საბჭოთა რეპრესიები
საბჭოთა რეჟიმის მიერ დასჯილი მღვდელი სენაკიდან [ვიდეო]
სიძველისგან გაყვითლებული ფურცლები, ალაგ-ალაგ დახეული, თუმცა საგულდაგულოდ შენახული ჩანაწერები, ბოლშევიკების მიერ რეპრესირებული სენაკის წმინდა გიორგის ეკლესიის მოძღვარზე ისტორიას ინახავს.

ბადრი კალანდარიშვილი გვიყვება, რომ მისი დიდი ბაბუა, მღვდელი სიმონ ეგნატეს ძე კალანდარიშვილი დაიბადა 1861 წელს სენაკში, მღვდლის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია. 1890-იან წლებში დიაკვნად აკურთხეს, 1895 წელს კი მღვდლად და ბოლშევიკების შემოსვლამდე წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურობდა. ჰყავდა 9 შვილი.

ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების შემდეგ ეკლესიები გაძარცვეს და დაანგრიეს, მღვდლების ნაწილი კი დახვრიტეს. სიმონ კალანდარიშვილი დახვრეტას გადაურჩა, თუმცა რეპრესიას ვერა. საბჭოთა ხელისუფლებამ ის "კაგებეს" შენობაში დაიბარა. ჩეკისტების ბაბუასთან საუბრის შინაარსი მისმა შთამომავლებმა არ იციან, რადგან მას შემდეგ მხოლოდ 40 დღე იცოცხლა.

"როცა ბოლშევიკებმა ჯვარი ჩამოაგდეს, ტაძარი გაანადგურეს, შემდეგ, 1937 წლის ბოლოს დაიბარეს თბილისში მაშინდელი კაგებეს შენობაში. წავიდა ანაფორით შემოსილი, როგორც ჩვეულებრივად დადიოდა და იქიდან დაბრუნდა წვერგაპარსული და ანაფორის გარეშე. მახსოვს ბაბუა ყვებოდა, სახლში რომ შემოვიდა, ცოლმა ვერ იცნოო, რადგან წვერგაპარსული არასოდეს უნახავსო. ამის შემდეგ ლოგინად ჩაწოლილა, ზურგით შებრუნებულა კედლისკენ, არავისთვის ხმა არ გაუცია და მე-40 დღეს გარდაცვლილა", - გვიყვება ბადრი კალანდარიშვილი.

მისივე თქმით, ანტისაბჭოთა მოძრაობაში აქტიურად იყო ჩაბმული ასევე სიმონის ნათესავი მღვდელი არისტრახო კალანდარიშვილი, რომელიც 45 წლის ასაკში დახვრიტეს.

"როცა სენაკში აჯანყებულები დასახვრეტად მიჰყავდათ, მათ გამოსარჩლებია არისტრახო კალანდარიშვილი, რის გამოც ის კომუნისტებმა დახვრიტეს", - ამბობს ბადრი კალანდარიშვილი.

1924 წლის აჯანყებაში სენაკი აქტიურად მონაწილეობდა, რის გამოც 200-მდე ადამიანი დახვრიტეს, 100-მდე დააპატიმრეს.