ორგანიზაციამ „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ თბილისში დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ქსნის #15-ე დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულების ერთ-ერთი პატიმრისგან მიღებულ წერილზე ისაუბრა.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის
ხელმძღვანელის სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო სხდომაზე დღეს ბრალდების
მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები დაიკითხნენ.
პოლიციის თანამშრომელმა გელა ნაროუშვილმა სასამართლოს განუცხადა, რომ
25 მარტს ზუგდიდში, პუშკინის ქუჩაზე, მან სამსახურეობრივი საქმიანობის
შესრულებისას დაინახა როგორ აყენებდა ორი ადამიანი ერთმანეთს სიტყვიერ
და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის შემდეგაც დასახმარებლად გამოიძახა მეორე
ოპერატიული ჯგუფი. მისივე თქმით, მოჩხუბართაგან ერთ-ერთი სერგო
ჩაჩიბაია პოლიციის თანამშრომლებმა მანქანაში ჩასვეს, მეორე, ოთარ
ქეცბაია სხვა მანქანაში იქნა მოთავსებული. ნაროუშვილის ჩვენების
თანახმად, ჩაჩიბაიას ადგილზე წინააღმდეგობა არ გაუწევია. მანქანაში
ჩასხდომის შემდეგ კი დაკავებულმა პოლიციის თანამშრომელს ემზარ
მაისურაძეს სახეში დაარტყა და ქურთუკი შემოახია.
პროცესზე მოწმის სახით დაკითხულმა მაისურაძემ სასამართლოს დაუდასტურა,
რომ დაკავებულმა მას მანქანაში დაარტყა და დააზუსტა, რომ ჩაჩიბაიამ
მას პოლიციის უნიფორმის საყელო და სამხრე დაუზიანა. განსასჯელის
ადვოკატის, შალვა შავგულიძის შეკითხვაზე, თუ რატომ არ შეადგინეს
პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე ჩაჩიბაიას დაკავების ოქმი,
მაისურაძემ უპასუხა, რომ ისინი არ იცნობდნენ ინცინდენტის ადგილზე მყოფ
სხვა პირებს, რის გამოც ოქმის შედგენა ვერ მოხერხდა. მაისურაძემ
სასამართლოს განუცხადა, რომ ჩაჩიბაიას დაკავების დროს ის პოლიციის
თანამშრომელი იყო, ამჟამად კი კონსტიტუციური დეპარტამენტში
მუშაობს.
სასამართლოს ჩვენება მისცა ექსპერტმა პაატა ჯანჯღავამაც, რომელმაც
პოლიციის თანამშრომლის ქურთუკზე აღმოჩენილი დაზიანებები დაადასტურა,
თუმცა ადვოკატის შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა ექსპერტიზას ისაუბროს
აღნიშნული დაზიანებების ხანდაზმულობაზე, ექსპერტმა განაცხადა, რომ
ასეთი სახის დაზიანებების ხანდაზმულობის გარკვევის მექანიზმი არ
არსებობს.
პროცესის მსვლელობისას პროკურორმა ლევან ფიფიამ განაცხადა, რომ
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მეოთხე მოწმე, გოგიტა ფარცვანია
სხდომაზე ვერ გამოცხადდა ქალაქში არ ყოფნის გამო. თუმცა გაირკვა, რომ
ფარცვანიამ გამოცხადების შესახებ ოქმს ხელი მოაწერა სხდომის
დაწყებამდე. ადვოკატმა შალვა შავგულიძემ ამის პასუხად განაცხადა, რომ
„ბრალდების მხარეს თავისი მოწმის ჩვენებების ეშინია და ფარცვანია დღეს
სასამართლო დარბაზში იმიტომ არ შემოიყვანეს, რომ ის კარგად
მოამზადონ“.
პოლიციის ორი თანამშრომლის ჩვენებებიდან ცნობილი გახდა, რომ სერგო
ჩაჩიბაიას დაკავებაში მონაწილეობდა მეორე ოპერატიული ჯგუფიც.
