ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს სენაკის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, ფრაქცია „ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატების“ წევრის რევაზ ხულორდავას საქმეზე დაცვის მხარის ოთხი მოწმე დაკითხა. რევაზ ხულორდავას ბრალი ედება მოქალაქე დავით მგალობლიშვილის მკვლელობის მცდელობაში. ბრალდებულის დედამ, ავრორა მიქაძემ სასამართლოს უთხრა, რომ მასთან სახლში მისი შვილი, რევაზ ხულორდავა რობერტ შალამბერიძესთან ერთად იმყოფებოდა 2011 წლის 15 სექტემბერს 21:40 საათიდან შუა ღამის 12 საათამდე. ბრალდებულის დედასთან სახლში მისვლის დრო დაადასტურა რევაზ ხულორდავას დისშვილმა არასრულწლოვანმა ა.ბ.-მ. სასამართლოზე ასევე დაიკითხა განსასჯელის მეუღლე, ლია ხორავა. მისი თქმით, შემთხვევის ღამეს მან სამჯერ დაურეკა ქმარს და მოიკითხა. გვიან, მაზლიშვილმა შეატყობინა ტელეფონით, რომ მის მეუღლეს პოლიცია ეძებდა. ლია ხორავას თქმით, მეუღლე სახლში 00:30 საათზე მოვიდა და მას მერაბ ბერულავას სახლში მომხდარი ინცედენტის შესახებ უამბო, თუმცა მგალობლიშვილი არ უხსენებია. სხდომაზე კიდევ ერთი მოწმე, რევაზ ხულორდავას მეზობელი, თეა ნადირაძე დაკითხეს, რომელმაც მხოლოდ ის ნახა, რომ ბრალდებული უცნობმა ადამიანებმა ღამით მანქანით წაიყვანეს. მეზობელმა მოგვიანებით რევაზ ხულორდავას მეუღლისგან შეიტყო, რომ ეს ადამიანები პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. პროცესს ესწრებოდა ფრაქცია „ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი, რომელსაც სხდომათა დარბაზში მოსამართლის და პროკურორის მისამართით გაკეთებული რეპლიკის მიზეზით დაატოვებინეს. პროცესის დასრულების შემდეგ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მცდელობისას, შემთხვევის ადგილას არ იმყოფებოდა. მისი აზრით, ეს პოლიტიკური ნიშნით დაკავებაა. წულუკიანის თქმით, „ახალაიას უწყება პროკურორ ქორთუას წარმომადგენლობით ვერ ამტკიცებს განსასჯელის ბრალეულობას. ყველა მოწმე ამბობს, რომ რევაზ ხულორდავა იქ არ იმყოფებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად პროცესი მაინც მიმდინარეობს“. ბრალდებულის ადვოკატმა, გიორგი სამუშიამ განაცხადა, რომ პროკურორი ვლადიმერ ქორთუა მოწმეებს ეკითხებოდა, „თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას ემხრობოდნენ და ასე განსაზღვრავდა მათი ნათქვამის სანდოობას“. ადვოკატმა დღევანდელ სხდომაზე პროკურორის აცილების მოთხოვნა წამოაყენა და გამომძიებლების ხელახლა დაკითხვა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ დავით კეკენაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. რევაზ ხულორდავას საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 14 მარტს გაიმართება.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, ხაშურის პოლიციაში 27 თებერვალს ქურდობაში ეჭვმიტანილი 45 წლის სოლომონ ქიმერიძის სიკვდილის ფაქტს გამოეხმაურა. ომბუდსმენის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, გაესაუბრნენ სამმართველოს უფროსის მოადგილეს ავთანდილ სამსონიძეს და სამმართველოს თანამშრომლებს. სამსონიძის ნაამბობის მიხედვით, 27 თებერვალს სოფელ ქვიშხეთში სოლომონ ქიმერიძე, თამაზ გამგონიძის კუთვნილი ნიკელის ჩაიდნისა და ალუმინის ქვაბის ქურდობის ბრალდებით დააკავეს და ხაშურის რაიონული სამმართველოს შენობაში მიიყვანეს. სამსონიძის განცხადებით, „ვინაიდან ქიმერიძისთვის ბრალის წაყენება და მისი დაკავება იმ ეტაპზე არ განხორციელებულა, იგი ხაშურის რაიონული სამმართველოს დაკავებულ პირთა აღრიცხვის წიგნშიც არ გაუტარებიათ“. როგორც ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, ქიმერიძეს გაესაუბრნენ სამმართველოს