ზუგდიდში, სამეგრელოს ქუჩაზე მცხოვრები ნონა კურდღელია ამბობს, რომ მას პოლიციის თანამშრომლები დაჭერით დაემუქრნენ. მოქალაქემ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ მასთან დღეს დილით, პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და 13 წლის წინ გარდაცვლილი ბიძაშვილის, ბიძინა (კახა) ფიფიას ფოტოსურათი მოსთხოვეს. მას შემდეგ, რაც მოქალაქემ არ მისცა ფოტოსურათი, პოლიციელები უხეშად მოექცნენ და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაპატიმრებით დაემუქრნენ. ნონა კურდღელიას თქმით, პოლიციის თანამშრომლებს შორის ერთ-ერთი მისი მეზობელი, მიხეილ ბერიშვილიც იყო.
„მათ მითხრეს, რომ პოლიციის სამმართველოში იმყოფება რუსეთიდან ჩამოსული ქალი, რომელიც ამბობს, რომ კახა ფიფიასგან შვილი ჰყავს, ამიტომაც სჭირდებათ ჩემი ბიძაშვილის ფოტოსურათი“. ნონა კურდღელიას თქმით, მის ნათესავს მეუღლე არ ჰყავდა.
მოქალაქეს რომ პოლიციის თანამშრომლები უხეშად მოექცნენ და დაჭერით დაემუქრნენ, ამას ნონა კურდღელიას მეზობლებიც ადასტურებენ. თუმცა ამის შესახებ ვიდოკამერასთან არ საუბრობენ.