შავგულიძემ სასამართლოს წინაშე მათი დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა,
რომელიც მოსამართლე ნატრული აკობიამ დააკმაყოფილა. მაგრამ მოსამართლემ
არ დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნები სასამართლო სხდომის
აუდიოჩანაწერის გაკეთებისა და მოსამართლის აცილებაზე. მხარეების
შეთანხმების შემდეგ მოსამართლის გადაწყვეტილებით, მორიგი სხდომა 29
მაისს დაინიშნა.
დღევანდელ პროცესს კვლავ ესწრებოდა NDI-ის ოფისის ხელმძღვანელი
საქართველოში ლუის ნავარო. შეგახსენებთ, სერგო ჩაჩიბაია 25 მარტს
დააკავეს ზუგდიდში ერთ-ერთ ავტოსერვისთან ვინმე ოთარ ქეცბაიასთან
სიტყვიერი შელაპარაკებისას. მას ბრალად ედება ცივი იარაღის ტარება და
პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
ამავე თემაზე:
სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი გადაიდო
სერგო ჩაჩიბაიას საქმეზე წინა სასამართლო სხდომა გაიმართა
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელის სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შედგა. სხდომის დაწყებამდე მოსამართლემ ნატრული აკობიამ განაცხადა, რომ „სერგო ჩაჩიბაიას ეტაპირება ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გვიანდება გაურკვეველი მიზეზების გამო“. რამდენიმე წუთში, ბადრაგის თანხლებით შემოსულმა განსასჯელმა განმარტა, რომ მას არ სურდა დღევანდელ პროცესზე დასწრება, ვინაიდან თავს შეუძლოდ გრძნობდა, თუმცა მისივე თქმით, ციხის ადმინისტრაციამ მისი სურვილი არ გაითვალისწინა. სერგო ჩაჩიბაიას თქმით, მას ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარება დღეს დილით აღმოუჩინეს, თუმცა როგორც თავად განაცხადა, ის ამ წუთებშიც თავს ცუდად გრძნობს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. განსასჯელის გასინჯვას სერგო ჩაჩიბაიას მეუღლე და ადვოკატები ესწრებოდნენ. მოგვიანებით, ჩაჩიბაიას ადვოკატმა გიორგი სამუშიამ განაცხადა, რომ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება პროცესის გადადების თაობაზე. მისივე თქმით, სასამართლო სხდომა 14 მაისს 12 საათზე დაინიშნა. დღეს, სასამართლოს დარბაზში იმყოფებოდნენ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ალასანია, NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ლუის ნავარო, სასულიერო პირები, მათ შორის სერგო ჩაიბაის მოძღვარი გიორგი გულორდავა. შეგახსენებთ, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი სერგო ჩაჩიბაია, რომელიც ირაკლი ალასანიამ კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელად 4 მაისს გამოაცხადა, 25 მარტს, პოლიციისთვის წინაღმდეგობის გაწევის და ცივი იარაღის ტარებისთვის ქალაქის ერთ-ერთ ავტოსერვისთან დააკავეს.
ამავე თემაზე:
სერგო ჩაჩიბაიას ჯანმრთლობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასამართლო პროცესი გვიანდება
„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი წევრის, სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესი, რომელიც ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 12 საათზე უნდა გამართულიყო, ამ დრომდე არ დაწყებულა, რადგან დაგვიანდა მისი გადმოყვანა ზუგდიდში, ქუთაისის საპყრობილიდან. ბრალდებულის მეუღლის მაია ქანთარიას თქმით, მიზეზი გადმოყვანის დაგვიანების იყო ის, რომ გაუარესდა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და თავს ცუდად გრძნობდა. ბრალდებულმა მოითხოვა ექიმების გამოძახება. ამ წუთებში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს დარბაზში იმყოფებიან სასწრაფოს მედპერსონალი. მის გასინჯვას ესწრება სერგო ჩაჩიბაიას მეუღლე, კარდიოლოგი მაია ქანთარია. სასამართლო პროცესზე იმყოფებიან „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ალასანია, NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ლუის ნავარო და მოძღვარი გიორგი გულორდავა. მაია ქანთარიას თქმით, მის მეუღლეს გულის იშემიური დაავადება აქვს. შეგახსენებთ, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი სერგო ჩაჩიბაია, რომელიც ირაკლი ალასანიამ კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელად 4 მაისს გამოაცხადა, 25 მარტს, პოლიციისთვის წინაღმდეგობის გაწევის და ცივი იარაღის ტარებისთვის ქალაქის ერთ-ერთ ავტოსერვისთან დააკავეს.