მესამე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ოთახში. გასაუბრების დასრულების შემდგომ, ჩამოსვლისას ქიმერიძე მესამე სართულის კიბის მოაჯირიდან გადავარდა. ხაშურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის თქმით, კიბეზე ჩამოსვლისას ქიმერიძეს წინ სამმართველოს თანამშრომელი მალხაზ ციყელაშვილი მიუძღოდა. არც ამ უკანასკნელს და არც სხვა თანამშრომლებს უშუალოდ გადავარდნის ფაქტი არ დაუნახავთ, თუმცა ვარაუდობენ, რომ დიდი სიმაღლის და წონის გამო შესაძლებელია, ქიმერიძემ წონასწორობა დაკარგა და მოაჯირიდან გადავარდა. ქიმერიძე საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიაცვალა. საქმის დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურას და მოითხოვა ინფორმაცია ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტთან მიმდინარე გამოძიების თაობაზე. სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქიმერიძემ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო მაშინ, როდესაც პოლიციის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. ნებისმიერი ასეთი დაზიანება წარმოშობს პრეზუმფციას, რომ შესაძლოა პირი არაადამიანური ან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი იყოს. სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ მსგავს შემთხვევაში სახელმწიფოს ეკისრება განსაკუთრებული ვალდებულება აწარმოოს სრული, ყოველმხრივი და ობიეტური გამოძიება და წარმოადგინოს დამაჯერებელი ახსნა-განმარტება, თუ რამ გამოიწვია ხსენებული დაზიანებები. სახალხო დამცველის აპარატი მიმართავს გამოძიების მწარმოებელ ორგანოს, ჩაატაროს სრული, ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიება, რათა დადგინდეს ქიმერიძის როგორც უშუალოდ გარდაცვალების მიზეზი, ასევე ხომ არ დაექვემდებარა გარდაცვალებამდე არაადამიანურ ან სასტიკ მოპყრობას. განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს შიდა ქართლისა და მცხეთა–მთიანეთის საოლქო პროკურატურას, გამოძიების წარმოებისას ყურადღება გამახვილდეს იმ ფაქტობრივ გარემოებაზეც, რომ სოლომონ ქიმერიძე ხაშურის პოლიციის რაიონული სამმართველოს შენობაში პოლიციის მიერ ყოველგვარი პროცესუალური სტატუსის გარეშე იქნა „წარმოდგენილი“. ის არ გახლდათ ბრალდებული, დოკუმენტაციის მიხედვით არ იყო დაკავებული. სახალხო დამცველის რწმუნებულების ინფორმაციით, ქიმერიძეს ფაქტობრივად შეზღუდული ჰქონდა თავისუფლება.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს რევაზ ხულორდავას საქმეზე სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მოისმინა, რის შემდეგაც ადვოკატმა გიორგი სამუშიამ სასამართლოს წინაშე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლემ რომან ხორავამ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, დაზარალებულის დავით მგალობლიშვილის, მისი დედის, ლამარა წულეისკირის და მეუღლის ივეტა შულაიას დაკითხვის ოქმების ბათილად ცნობის შესახებ. მოსამართლემ ასევე, არ დააკმაყოფილა შუამდგომლობები დაკითხული მოწმეების ოქმების სასამართლოს სხდომაზე საჯაროდ წაკითხვის, გამომძიებლის ირაკლი შამათავას მოწმის სახით დაკითხვის და მოსამართლის აცილების შესახებ. ადვოკატის გიირგი სამუშიას განცხადებით, მოსამართლე რომან ხორავა ტენდეციურია და მის მიერ გამოტანილი განაჩენი კანონიერი ვერ იქნება. მოსამართლემ დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. რევაზ ხულორდავას საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 1 მარტს დაინიშნა. შეგახსენებთ, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ წევრს რევაზ ხულორდავას ბრალი ედება მოქალაქე დავით მგალობლიშვილის მკვლელობის მცდელობაში.
სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ
განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ზუგდიდის #4
დაწესებულებაში განთავსებულია 342 პატიმარი, მაშინ, როდესაც
დაწესებულების ლიმიტი შეადგენს 305–ს. ზამთარში საკნების გათბობა
ხდება ელექტროქურების მეშვეობით, რაც არასაკმარისია. მონიტორინგის
დროს საკნებში იყო სიცივე. ზოგიერთ საკანში ელექტროქურა საერთოდ არ
ჰქონდათ, ვინაიდან, პატიმრების თქმით, ადმინისტრაცია არ უზრუნველყოფს
გათბობის საშუალების მიწოდებას. ასევე შეუძლებელია ამანათით
გამათბობლის მიღება. პატიმართა განცხადებით, მაღაზიაში შეძენილი
ქურები უხარისხოა და რამდენიმე კვირაში იწვება. პატიმრების
გადმოცემით, საკნებს წყალი მიეწოდება დღეში სამჯერ, სხვადასხვა
ხანგრძლივობით, მაქსიმუმ 3 საათით, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობის
კოდექსით პატიმრებისათვის დადგენილია არანაკლებ 1 საათი გასეირნების
უფლება, ზუგდიდის ციხეში გასეირნება 30–40 წუთს მოიცავს. მონიტორინგის
ჯგუფისთვის ზუგდიდის #4 დაწესებულებაში შესამჩნევი იყო პატიმართა
დაძაბულობა საკნის კარის გაღების დროს – ყველა მათგანი სასწრაფოდ
ზურგზე ხელებდაწყობილი დგებოდა ფანჯარასთან.
სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მონიტორინგი
ზუგდიდისა და ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იანვარში
განახორციელა.
აღნიშნული დაწესებულებების ლიკვიდაციის რეკომენდაციით სახალხო დამცველმა მთავრობას ჯერ კიდევ 2009 წელს მიმართა. დაწესებულებებში არსებული პირობებიდან გამომდინარე შეუძლებელია იქ განთავსებული პატიმრებისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა. არსებული მდგომარეობა ასევე არ იძლევა დაწესებულებებში მღრღნელებისა და პარაზიტების განადგურების საშუალებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ბეჟან შაკაიას დაკავების გამო, დამატებით დეტალებს არ ახმაურებს. „ჯერჯერობით, მეტს ვერაფერს გეტყვით.“– განუცხადა“ლაივპრესს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალისტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, გაავრცელა განცხადება, რომ დააკავა ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობაში ბრალდებული ბეჟან შაკაია. სამინისტროს ვებ გვერდის ცნობით, შაკაია საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოვიდა. შსს-ს ინფორმაციით,საქმეზე გამოძიებას აწარმოებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 39 წევრიდან 11-ს ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო ერიცხება. მათ შორის არიან საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეები. საკრებულოში ფიქრობენ, რომ თუ სხვა დეპუტატებზეც გაიცემა ანაზღაურება მათი საქმიანობა მეტად მოტივირებული იქნება. თუმცა ირკვევა, რომ ხშირად იმ დეპუტატებს აწინაურებენ, რომლებიც საკრებულოს სხდომებს აცდენენ.
„ლაივპრესმა“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია - გასული წლის სხდომებზე დეპუტატთა დასწრების შესახებ. საკრებულოს აპარატის მიერ წარმოებული დეპუტატთა რეგისტრაციის ჟურნალის ასლის მიხედვით, ყველაზე მეტი გაცდენა ყოფილ დეპუტატს გოგა ღურწკაიას აქვს. ის არც კომისიას ხელმძღვანელობდა და არც ფრაქციას, შესაბამისად, არც ხელფასი ჰქონდა, თუმცა საკრებულოს სხდომების 22 გაცდენის შემდეგ გოგა ღურწკაია ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე დაინიშნა. სწორედ ამ მიზეზით შეუწყვიტა მას საკრებულომ დეპუტატის უფლებამოსილება 2011 წლის 13 დეკემბერს.
ჟურნალის მიხედვით, ყოფილი დეპუტატის და ამჟამად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოგა ღურწკაიას შემდეგ ყველაზე მეტი გაცდენა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ბესიკ გაბუნიას აქვს, სულ - 10. სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს გელა თოლორაიას - 9.
ექსპერტის თვითმმართველობის საკითხებში კოტე კანდელაკის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, თუ საკრებულოს წევრი არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში, საკრებულო არკვევს გაცდენის მიზეზს. არასაპატიო მიზეზის შემთხვევაში ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. სხდომებზე, საკრებულოს წევრთა რეგისტრაციის ჟურნალის ასლის მიხედვით, გაცდენის 6 თვის შუალედი არც ერთ დეპუტატს არ აქვს. თუმცა საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს „თავისუფალი დემოკრატებიდან“ გიორგი ალასანიას საკრებულოს რეგისტრაციის ჟურნალის სისწორეში ეჭვი ეპარება. ალასანიას მტკცებით, დეპუტატი გოგა ღურწკაია საკრებულოს სხდომაზე მხოლოდ ერთხელ ნახა.
