სამართალი
ზუგდიდის მცხოვრები თვალის კლინიკას უჩივის - საქმეს პროკურატურა იკვლევს
ზუგდიდის სოფელ დარჩელში მცხოვრები ჯუმბერ კორკელია, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯის“ ზუგდიდის ფილიალს უჩივის. მას აქ კატარაქტის ოპერაცია მიმდინარე წლის 27 იანვარს, თბილისიდან ჩამოსულმა ქირურგმა, მიხეილ თევდორაძემ გაუკეთა. მეორე დღეს კლინიკაში დაიბარეს და როგორც ამბობს, ამორეცხვის პროცედურა ჩაუტარდა. მას შემდეგ ამ დრომდე თვალის არეში ძლიერ ტკივილებს გრძნობს. ჯუმბერ კორკელიას თქმით, ამ მდგომარეობაში კიდევ 40-მდე პაციენტია, თუმცა არცერთ მათგანს ჩვენთან საუბარი არ სურს.

ჯუმბერ კორკელიას კლინიკაში უთხრეს, რომ მოიწამლა. რის გამო, არ იცის. იცის მხოლოდ ვარაუდები, რაც ექთანმა და მკურნალმა ექიმმა უთხრა. ერთი ვერსიით ამოსარეცხი ხსნარი უვარგისი იყო, რადგან მასში როგორც განუმარტეს - „ჰაერი გაიპარა“, მეორე ვერიის თანახმად კი, რომლისაც ჯუმბერ კორკელიას უფრო მეტად სჯერა, ლაზერული აპარატი დეზინფიცირების გარეშე გამოიყენეს. კორკელია ამბობს, რომ რაიმე სახის მოკვლევა აღნიშნულ საკითხზე არ უწარმოებიათ. ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ მისთვის არავის უცნობებია.

ოპერაციის შემდეგ ის ქირურგს არ შეხვედრია. არც სატელეფონო საუბარი ჰქონია მასთან. კლინიკაში დაჰპირდნენ, რომ მიხეილ თევდორაძეს შეახვედრებდნენ, მაგრამ ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა.

მოქალაქე განმარტავს, რომ ზუგდიდის ფილიალში ურჩიეს თბილისში, ცენტრალურ ოფისში წასულიყვნენ, ვისაც ამის შესაძლებლობა ჰქონდა. ჯუმბერ კორკელიას თქმით, 18 მართლა ჩავიდა, თუმცა უშედეგოდ, ყველას უკან დაბრუნება მოუწია.

„ტკივილები ახლაც გრძელდება. ერთი მეშოკი წამლები მაქვს თვალში ჩასხურებული. ზოგიერთი გამოჯანმრთელდა. ყველაფრის ზუსტი მოკვლევა უნდა ჩატარდეს. მე მოვითხოვე ჟურნალისტები. დირექტორი მოვიდა. არ გვიჩივლოთ და მედიკამენტები უფასოდ იქნებაო. ეს ორი დღე გაგრძელდა. ორი დღის შემდეგ ყველაფერი ჩვენი ფულით ვიყიდეთ“, - გვითხრა ჯუმბერ კორკელიამ.

მისი ინფორმაციით, მან თვალის მკურნალობისთვის ჯამში 5 ათას ლარამდე დახარჯა. მხედველობა აღუდგა, თუმცა ტკივილებს დღესაც წამლებით იყუჩებს.

განსაკუთრებით მძიმედ იხსენებს ოპერაციის შემდგომ დღეებს, როცა თითქმის ყოველ ათ წუთში დღე-ღამის განმავლობაში თვალში ჩასაწვეთებელ საშუალებას იყენებდა. ამ ყველაფერმა, როგორც განმარტავს, ნერვული აშლილობა გამოიწვია და კანიც გაუღიზიანდა.

„ნევროპათოლოგი ამბობს, რომ ეს გამოწვეულია ანთებით. შვიდი თვე არ მიძინია თვალის გამო. ბოლო ვიზიტი მქონდა მკურნალ ექიმ გოჩა ქაჯაიასთან 4 აპრილს. გვერდით პაციენტებს ღებულობდა. გავიდა რამდენიმე საათი. ტკივილმა შემაწუხა და შევედი პირდაპირ. მეუბნება, ვერ შემოხვალო. ვუთხარი დაზარალებული ვიყავი და უნდა მივეღე ურიგოდ. შაქარმა ამიწიაო შენს ნათქვამზე და გარეთ გამომიშვა. პოლიციას დაუძახა დირექტორმა, მაგრამ არ მოსულა“, - გვითხრა ჯუმბერ კორკელიამ. მას მკურნალმა ექიმმა უთხრა, ჩემგან შენი მკურნალობა დასრულდა, შენმა ქირურგმა მოგხედოს, ან ისტორია გაიტანე და სხვა ექიმს მიმართეო.