ზუგდიდის პროკურატურასთან აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერების ფაქტის შესახებ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც ვკითხულობთ, რომ სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა დააკავა პიროვნება, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოვიდა და ქ. ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერება გადმოიტანა. „ასაფეთქებელი ნივთიერება ამოღებულია და გაუვნებელყოფილია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის განაღმვის სამმართველოს მიერ. საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი“, წერია განცხადებაში.
ამავე თემაზე:
ამ წუთებში ზუგდიდის პროკურატურის შენობასთან ძალოვანი სტრუქტურის და საგამოძიებო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, რომ შენობის წინ უცნობმა პირმა დადო ასაფეთქებელი ნივთიერება. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, შავი პოლიეთილენის პარკი პროკურატურასთან განათავსა უცნობმა პირმა, რომლის ქმედებამაც დააეჭვა პროკურატურის დაცვის წევრები.
„იგი სავარაუდოდ მაშინვე დააკავეს, რადგან შენობიდან რამდენიმე მეტრში ძალოვანები შეჯგუფდნენ და ადამიანი აიყვანეს“, ამბობს თვითმხილველი.
მისივე ცნობით, ძალოვანების მხრიდან ხმამაღლა ისმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვები სავარაუდოდ დაკავებულის მისამართით. თვითმხილველი ამბობს, რომ თითქოს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა სპეციალური ხელსაწყოთი ადგილზე გააუვნებელყვეს ასაფეთქებელი ნივთიერება, რადგან გაისმა აფეთქების დაბალი ხმა.
ამ წუთებში პროკურატურის შენობასთან იმყოფება კრიმინალური პოლიცია, რომლებსაც მოყვანილი ყავთ ძაღლები და დეტალურად ამოწმებენ შენობას.
ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა ტელევიზიებს გადაღების უფლება მისცეს, თუმცა „ლაივპრესს“ წაართვეს ვიდეოკამერის მეხსიერების ბარათი, რომელიც ჯერ კიდევ არ დაუბრუნებიათ. ამასთან ამოუშალეს ყველა კადრი „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტ ოთო დალაქიშვილსაც. ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, გლდანის ციხეში, მსჯავრდებულ ზურაბ დელიანიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
ფოთში, საკუთრების დემონტაჟით დაზარალებული მოქალაქეების, საკრებულოს წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა ხმაურით წარიმართა.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის წარდგენა მიმდინარებს ამ წუთებში ზუგდიდში, რომელსაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ოპოზიციიდან ლევან ვეფხვაძე და ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი უძღვებიან. ლაშა თორდიას განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი იქნება იმ ცვლილებაზე, რომლის თანახმად საქართველოს პარლამენტის წევრი შეიძლება გახდეს 21 წლის საქართველოს მოქალაქე. შეხვედრას ესწრებიან პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საჯარო სკოლების დირექტორები. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესს ესწრება ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელმძღვანელი ლუის ნავარო. საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესი აშშ-ის საერთაშორისო სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით ხორციელდება.
საქართველოს სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სახალხო დამცველმა შეისწავლა კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ 2012 წლის მარტში მოქალაქეთათვის ახსნა-განმარტებების მიცემის დროს შესაძლო უფლებადარღვევათა ფაქტები და კონტროლის პალატას მისცა სისტემური რეკომენდაციები.