„ის მარტის თვეში ესწრებოდა სხდომას. ღურწკაია ზუგდიდის საკრებულოს წევრობის პარალელურად ქვემო ქართლში მუშაობდა და ამის გამო ზუგდიდში ვერ ჩამოდიოდა. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არიან საკრებულოში ისეთი ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ მონაწილეობენ. აი, როლანდ ახალაიაც ხშირად აცდენს სხდომებს, მესმის, რომ პროფესიონალი ექიმია, მაგრამ მან თავად გააკეთა ეს არჩევანი. თუმცა საკითხავია, მართლა თვითონ გააკეთა ეს არჩევანი?! მახსოვს, რომ ბევრს დააძალეს საკრებულოს დეპუტატობა.“
„ლაივპრესის“ კითხვაზე, იყო თუ არა საკრებულოს აპარატში მსჯელობა, დეპუტატების მიერ საკრებულოს სხდომების გაცდენაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან კონჯარიამ განაცხადა - „რა თქმა უნდა, გოგა ღურწკაიასაც ვესაუბრე და სხვა დეპუტატებსაც. გოგას ოჯახური პრობლემები ჰქონდა, თვითონაც თბილისში მკურნალობდა და ამის გამო ვერ ესწრებოდა სხდომებს. ის პასუხისმგებლობის მქონე ადამიანია და ამიტომაც დაინიშნა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე.“
საკრებულოს თავმჯდომარის აზრით, დეპუტატები ძირითადად, რიგგარეშე სხდომებს აცდენენ. „ძალიან რთულია, სოფელ აბასთუმნიდან ან ორულუდან დეპუტატი დროზე ჩამოვიდეს, როცა უცებ რიგგარეშე სხდომას ვნიშნავთ. სხდომებზე დასწრების პრობლემა პარლამენტშიც არის, მაგრამ მათ მაღალი ხელფასები აქვთ და გაცდენის შემთხვევაში ფულადი ჯარიმები ეკისრებათ. საკრებულოს წევრები კი ანაზღაურების გარეშე მუშაობენ. მათ რომ ხელფასი ჰქონდეთ, მეტს მოვთხოვდით და სხვანაირი სიტუაცია იქნებოდა.“ ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.
საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, „ეროვნული საბჭოს“ წარმომადგენელი ვახტანგ (ლოთი) ქობალია ამბობს, რომ საკრებულოს ხდომებს ხშირად ვერ ესწრება. მიზეზად კი სოფელში მეურნეობის წარმოებას ასახელებს. „იმდენი პრობლემა მქონდა სოფელში სად მეცალა?! მე უხელფასო დეპუტატი ვარ და მეურნეობასაც ხომ ვერ დავკარგავდი? თან, სხდომების დანიშვნის შესახებ წინასწარ არასდროს მაფრთხილებენ. იმ დღეს მირეკავენ, უკეთეს შემთხვევაში წინა ღამით.“ აცხადებს ვახტანგ (ლოთი) ქობალია.
დეპუტატი გიორგი ალასანიაც მიიჩნევს, რომ დეპუტატების საქმიანობა ანაზღაურების შემთხვევაში მეტად მოტივირებული იქნება. თუმცა საკრებულოს თავმჯდომარე ზუგდიდის საკრებულოს ყველა წევრზე, რაიმე სახის ანაზღაურების გაცემას უახლოეს მომავალში გამორიცხავს.
დეპუტატებისათვის ანაზღაურების გაცემა სულ ცოტა ხნის წინ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა, - ამბობს კოტე კანდელაკი. მისივე თქმით, საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის კომისიის თავმჯდომარეები 30 ლარს მიიღებენ, საკრებულოს სხვა წევრები კი ოცს. „ვნახოთ, რამდენად ეფექტური აღმოჩნდება ლაგოდეხის საკრებულოს ახალი ინიციატივა.“ აღნიშნავს ექსპერტი. კოტე კანდელაკის განცხადებით, ანაზღაურებაზე მყოფ დეპუტატებს არა მხოლოდ საკრებულოს სხდომების გაცდენის გამო მოეთხოვებათ, არამედ საკრებულოს ის წევრები, რომელთაც ანაზღაურება აქვთ და არ იმყოფებიან საკრებულოს შენობაში დილის 10-დან 18 საათამდე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონსაც არღვევენ.
