ზუგდიდში ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი ქალაქის ბულვარი, დადიანების ეზო და ბოტანიკური ბაღია. სტუდენტები და სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები აქ ძირითადად დღის მეორე ნახევარში იყრიან თავს. მათ აქტიურ „დებატებში“ ჩართულებს ასევე შეამჩნევთ ტოტალიზატორების წინ, რომლებიც ქალაქში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა. სამაგიეროდ სრულიად ცარიელია ზუგდიდის კინოეთეატრ „ატრიუმის“ დარბაზი და თეატრის შენობა. პასიურობის მიზეზებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და ამ მიზეზით სპეკტაკლები თითქმის აღარ ტარდება. კინოთეატრ „ატრიუმში“ კი ფილმების ჩვენებები არ იმართება მაყურებლის სიმცირის გამო.
რა პრობლემები აქვთ ზუგდიდელ ახალგაზრდებს, რას აკეთებენ ისინი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიღმა? - ამ კითხვით მიმართა „ლაივპრესმა“ ზუგდიდის პარკებში შეკრებილ სტუდენტებსა თუ სკოლის მოსწავლეებს:
„ადრე კინოები ჩამოჰქონდათ და კარი იყო, ახლა არ არის. რამდენჯერ გვითქვამს კარგი ინქნება ისევ იყოსო. ახლა ძირითადად რაღაცეებს ავღნიშნავთ რესტორნებში და სახლში. კარგი იქნება რაღაც შეხვედრები მოაწყონ, ჩამოიყვანონ ვიღაცეები“, - ამბობს 18 წლის ლიკა შურღაია. მასზე ორი წლით უფროსი ჯანო ლაგვილავა კი მიიჩნევს:
„კარგი იქნებეოდა, რომ არსებობდეს კლუბები და არა ტოტალიზატორები, უფრო თავისუფლად, რომ გავერთოთ“.
„ზუგდიდში არ არის კინო, არ ფუნქციონირებს თეატრიც. კულტურული დაწესებულება ადამიანი, რომ სულიერად გაიზარდოს ზუგდიდში არ არის. მე პირადად ვისურვებდი, რომ თეატრი აღორძინდეს, კინოც რათქმაუნდა, მაგრამ თეატრი მე უფრო მომწონს“, - გვითხრა სალომე კოდუამ. მისგან განსხვავებით, 22 წლის იოსებ ჯიქია კინოს ამჯობინებს:
„ძირითადად რაც გვაწუხებს ესაა, რომ კინო არ გვაქვს. ჩვენ თვითონ ვცდილობდით ეს გაგვეკეთებინა, ვქირაობდით დარბაზს ჩვენებებისთვის... არაფერი არ არის ისეთი სადაც ახალგაზრდა შეიძლება გაერთოს. მე პირადად სახლში მარტო ვუყურებ ფილმებს ან წიგნს ვკითხულობ“.
ზუგდიდის კინოთეატრ ატრიუმში აცხადბენ, რომ მისი გახსნის დღიდან აქტიურად იმართებოდა ფილმების ჩვენებები, თუმცა მაყურებლის სიმცირის გამო „ატრიუმს“ ფინანსური პრობლემები შეექმნა და ტემპის შენარჩუნება ვერ შეძლო. კინოთეატრის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა შენობის ნაწილი სხვადასხვა კომერციული საქმიანობებისთვის გაექირავებინა, მათშორის ტოტალიზატორისთვისაც. „ატრიუმის“ წარმომადგენელი სალომე ჯინჯოლიას თქმით, მიუხედავად ამისა მათ მოახერხეს და შეინარჩუნეს კინოჩვენებებისთვის მცირე, მაგრამ კომფორტული დარბაზი, სადაც დროდადრო დაინტერესებული ორგანიზაციები ან კერძო პირები კინოჩვენებებს მართვენ, რომელსაც მაყურებელი კვლავინდებურად არ ჰყავს:
„ამ მხრივ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვდაგვართ. ბევრი მცდელობა იყო, რომ ბავშვები დაინტერესებულიყვნენ, მაგრამ ბავშვების მატერიალური მდგომარეობა დამოკიდებულია მშობლებზე. მშობლები კი ვერ უზრუნველყოფენ მათ კინოში მოსვლას“.
კინოსგან განსხვავებით, ახალგაზრდების აქტიურობასთან დაკავშირებით დამაიმედებელ ინფორმაციას გვაწვდის ზუგდიდის ბიბლიოთეკის დირექტორი მანანა გვარამია. მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში შენობაში ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად გაიზარდა ახალგაზრდა მკითხველთა რაოდენობა:
„როგორც კი ახალი წიგნები შემოვა, ამ ახალი წიგნებით ინტენსიურად სარგებლობენ. გაუცემელი თითქმის არ რჩება ეს წიგნები. ჩვენ მათ ინტერესსაც ვითვალისწინებთ და ესეც განაპირობებს ალბათ მათ აქტიურობას“.
რაც შეეხება ზუგდიდის თეატრის რეკონსტრუქციის საკითხს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს არერთხელ განუცხადებიათ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან და კორეულ კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით, იგეგმება თეატრის სრული რეკონსტრუქცია თანამედროვე აპარატურით და განათების სიტემით.
ამავე თემაზე
ზუგდიდის თეატრის რეკონსტრუქციის საკითხზე კონსულტაციები თვის ბოლოს დასრულდება
ზუგდიდის თეატრის დემონტაჟი-რეკონსტრუქციის საკითხი კვლავ მოლაპარაკების საგანია
ზუგდიდში თეატრის შენობის დემონტაჟი იგეგმება
ზუგდიდის თეატრის რეკონსტრუქციის საკითხზე კორეელმა ინვესტორებმა შეხვედრა გამართეს [Video]