სახალხო დამცველის მიერ კონტროლის პალატის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ „საქართველოს კონტროლის პალატის მიერ პოლიტიკური პარტიების წევრებისათვის გაგზავნილი უწყებები არ იყო მკაფიო, უწყებაში აისახოს და დასაბარებელ პირებს განემარტოთ საკუთარი უფლებები და თავისუფლებები, ახსნა-განმარტების მისაცემად დაბარების საფუძველი და ეცნობოთ კონკრეტულად, თუ რომელი ფაქტის შესახებ უნდა მისცენ ახსნა განმარტება.“
წერილში ნათქვამია, რომ მოქალაქეებს და მათ ადვოკატებს საშუალებას არ აძლევდნენ გამოსაკითხ ოთახში შეეტანათ პირადი ნივთები (ტელეფონი, საათი, საქაღალდე და სხვა). ამიტომ ომბუდსმენ გიორგი ტუღუშის წინადადებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს დაცვის პოლიციის თანამშრომელთა ქცევის კონტროლს, რათა თავიდან იქნას აცილებული ახსნა-განმარტების მისაცემად დაბარებულ პირთა უფლებების არამართლზომიერი შეზღუდვა.
ფაქტების შესწავლისას, გაირკვა ასევე, რომ ახსნა-განმარტების მიცემისას ადგილი ჰქონდა პირადი საიდუმლოების ხელყოფას. ხდებოდა იმ ტიპის ინფორმაციის შეგროვება, რომელიც არანაირ კავშირში არა არის გამოსაკვლევ საკითხებთან, მათ შორის იყო შეკითხვები პირის ნასამართლეობის და მისი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ.
სახალხო დამცველის განცხადებით, ფაქტების შესწავლისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროცესის საჯაროობას და მედიასაშუალებებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. „მიგვაჩნია რომ ის ფორმა, რა სახითაც კომუნიკაცია ხდებოდა ჟურნალისტებთან არ შეიძლება განხილული იქნეს როგორც საუკეთესო პრაქტიკა“, ამბობს გიორგი ტუღუში.
1 მაისს საქართველოში, ისევე როგორც მთელ ევროპაში მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე აღინიშნება. შრომის დღის დაარსებას საფუძველი 1886 წლის მაისში, ჩიკაგოში გაფიცულმა 900 ათასმა მუშამ დაუდო, რომლებიც 10, 12 და 14 საათიანი იძულებითი შრომის სანაცვლოდ 8 საათიან სამუშაო გრაფიკს მოითხოვდნენ. მუშათა საპროტესტო აქცია მალე მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ყოველი წლის მაისის თვეში მშრომელთა დღეს დასაქმებულთა შრომითი და სამართლებრივი უფლებების დაცვის მოთხოვნით მოქალაქეები მანიფესტაციებითა და საჯარო გამოსვლებით აღნიშნავენ ევროპის ქვეყნებში.
ადამიანის შრომითი უფლების დარღვევა აქტუალური თემაა საქართველოში. იურისტები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი სრულყოფილი არ არის და ის ადამიანის დისკრიმინაციის საშუალებას იძლევა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, თინათინ ავალიანი ერთი წლის განმავლობაში იკვლევდა ადამიანის შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებს. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელს შრომის კოდექსში გარკვეული ცვლილებები შევიდა ძალიან ბევრ საკითხს რეგულირების მიღმა მაინც ტოვებს. იურისტის თქმით, ძირითადი საკითხები დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დადებულ შრომით ხელშეკრულებაზეა „მიბარებული“ და ხშირად ეს ხელშეკრულებები არახელსაყრელ პირობებში აყენებს დასაქმებულს.
„შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ ქვე პუნქტი ითვალისწინებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას ხელშეკრულების მოშლის გზით. არ არის აუცილებელი რაიმე ახსნა-განმარტება გააკეთოს დამსაქმებელმა. ანუ მას, წინაპირობის გარეშე შეუძლია დასაქმებულის გათავისუფლება. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით შესაძლებელია ხელშეკრულების ორი სახით გაფორმება - წერილობითი და სიტყვიერი, თუმცა ზეპირი ხელშეკრულება კიდევ ერთხელ ამცირებს დასაქმებულის უფლებებს“, უთხრა „ლაივპრესს“ თინათინ ავალიანმა.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილმა. მისი განმარტებით, იმისათვის რომ სამსახურიდან დათხოვნილმა ადამიანებმა არ მიმართონ სასამართლოს, გარკვეული ბარიერებია შექმნილი. მოქალაქეს ხშირად იურისტის მომსახურებისა და ბაჟის გადახდის ხარჯების გაწევა უჭირს. პეტრიაშვილის თქმით, ამ ჩამონათვალს ემატება „უსამართლო სასამართლო“ პროცესები და ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო შრომითი დავების 10%-იც კი არ შედის სასამართლოში.