დეპუტატი ბესიკ გაბუნია, რომელსაც 10 გაცდენა ჰქონდა, შარშან შემოდგომაზე დაინიშნა საფინანსო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ. მისი ხელფასი 650 ლარია. ლევან კონჯარია ამბობს, რომ გაბუნიაც ავადმყოფობდა და ვერ დადიოდა. „ის თავისი საქმის პროფესიონალია და ამიტომაც დაინიშნა ამ თანამდებობაზე“. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, არც სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს გელა თოლორაის აქვს „უმიზეზო გაცდენები.“
საკრებულოს კიდევ ერთი ოპოზიციონერი წევრის, ფრაქცია „მრეწველები–ევროპელი დემოკრატების“ ხელმძღვანელის ბესიკ ფიფიას თქმით, საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან სხდომებს დაესწრონ, ფრაქციების და კომისიების თავმჯდომარეები კი საკრებულოს შენობაში ყოველდღე გამოცხადდნენ. ხოლო რა ზომებს უნდა მიმართოს საკრებულომ იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატი ამ ვალდებულებებს არ ასრულებს, ბესიკ ფიფია ამბობს, რომ „ამ საკითხში კომპეტენტური არ არის“.
ექსპერტი კოტე კანდელაკი მიიჩნევს, რომ „თუ ვიღაც ავადმყოფობის მიზეზით აცდენს, შეიძლება ადამიანურად გაუგო, მაგრამ ყველა თანამდებობის პირი ერთდროულად ხომ ვერ გახდება ავად?!“. კანდელაკის თქმით, სუბიექტური, თუ ობიექტური მიზეზების გამო, სხდომებზე დასწრების პრობლემა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტშია. „ზოგი დეპუტატი შორეულ სოფელში ცხოვრობს და ჩამოსვლა უჭირს, ზოგს კი, უბრალოდ არ აინტერესებს საკრებულოს საქმიანობა. იმ შემთხვევაში, როცა კომისიის თავმჯდომარე აცდენს, საკრებულოს აპარატი მიმართავს სათანადო ღონისძიებებს, ან ოპოზიციონერი წევრები აყენებენ უპასუხისმგებლო დეპუტატის თანამდებობიდან გადაყენების
საკითხს.“
იმ დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებიც არ ასრულებენ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ჯერ ზუგდიდის საკრებულოში ზომები არავის მიუღია. ლევან კონჯარიას შეფასებით, „როცა საკრებულოს წევრი სხდომებს არ ესწრება, რა თქმა უნდა ძალიან ცუდია. გაცდენები ოპოზიციასაც აქვს, მაგალითად, საკრებულოში „ეროვნული საბჭოს“ წარმომადგენელი ვახტანგ ქობალიაც ხშირად არ ესწრება სხდომებს, მაგრამ ასეთ საკითხებს გაგებით ვეკიდებით, გარემოებებს ვითვალისწინებთ. ამისთვის ვართ აქ, ერთ გუნდად შეკრებილები“, - ამბობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
მსჯავრდებულთა გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამის ფარგლებში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ავრცელებს. შეთანხმება მსჯავრდებულთა რეზოლუციას და გათავისუფლების შემდგომ საზოგადოებაში მათ სრულფასოვან რეინტეგრაციას ემსახურება. მემორანდუმის თანახმად, მსჯავრდებულები სპეციალურ ტრენინგზე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ძირითადი მომსახურების, მათ შორის პირადობის ელექტრონული მოწმობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ და სერვისების გამოყენების წესებს გაეცნობიან.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დღეს სენაკის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის რევაზ ხულორდავას საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები დაკითხა. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ წევრს რევაზ ხულორდავას ბრალი ედება მოქალაქე დავით მგალობლიშვილის მკვლელობის მცდელობაში. დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით დაკითხული, დაზარალებულის დედის ლამარა წულეისკირის თქმით, მან შვილისგან შეიტყო, რომ ის მერაბ ბერულავას სახლში რევაზ ხულორდავამ დაჭრა. მოწმემ მერაბ ბერულავამ სასამართლოს უამბო, რომ მის სახლში 2011 წლის 15 სექტემბერს სტუმრად იყვნენ ზურაბ პაპავა, რობერტ შალამბერიძე, დავით მგალობლიშვილი და ზურაბ წულუკიძე. წულუკიძე და პაპავა ერთმანეთს შეეკამათნენ. ამ დროს, ხულორდავა მათთან არ იყო, ის მოგვიანებით შემოვიდა სახლში. შალამბერიძემ და ხულორდავამ სუფრა სხვებზე ადრე დატოვეს, მოგვიანებით წავიდა მგალობლიშვილიც. ის მალე მობრუნდა დაჭრილი, თუმცა არ უთქვამს ვინ დაჭრა. მოგვიანებით კი, ბერულავამ სასამართლოზე განაცხადა, რომ მგალობლიშვილის დაჭრის ამბავი მან მესამე დღეს შეიტყო. სასამართლოს ჩვენება მისცა მერაბ ბერულავას არასრულწლოვანმა შვილმა ნ.ბ.-მ. მისი თქმით, „სტუმრების წასვლის შემდეგ, მამა ღამით, უცნობმა პირებმა სავარაუდოდ, პოლიციის თანამშრომლებმა წაიყვანეს. მამა სახლში 20 დღის შემდეგ დაბრუნდა. ნ.ბ. ამბობს, რომ მამამისი პატიმრობაში იმყოფებოდა. შვილის ჩვენებას არ ადასტურებს დედა ნანა ადამია. მისი განცხადებით, მან არ იცის სად იყო მეუღლე 20 დღის განმავლობაში. დაცვის მხარის მიერ დასმულ შეკითხვას რამდენჯერ მისცა მან მოწმის სახით ჩვენება პოლიციას, ნანა ადამიამ უპასუხა, რომ ერთხელ, თუმცა მოგვიანებით, ბრალმდებელის მიერ დასმულ შეკითხვაზე დარწმუნებული იყო თუ არა მოწმე რომ მან გამოძიებას ჩვენება მხოლოდ ერთხელ მისცა, ადამიამ უპასუხა, რომ ის თავისი ინიციატივით მეორადაც მივიდა პოლიციის განყოფილებაში და ჩვენებაში „რაღაც ჩაამატა“. განსასჯელის ადვოკატი გიორგი სამუშია აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე, სახელმწიფო ბრალმდებელის მიერ მოყვანილი მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო იყო. მისი თქმით, მერაბ ბერულავა 20 დღიან ადმინისტრაციულ სასჯელს იხდიდა. ამ ხნის განმავლობაში, მასზე პოლიცია ზეწოლას ახდენდა. სასამართლოს მორიგი სხდომა 15 თებერვალს დაინიშნა.
არასრულწლოვანის ნ.დ.-ს საქმეზე დღეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პროცესი გაიმართა. მოზარდს გასული წლის 26 ოქტომბერს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა, 4 წლითა და ერთი თვით მიუსაჯა. მას ბრალი ედება ძარცვაში და პოლიციელის, კოხტა კოდუას ჯანმრთელობის განზრახ, მძიმე დაზიანებაში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა ძალაში დატოვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენი. არასრულწლოვანის დედამ, „ლაივპრესს“ უთხრა, რომ უახლოეს დღეებში შეწყალების შინაარსის განცხადებით საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს. „იქნებ სასჯელი გაუნახევრონ. თბილისში გასაჩივრებას უკვე აზრი არ აქვს“, ამბობს მოზარდის დედა. მისივე თქმით, „არცერთი მოსამათლის მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული, ის რომ მისმა შვილმა პოლიციელს მას შემდეგ დაარტყა, როცა არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას ცდილობდა“.
დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, ბაზრის ტერიტორიაზე, ორ სხვადასხვა მაღაზიაში მოვაჭრეების სასამართლო პროცესი გაიმართა. მათ სასამართლომ საკუთარი მაღაზიის წინ სამუშაო ადგილის თვითნებურად გაფართოვების, „ტროტუარის გადაკეტვის“ მიზეზით 500 ლარის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა. მოვაჭრე, ლეილა გობეჩიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა დახლოებით 4 თვის წინ გააფრთხილა გაეთავისუფლებინა მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია დახლებისგან, მაგრამ მას შემდეგ არავინ მოსულა და მოვაჭრემაც ჩვეულებრივ გააგრძელა მუშაობა. ლეილა გობეჩიას თქმით, 4 იანვარს ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა მას და მის მეზობლად მოვაჭრეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობები მოსთხოვეს და გაუფრთხილებლად დააჯარიმეს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ლევან მესხიამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ შპს „ცენტრალური სუპერმარკეტის“ გარე ტერიტორიაზე, მაღაზიის გარდა საკუთარი სავაჭრო საქონლის ფეხით სავალ ფართზე გამოტანა უკანონოა და მოვაჭრეებიც ამის თაობაზე არაერთხელ გააფრთხილეს. „სულ რომ არავის გაეფრთხილებინა, ეს ისეთი რამაა, ზედმეტი მოფერება არ სჭირდება“, ამბობს ლევან მესხიამ. მისივე თქმით, ჯარიმა ყველა კანონდამრღვევს თანაბრად შეეხება და „დანარჩენებს ხვალ და ზეგ მოუწევთ დარღვევის ფულადი სახით ანაზღაურება“. მოვაჭრე, ლეილა გობეჩიას თქმით, გასაჩივრებას არ აპირებს, რადგან „აზრი არ აქვს და ზედმეტი ხარჯია“. სასამართლომ ორივე მოვაჭრეს 500 ლარის გადახდა ერთი თვის განმავლობაში დააკისრა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ 3000 ლარის გადახდა მოუწევთ.
ინტერნეტგამოცემა Livepress.ge-ს მიერ გავრცელებული და მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრისათვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სამხედრო სარეზერვო სამსახურთან დაკავშირებით ადგილობრივებს ზუგდიდის თეატრში შეხვდნენ, თუმცა “ლაივპრესს“ შეხვედრაზე დასწრება აუკრძალეს და არც ზეპირი ინფორმაცია მიაწოდეს შეხვედრის შინაარსის შესახებ.
ჟურნალისტები შეხვედრის დასრულების შემდეგ, შენობის გარეთ, გამოსული მონაწილეებისგან ინტერვიუს აღებით, ცდილობდნენ ინფორმაციის მოპოვებას. თუმცა, სრულიად უკანონო არგუმენტების მოშველიებით, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, მამუკა იოსავამ, მათ კამერა გამოართვა და გადაღებული ვიდოემასალა წაშალა.
გუშინვე ინტერნეტგამოცემა netgazeti.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ ბოდიშის მოხდის თაობაზე.
საიასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი კატეგორიულად
მოუწოდებს თავდაცვის სამინისტროს, არ შემოიფარგლოს ბოდიშის მოხდით და
დაიწყოს დისციპლინური წარმოება მამუკა იოსავას მიმართ, რადგან მის
მიერ განხორციელებული ქმედება არა თუ დისციპლინური, არამედ სისხლის
სამართლის დანაშაულის ნიშნებს მოიცავს, მან თვითნებური ქმედებით
წაუშალა ჟურნალისტებს მოპოვებული მასალა და არ მისცა შესაძლებლობა
საზოგადოებისათვის მიეწოდებინათ ობიექტური და სრულყოფილი
ინფორმაცია.
მიგვაჩნია, რომ მედიის თავისუფლების გარანტიების შექმნა და უზრუნველყოფა უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების ფუნქციაა და ის უმკაცრესად უნდა რეაგირებდეს სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული პირების მიერ გამოვლენილ თვითნებობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე.
თავდაცვის სამინისტრო ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ მათი თანამშრომლის მიერ განადგურდა ვიდეომასალა, რომელიც ჟურნალისტმა ზუგდიდში გადაიღო.
livepress.ge-ს კორესპონდენტი თამუნა ზანთარაია "ნეტგაზეთთან" საუბარში აცხადებს, მამუკა იოსავამ, რომელიც მას როგორც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, ისე გაეცნო, ვიდეო კადრები წაუშალა, რომელიც ზუგდიდის თეატრის წინ გადაიღო.
"ზუგდიდის თეატრში თავდაცვის სამინისტროს ჰქონდა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ახალგაზრდები და საპენსიო ასაკის ადამიანებიც და მათ თავაზობდნენ ნებაყოფლობითი სამხედრო–სარეზერვო სამსახურის გავლას, კერძოდ, 5–დღიან გადამზადებას სენაკის ბაზაზე," – ამბობს თამუნა ზანთარაია.
