ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით დაზარალებული ხობელი ფერმერების, დავით კუკავას და დავით გრიგოლიას სასამართლო პროცესი ხობის მაგისტრატ სასამართლოში დღეს დაიწყო. “ საქართველოს ბანკი“ დავით კუკავას 15 ათას ლარს ედავება. კუკავას თქმით, მისი ქონება უკვე დაყადაღებულია და სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ბანკი მის საკუთრებას რამდენიმე კვირაში გაყიდის. დაზარალებულ ფერმერს სასამართლო პროცესის მოგების იმედი არ აქვს.
„პრეზიდენტმა როცა თქვა, ეს თანხები ჩამოწერილი იქნებაო, ფერმერებმა ერთმანეთს მიულოცეთ და შევწყვიტეთ ბანკში თანხების შეტანა. მან გარკვევით განაცხადა, რომ ეს თანხები და გაწეული დანახარჯები ჩამოწერილი იქნებოდა, მაგრამ მაინც მიწევს სასამართლოზე სიარული და როცა პროცესი დამთავრდება, ალბათ ჩემს ქონებას გაყიდიან“, – ამბობს დავით კუკავა.
სასამართლო პროცესს ესწრებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰიბრიდული სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამით დაზარალებულთა კავშირი“. მისი ხელმძღვანელის, ელიზავეტა ფეოდოროვა–ქორიძის თქმით, რომელიც ასევე არის ამ პროგრამით დაზარალებული ფერმერი, პრეზიდენტი მხოლოდ სიტყვიერად დაჰპირდა ფერმერებს თანხების ჩამოწერას, თუმცა შესაბამისი დოკუმენტი დღემდე არ არსებობს.
“ჩვენ იმ სახელმწიფო პროგრამის მსხვერპლი აღვმოვჩნდით, რომელსაც რეკლამას მინისტრები და პრეზიდენტიც კი უწევდა. ბანკი სრულიად სამართლიანად ითხოვს გადასხდელ თანხას, მაგრამ ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ? იქნებ ამაზე პასუხი ვინმემ გაგვცეს,“– ამბობს ელიზავეტა ფეოდოროვა-ქორიძე.
დაზარალებული ფერმერების მომდევნო სასამართლო პროცესი 21 აგვისტოს არის დაგეგმილი.