„სამსახურიდან ადამიანიების დათხოვის მიზეზი მრავალფეროვანია. ახსნა, თუ რა ნიშნით ხდება მოქალაქის გათავისუფლება, სახლემწიფოს არ სჭირდება. მე შემიძლია მოქალაქე დავითხოვო თუნდაც იმიტომ, რომ ქალია. შეიძლება უბრალოდ სექსუალური ლტოლვა მქონდეს თანამშრომლის მიმართ. მისი აქცენტი, თმის ან თვალის ფერი არ მომეწონოს და ეს გახდეს დათხოვნის ან შრომითი უფლების დარღვევის მიზეზი. არიან ასევე სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დათხოვნილები“, ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.
მისივე განმარტებით, პროფკავშირი ცდილობს დაეხმაროს იმ მოქალქეებს, რომელთა შრომითი უფლება დაირღვა. პროფესიული კავშირების გაერთიანება ხშირად თავის თავზე იღებს შრომითი დავის მომზადების ხარჯებს.
პროფკავშირების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხული მოქალაქეები. „ლაივპრესთან“ შრომითი უფლებების უხეშ დარღვევებზე საუბრისას, მოქალაქეებმა ზუგდიდის მრავალპროფილინ კლინიკურ საავადმყოფო „რესპუბლიკაში“ 2 აპრილს გამართული ექიმთა საპროტესტო აქცია გაიხსენეს, სადაც მედპერსონალი შრომითი ხელშეკრულების დეტალურ გაცნობასა და ხელფასის გაზრდას ითხოვდა. საპროტესტო აქციის ორგანიზატორობის გამო მაშინ საავადმყოფოდან ორი ექიმი დაითხოვეს. თუმცა რამდენიმე დღეში მედპერსონალის კატეგორიული მოთხოვნით საავადმყოფოს მფლობელმა „ჩემი ოჯახის კლინიკამ“, რომელიც სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისიაის“ შვილობილი კომპანიაა, დათხოვნილი ექიმები სამსახურში აღადგინა.
„რომელ ხელშეკრულებაზეა საუბარი. კარგად გვახსოვს რაც მოხდა საავადმყოფოში. რაც შეეხება პროფკავშირს საბჭოთა კავშირის პერიოდში მახსოვს კარგად მუშაობდა, ისინი მაშინ ხალხზე ზრუნავდნენ, დასასვენებლადაც კი აგზავნიდნენ მათ. ახლა პროფკავშირი არ არსებობს მგონი, არა?“, კითხულობს 55 წლის ლეილა ნაყოფია.
პროფკავშირის საქმიანობაზე ასევე არაფერი სმენია 28 წლის ეთო კვარაცხელიას. ის ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში მუშაობს და დამსაქმებელთან წერილობითი ხელშეკრულება არ აქვს გაფორმებული.
„ჩემი უფლება-მოვალეობების შესახებ სიტყვიერად შევთანხმდი ხელმძღვანელთან. ვიცი, რომ ძალიან ხშირად დასაქმებულებს არ აცნობენ ხელშეკრულებას და მის გაფორმებასაც აზრი არ აქვს“, ამბობს ეთო კვარაცხელია.
სტუდენტი თამთა თოდუა ფარმაცევტულ კომპანიაში სტაჟიორად მუშაობდა და ამბობს, რომ სამსახურში ადამიანის უფლებების დარღვევის შემსწრე არაერთხელ ყოფილა.
„უფროსმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩემს კოლეგას და მან ეს უსიტყვოდ აიტანა. ეს იმიტომ, რომ სამსახურის დაკარგვა არ უნდოდა. ჩვენს ქვეყანაში დასაქმება ძალიან ძნელია და ხშირად მოქალაქეები ბევრ უსამართლობას ითმენენ“, თქვა თამთა თოდუამ.
აფხაზეთიდან დევნილი კონსტანტინე შეროზია 2006 წლიდან უმუშევარია. ამბობს, რომ სამსახური განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო დაატოვებინეს.