მისივე თქმით, შეხვედრა დახურული იყო და ამის გამო, ის თეატრიდან გამოსული ადამიანებისგან ინტერვიუებს თეატრის წინ, ქუჩაში იწერდა. ასევე, იქიდანვე იღებდა ვიდეოკამერით კადრებს, თუ როგორ გამოდიოდნენ თეატრიდან შეხვედრის მონაწილეები.
"ამ დროს მოვიდა ჩემთან რამდენიმე სამხედრო პირი და მითხრეს, რომ გადაღება არ შეიძლებოდა. მე ავუხსენი, რომ ვიღებდი ქუჩაში, საჯარო სივრცეში და ამის უფლება მქონდა და წავიდნენ", – ამბობს თამუნა ზანთარაია.
მისივე თქმით, როდესაც მან გადაღება დაასრულა და რედაქციისკენ წავიდა, გზაში მანქანა გაჩერდა, საიდანაც რამდენიმე სამხედრო პირი გადმოვიდა:
"ერთ–ერთმა მათგანმა მითხრა, რომ ის იყო მამუკა იოსავა, თავდაცვის უწყების წარმომადგენელი და მითხრა ყველაფერი უნდა წაშალო, რაც გადაიღეო. მე ვუთხარი, რა არის აქ წასაშლელი, გარეთ, ქუჩაში, საჯარო სივრცეშია გადაღებული ეს კადრები–მეთქი. არ შეიძლებაო. თუ არ მოგვცემთ ამის უფლებას, კამერას წავიღებთო, თქვენც წამოხვალთ ჩვენთან ერთად და მაინც წავშლითო და წაშალეს კამერიდან ყველა კადრი".
თავდაცვის სამინიტროს პრეს სამსახურის უფროსი სალომე მახარაძე, "ნეტგაზეთთან" საუბარში აცხადებს, რომ მამუკა იოსავა ნამდვილად მუშაობს მათ უწყებაში, კერძოდ კი, გვარდიაში. მისივე თქმით, ზუგდიდში შეხვედრა იყო მოსახლეობასთან ნებაყოფლობითი რეზერვის თაობაზე.
"როგორც იქ მყოფმა სამხედროებმა მითხრეს, მათ თხოვნით მიმართეს ჟურნალისტებს, რა თქმა უნდა, არავითარი უფლება არ ჰქონდათ არც ამის, რომ მასალა წაეშალათ. ჩვენდა სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ამ ადამიანმა პრესასთან ურთიერთობის წესები ან კარგად ვერ გაიხსენა, ან... მამუკა იოსავამ ჩემგან საყვედური მიიღო ამის გამო და ამას რა გაგრძელება მოყვება, არ ვიცი. მე ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რომ მასალა განადგურდა სამხედროს ინიციატივით, მან როგორც მითხრა, უბრალოდ ვითხოვეო, არ მინდა კადრში გამოჩენაო და წაშალეს ჩვეულებრივად ეს კადერები ისე, რომ ზედმეტ შელაპარაკებასაც არ ჰქონია ადგილიო. ნებისმიერ შემთხვევაში მე თავდაცვის სამინისტრო სახელით მაინც ბოდიშს ვიხდი", – განუცხადა "ნეტგაზეთს" სალომე მახარაძემ.
მისივე თქმით, ის მზადაა, რომ ხვალ თავად ჩავიდეს ზუგდიდში და ანალოგიური შეხვედრა გადააღებინოს "ლაივპრესის" ჟურნალისტებს. სამინისტროს ინიციატივით შეხვედრები მოსახლეობასთან ნებაყოფლობითი რეზერვის შესახებ საქართველოს ყველა რეგიონში იმართება, რომლებიც ჟურნალისტებისთვის ღიაა.
"უბრალოდ, სამხედროები მიჩვეულები არიან, რომ ყოველთვის, როდესაც მათ კამერა უღებს და პრესაში შუქდებიან, იქვე არის პრესსამსახური. ამდენად გარკვეული წესები არსებობს, რომ შეხვედრის გადაღება წინასწარ იყოს შეთანხმებული პრესსამსახურთან, თუმცა შეხვედრიდან გამოსული ხალხის გადაღება თავისუფლად არის შესაძლებელი", – ამბობს სალომე მახარაძე.
ამავე თემაზე:
თავდაცვის სამონისტროს წარმომადგენელმა „ლაივპრესს“ გადაღებული მასალა წაუშალა
თამარ კორძაია: „ლაივპრესის“ კუთვნილი ვიდეომასალის წაშლა უკანონოა