პაციენტმა წერილით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელ ლაშა გოგიასაც მიმართა, თუმცა უთხრეს, რომ აღნიშნული საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

ჯუმბერ კორკელია თავს დაზარალებულად მიიჩნევს და საქმის გამოძიების თხოვნით სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას 7 აპრილს მიმართა. ის კომპენსაციას, სულ ცოტა 30 ათასი ლარის ოდენობით ითხოვს მორალური ზიანისთვის, ასევე ექიმების დასჯას.

ჯუმბერ კორკელიას ბრალდებებს და პრეტენიზებს არ ეთანხმებიან „ოფთალმიჯში“. კლინიკის ზუგდიდის ფილიალის მენეჯერმა ეკატერინე კორკელიამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ პაციენტის თვალის მდგომარეობის გართულება რეალურად არა მათმა არასათანადო მოპყრობამ, არამედ ოპერაციის შემდეგ არასათანადო მოვლამ გამოიწვია:

„ეს კაცი სისულელეებს ამბობს. ამორეცხვა მეორე დღეს ოპერაციის შემდეგ არ კეთდება. ოპერაციის მერე ალბათ თვითონ ვერ დაიცვა წესები. ჩვენ სახლში არ მივყვებით. ვაძლევთ რეკომენდაციას, როგორ უნდა მოიქცეს და რა უნდა გააკეთოს. რა წვეთები უნდა იხმაროს, რაც არცერთი გაკეთებული არ ქონდა“.

ეკატერინე კორკელია ყოფილ პაციენტს „ინტრიგანს“ უწოდებს, რომელიც „ფულის გამოძალვას ითხოვს, თუ სხვა რამეს“, ამ დრომდე ვერ გაარკვია.

მისი თქმით, უკვე იმყოფებოდა ჯანდაცვის სამინისტროს გამოგზავნილი კომისია, რომელიც ორი დღის განმავლობაში სწავლობდა ადგილზე არსებულ ვითარებას, ასევე სამედიცინო დაწესებულებაში ჰიგიენურ მდგომარეობას, რაზეც პრეტენზია ჯუმბერ კორკელიას ჰქონდა. ფილიალის მენეჯერი ამბობს, რომ დასკვნის შემდეგ გაირკვევა, აქვს თუ არა მოქალაქის პრეტენზიებს რაიმე საფუძველი.

ეკატერინე კორკელიას სიტყვებით, თუკი ჯუმბერ კორკელია სასამართლოს მიმართავს, სწორედ იქ გახდება ცნობილი, არის თუ არა კლინიკა მომხდარში დამნაშავე. თუმცა ამავდროულად მისთვის გაუგებარია, რას ითხოვს ყოფილი პაციენტი, როცა მათთან 8%-იანი მხედველობით მივიდა და უკან 70%-იანი მხედველობით გაუშვეს.

„კაცი ითხოვს რას, რატომ მეცით პატივიო. პატივი იმიტომ ვეცი, რომ ჩემი მოგვარე ყოფილა. მითხრა უპატრონო ვარ, არავინ არ მყავსო. წამლებიც ვუყიდე, თან გადავყევი. ქონდა ანთება. რადგან ანთება ქონდა, და კორკელია ვარო, ჩემთან კლინიკაში მომყავდა და გადასხმებს აქ ვაკეთებინებდი ჩემს ექთნებს, რომლებსაც საერთოდ არ ევალებოდათ ამის გაკეთება“.

ეკატერინე კორკელია ასევე არ ეთანხმება მოქალაქეს, როცა ის ამბობს, რომ ოპერაციის შემდეგ 40-მდე პაციენტი მოიწამლა.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში „ლაივპრესს“ დაუდასტურეს, რომ განცხადება მათ ნამდვილად მიიღეს ჯუმბერ კორკელიას საქმესთან დაკავშირებით, თუმცა შემდგომი რეაგირებისთვის წერილი ჯანდაცვის სამინისტროში გადააგზავნეს.

თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში გვითხრეს, რომ შესწავლას მორჩნენ, თუმცა გარკვეული პროცედურები ჯერ კიდევ ბოლომდე არ დასრულებულა.

„დამატებითი ინფორმაციის და შესწავლისთვის გადაგზავნილია რეცენზიაზე დარგობრივ სპეცაილისტებთან. ველოდებით მათ დასკვნასაც, რომ მერე მთლიანად შეჯერდეს რა იქნება, როგორ იქნება და ვაცნობებთ განმცხადებელს“, - განმარტეს სააგენტოში.

აფხაზეთიდან დევნილი ჯუმბერ კორკელია სოციალურად დაუცველია. და-ძმასთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ ადვოკატის დასაქირავებლად ფინანსური რესურსი არ აქვს. ამ დრომდე ის საჩივარზე პროკურატურისგან რეაგირებას ელოდება.