„ყველა დამსაქმებელი სარგებლობს საქართველოში არსებული ვითარებით - უმუშევრობის მაღალი დონით. როდესაც სამსახურში რაღაც არ მომეწონა და აზრი გამოვთქვი, დამსაქმებელმა მითხრა დღეს მუშები მუხლებამდე ყრია და თუ რაიმე არ მოგწონს წადიო. საქართველოში ხდება იძულებითი შრომა - გეტყვიან არ გაწყობს ხელფასი, არ გაწყობს პირობები, მაშინ მიბრძანდი. რაც შეეხება პროფკავშირებს არ მეგონა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც თუ არსებობდა“, გვითხრა აფხაზეთიდან დევნილმა.
პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე მოქალაქეთა დაბალი ინფორმირებულობის მიზეზად ხელისუფლების მიერ პროფკავშირის „დევნას“ ასახელებს.
„საბჭოთა კავშირის დროს პროფკავშირები ხელისუფლების ნაწილი იყო და მთავრობის მიერ ხდებოდა კადრების დაკომპლექტება. თითოეული მისი ნამოქმედარი ხელისუფლებასთან ერთად გადადგმული და შეთანხმებული იყო. გამომდინარე იქედან, რომ დღეს პროფკავშირი არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია და სინქრონში ვერ მოდის დღევანდელ ხელისუფლების პოზიციებთან, კავშირი გახლავთ დევნის საგანი. ამ ქვეყანაში ჩვენ ნახევრად იატაკქვეშა ორგანიზაცია ვართ. ადამიანები რომლებიც წევრიანდებიან პროფკავშირში იდევნებიან ხელისუფლების მიერ. მათ აშინებენ და იჭერენ“, ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი და აღნიშნავს, რომ საქართველოში შრომითი უფლებები დაირღვევა მანამ, სანამ არ შეიცვლება შრომის კოდექსი.
„ადამიანის უფლებების დარღვევის გარეშე შეიძლება დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესების სრული დაცვით სრულყოფილი ხელშეკრულების გაფორმება“, ამბობს სამშენებლო კომპანია „სანის“ დირექტორი სერგო გვარამია.
კომპანია სამშენებლო სამუშაოებს ზუგდიდის გარდა სოფელ ანაკლიაშიც აწაროებს და ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად ითვლება რეგიონში. სერგო გვარამიას ინფორმაციით, კომპანიაში 1000-მდე ადამიანია დასაქმებული. მისივე განმარტებით, „სანი“ ვაკანსიას მედიის საშუალებით ავრცელებს და მსურველთა მიღება კონკურსის წესით ხდება. სერგო გვარამიას თქმით, თანამშრომელს ხელშეკრულება წინასწარ, ერთთვიან გმოსაცდელ ვადაშიც უფორმდება.
„თუ დაგვაკმაყოფილა მისმა მუშაობამ სამსახურში ვტოვებთ. ჯერჯერობით პრეტენზია არც ერთ თანამშრომელს არ ჰქონია“, ამბობს სამშენებლო მკომპანიის დირექტორი.
იურისტი, თინათინ ავალიანის ცნობით, გასულ წელს „საიამ“ საქართველოს მასშტაბით შრომით დავებთან დაკავშირებით სამი ათას 207 კონსულტაცია გასცა. ორგანიზაციამ სასამართლოში 25 საქმე შეიტანა, აქედან 12 დასრულდა წარმატებით, 3 კი ამ დრომდე უზენაეს სასამართლოში განხილვის მოლოდინშია.
ამავე თემაზე:
ანაზღაურებით უკმაყოფილო ექიმები და მკურნალობისთვის გაზრდილი ტარიფები
მუშათა საპროტესტო აქცია ზუგდიდში
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი შარშან „ჩამორთმეული მიწების“ სანაცვლოდ შეპირებულ ფულად კომპენსაციას დღემდე ელოდება.
ანაკლიაში მცხოვრები მაია ჩარგაზია ამბობს, რომ 2011 წლის ზაფხულში, მასთან ერთად რამდენიმე ოჯახს 200 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი ჩამოართვეს.
„22 აგვისტოს ანაკლიაში საკურორტო სეზონის საზეიმოდ გახსნამდე ბულვარის გაკეთებას ჩქარობდნენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აუდიტი ჩაატარა, აღრიცხეს მიწის ნაკვეთებზე არსებული ნარგავები და დამხმარე ნაგებობები. ბოსელი 2000 ლარად შემიფასეს, ერთ კვადრატულ მეტრ ფართობზე თავიდან 27 ლარს, შემდეგ კი 20-ს შემპირდნენ“. მაია ჩარგაზია წუხს, რომ დანაპირები დღემდე არ შესრულებულა.
ანაკლიის მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელთაც მიწები ჩამოართვეს საკომპენსაციო თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლით დათარიღებული განკარგულება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 22 თებერვლის სხდომაზე დაამტკიცა.
საქართველოს მთავრობის განკარგულების ასლში, რომელიც „ლაივპრესმა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან საჯარო ინფორმაციის წესით გამოითხოვა, წერია, რომ „ანაკლიის ტურისტულ ზონაში საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე ნგრევის ზოლში არსებული ადგილობრივი მოსახლეობის შენობა-ნაგებობის, ნარგავებისა და მიწის ნაკვეთების კომპენსირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გამოუყო 711 ათასი ლარი“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ალექსანდრე ქობალიას განცხადებით, „შარშან ზაფხულს ჩამოჭრილი მიწის ფართობების სანაცვლოდ, ფულადი კომპენსაციის გაცემა იმ მიზეზით დაგვიანდა, რომ აუდიტის დასკვნა მზად არ არის“. ამიტომ ამავე მიზეზით, გამგებლისთვის უცნობია რა რაოდენობის თანხა გაიცემა თითოეულ ოჯახზე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, სოფელ ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი, გელა ლემონჯავა ამბობს, რომ არ იცის მთლიანობაში რამდენ ოჯახზე გაიცემა ფულადი კომპენსაცია. თუმცა დეპუტატი აქვე აღნიშნავს, რომ თანხა უახლოეს დღეებში გაიცემა იმ 10 ოჯახზე, რომელთაც უკვე ჩამოართვეს მიწის ფართობები. გელა ლემონჯავას ინფორმაციით, არის კიდევ რამდენიმე ოჯახი, რომელთა მიწის ნაკვეთები გათვალისწინებულია სხვადასხვა ობიექტების ასაშენებლად.
„რამდენადაც ვიცი ამ ოჯახებზეც უნდა გაიცეს მთავრობის მიერ გათვალისწინებული თანხა“, ამბობს ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი.
იმის გასარკვევად, თუ როგორ შეფასდა სოფლის მოსახლეობის ნაწილისთვის ჩამორთმეული მიწის ფართობები, „ლაივპრესმა“ ანაკლიაში ჩატარებული აუდიტის შედეგები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან საჯარო ინფორმაციის წესით მოითხოვა. 2 აპრილს სამინისტრომ გამოგვიგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ „ლაივპრესის“ მოთხოვნა საქართველოს გზების დეპარტამენტს გადაეგზავნა, საიდანაც პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
ჩამორთმეული მიწების სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის მიმღები ოჯახების ზუსტი რაოდენობა არც ანაკლიაში მაცხოვრებლებმა იციან. მოსახლეობა ამ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს, რადგან მიაჩნიათ, რომ „ანაკლიაში მიმდინარე მშენებლობები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს 200 კვადრატული მეტრი მიწა სალაპარაკოდ არ ღირს.
„რა ჯობია, თუ ჩვენი შვილები მოპირკეთებულ ქუჩებს შეხედავენ და არა ატალახებულს“, - ამბობს ანაკლიელი მამაკაცი, რომელმაც სახელი და გვარი არ გვითხრა.
მეზობლისგან განსხვავებით, მანანა ჩარგაზია ნანობს, რომ სანამ მიწის ნაკვეთის ნაწილს ჩამოართმევდნენ საკომპენსაციო თანხის მიღების შესახებ რაიმე სახის ხელშეკრულებისთვის ხელი არ მოუწერია. ის ამბობს, რომ ასეთი დოკუმენტი არც არავის ქონია. მაგრამ იმედი აქვს, რომ ხელისუფლება დანაპირებს შეასრულებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ალექსანდრე ქობალიას თქმით, მოსახლეობასთან ხელშეკრულების გაფორმება ანაკლიაში ბულვარის და გზების დაჩქარებული წესით მშენებლობის გამო ვერ მოესწრო.
„თუმცა ეს ხელს არ შეუშლის მოსახლეობის ინტერესების დაკმაყოფილებას. არავინ დაზარალდება, ფულადი კომპენსაცია გაიცემა და ყველა კმაყოფილი იქნება“, - უთხრა „ლაივპრესს“ გამგებელმა.
საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი ეკა ბოკუჩავა ამბობს, რომ თუ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე უნდა აშენდეს საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტი, ვრცელდება ექსპროპრიაციის წესი.
„ქონების შეძენამდე ექსპროპრიატორი დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. შეთავაზების გაკეთების და მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ხდება მოქალაქეებთან ხელშეკრულების დადება კომპენსაციის შესახებ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ასე არ მოხდა“, - განაცხადა იურისტმა.
ეკა ბოკუჩავა ამბობს, აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კერძო საკუთრების უფლება ანაკლიაში მცხოვრებ სხვა მოქალაქეებსაც დაერღვათ, თუმცა იურისტის თქმით, „დაზარალებული მოქალაქეები კომუნიკაციაზე არ მოდიან.
„ამჟამად, ორგანიზაცია ანაკლიაში მცხოვრები მხოლოდ ერთი მოქალაქის სამართლებრივ დაცვას ახორციელებს. სარჩელი, რომელიც სტრასბურგშია გაგზავნილი მომზადდა იმის გამო, რომ სახელმწიფომ კომპენსაციის გარეშე მოქალაქის 48 ჰექტარი მიწის ფართობი დაირეგისტრირა“, გვითხრა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტმა.
ანაკლიაში მცხოვრები გენადი სორდია ამბობს, რომ საკუთარ უძრავ ქონებას ვერ განკარგავს, რადგან ბანკებმა სახლის დაგირავებაზე უარი იმ მოტივით უთხრეს, რომ ასეთი ოპერაციები ანაკლიაში დროებით შეჩერებულია.
„ანაკლიის მოსახლეობა გაურკვევლობაშია, რადგან პრაქტიკულად თავის ქონებას ვერ განკარგავს. ცოტა ხნის წინ მეუღლე გამიხდა ავად და მის საოპერაციოდ საკმაოდ დიდი თანხა დამჭირდა, მაგრამ ბანკში სახლი ვერ დავაგირავე. მითხრეს, რომ გაურკვეველი მიზეზებით, ანაკლიაში უძრავი ქონების გაყიდვა, ან დაგირავება, დროებით შეჩერებულია“.
გენადი სორდია ამბობს, რომ დახმარებისთვის რამდენჯერმე მიმართა მუნიციპალიტეტის გამგეობას, მაგრამ უშედეგოდ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ „არა, მგონია, ასე იყოს. მაგრამ თუ მაინც შეექმნა ვინმეს კერძო საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები მოვიდეს ჩვენთან და დავეხმარებით“.
„რესპუბლიკური პარტიის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ნონა თოლორაიას განცხადებით, ანაკლიის მოსახლეობას საჯარო რეესტრში პრობლემებს უქმნიან იმის გამო, რომ მათ უმრავლესობას არ აქვს უძრავი ქონების რეგისტრაციის დამადასტურებელი ელექტრონული ვერსია.
„ვინც უსახსრობის გამო ამის გაკეთება ვერ მოასწრო ეუბნებიან, რომ მიწები, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ მათი არ არის“, ამბობს ნონა თოლორაია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი ეკა ბოკუჩავა განმარტავს, რომ ქაღალდზე არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციის აზომვითი ნახაზები 2010 წლიდან ელექტრონული ვერსიით შეცვალა, თუმცა მესაკუთრეს კანონით არ აქვს ვალდებულება განაახლოს თავისი სარეგისტრაციო დოკუმენტები. მისივე განცხადებით, ორგანიზაცია სწავლობს ანაკლიაში კერძო საკუთრების უფლების დარღვვების ფაქტებს, რომელსაც ანგარიშის სახით უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.