინახე".