საზოგადოება
ექსკურსია სოფელ სუჯუნაში - აკაკი ხოშტარიას 100 წლის სახლი, ეკლესია და სინაგოგა [Video]

თუ ისტორიულ ფაქტებს დავეყრდნობით, აბაშის ერთ-ერთ უძველეს სოფელს, სუჯუნას სახელი ხალხმა შეურჩია. ქართული ხალხური ეტიმოლოგიით სუჯუნა

დამდგარ წყალს ნიშნავს: სუ–წყალი, ჯუნა–დამდგარი. სოფლის განვითარება მართლაც წყალთან არის დაკავშირებული, რადგან მეთვრამეტე - მეცხრამეტე საუკუნეებში აქ ნაოსნობა იყო განვითარებული, რამაც მოგვიანებით ვაჭრობის განვითარებას შეუწყო ხელი. სწორედ ამიტომ სუჯუნა ამ პერიდში  სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს ერთ-ერთ განვითარებულ სავაჭრო პუნქტად მოიხსენიება. სოფლის განვითარებას უკავშირდება იმ დროისთვის სუჯუნაში ებრაელების დასახლებაც. განვლილი ისტორია სუჯუნაში ჩასვლისას უმალვე იგრძნობა, ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით აქ ნახავთ მეთვრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში აგებულ მართმადიდებლურ ეკლესიას და ამავე პერიოდის სინაგოგას. ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს კი დახვეწილი აქრუტექტურით გაგაკვირვებთ უძველესი ევროპული ტიპის სასახლე. სუჯუნელები სტუმართმოყვარე ხალხია. ყველა სახლში გეპატიჟება და სოფლის ისტორიაზე მოყოლას იწყებენ, მითუფრო, რომ მოსაყოლი ბევრი აქვთ. სუჯუნელებს დანარჩენი აბაშელების მსგავსად განსაკუთრებულად უყვართ ველოსიპეტი და სოფელში ტრანსპორტის ეს სახეობა დიდი პოპულარობით სარგებლობს.


აკაკი ხოშტარიას სახლი სუჯუნაში

 

ცნობილმა ქართველმა ფინასისტმა, საზოგადო მოღვაწემ და ქველმოქმედმა აკაკი ხოშტარიამ 1915 წელს დედის სახელზე აბაშის სოფელ სუჯუნაში ევროპელი არქირექტორების დახმარებით სახლი ააშენა. მოგვიანებით მან შენობა სოფელს საგანმანათლებლო დანიშნულებისთვის საჩუქრად გადასცა. მასშემდეგ 100 წელი გავიდა. ორიგინალური და დახვეწილი არქიტექტურით გამორჩეული სახლი ახლა რეკონსტრუქციას საჭიროებს. დაზიანებულია, როგორც შენობის გარე ფასადი ისე, შიდა ინტერიერი. სახურავიდან ჩასულმა წვიმამ გააფუჭა სხვადასხვა ორნამენტებით შემკული სახლის ჭერი და კედლები. ნაწილობრივ მორღვეულია შენობის შესასვლელთან განთავსებული ლომის ქანდაკებები. აკაკი ხოშტარიას სახლის  მფლობელი 5 წელია რაც საქართველოს საპატრიარქო, კერძოდ კი ჭყონდიდის ეპარქიაა და ახლა აქ მონაზვნები ცხოვრობენ. საჭირო თანხების არ ქონის მიზეზით ეპარქია შენობის აღდგენას ვერ ახერხებს, - ასე განუცხადა „ლაივპრესს“ აბაშაში მოღვაწე დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ. მისი თქმით, ნაგებობა ძირითადად საბჭოთა პერიდში დაზიანდა, შემდეგ კი: „1997- 98 წლებში ცნობილმა ქართველმა ბიზნესმენმა დავით ხოშტარიამ გაარემონტა. ისიც წარმოშობით სუჯუნელი იყო და შორეული ნათესავი აკაკი ხოშტარიასი. აი მასშემდე აქ პრო-გიმნაზია განთავსდა, რომელმაც დიდხანს ვერ იფუნქციონირა და რატომღაც შეწყვიტა არსებობა. შემდეგ წლების განმავლობაში გამოკეტილი იყო და მეუფე პეტრემ გადაწყვიტა, რომ ეკლესიას ეპატრონა ამ შენობისთვის. გახსნილია ანგარიში“.

 

აკაკი ხოშტარიას სახლს ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და როდის მოხდება ეს არ იციან  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში. აქ „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ სუჯუნის სახლის მსგავსად საქართველოში მრავლადაა ისეთი ობიექტები, რომლებსაც უნდა ჰქონდეს მაგრამ არ აქვს ძეგლის სტატუსი, მიმდინარეობს მუშაობა და პრიორიტეტების მიხედვით გაგრძელდება ეს პროცესი. სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსის თეა ონიანის განცხადებით, პროცედურების თანახმად, სააგენტო სტატუსის მინიჭებაზე მუშაობას იწყებს მისი თანამშრომლების მიერ მოკვლეული მასალების, ასევე ადგლობრივი თვითმმართელობისა და ობიექტის მესაკუთრის განცხადებების საფუძველზე. „სათანადო დოკუმენტაცია არ არის ჩვენთან წარმოდგენილი, თუმცა, თუნდაც თქვენ მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე, ჩვენ, ალბათ, მოვახდენთ რეაგირებას და სპეციალისტები იქნებიან მივლინებული, მაგრამ ეს შეიძლება ვერ მოხდეს დღეს ან ხვალ, რადგან არსებობს გაწერილი გეგმა-გრაფიკი“. თეა ონიანის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე 2004 წლიდან დღემდე 7 000 შენობას მიენიჭა კულტურის ძეგლის სტატუსი და მის გარეშე შესაძლოა დარჩენილი იყოს კიდევ ერთი იმდენი. ამიტომ სააგენტო ვარაუდობს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა რანდენიმე წელს მაინც ვერ დასრულდება.


წმინდა გიორგი სახელობის ეკლესია სუჯუნაში

 

სუჯუნის ცენტრშია განთავსეული მე-18 საუკუნის მიწურულს და მე-19 საუკუნის დასაწყისში აგებული სამთავიანი, გუმბათოვანი წმინდა გიორგის ტაძარი. დეკანოზ კონსტანტინე კაჭარავას განცხადებით, მეცხრე საუკუნიდან აქ ხის ტაძარი არსებობდა და გუმბათოვანი ეკლესიის მშენებლობა სავარაუდოდ წმინდა ანტონ ჭყონდიდელის დროს დაიწყო. 1913 წელს ეკლესია მოინახულა მეცნიერმა ექვთიმე თაყაიშვილმა, რომლის მასალებიდანაც ირკვევა, რომ ტაძარში დაბრძანებული იყო წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატი. გადმოცემის თანახმად ის მეთერთმეტე საუკუნეშია შესრულებული. ხატი ამჟამად ხელოვნების მუზეუმის „ოქროს ფონდშია“ დაცული. სასულიერო პირის ცნობით, სუჯუნის ეკლესიაშია დაცულია წმ.გიორგის ნაწილები. 2007 წელს ტაძართან გაიხსნა დედათა მონასტერი. ასევე მეცხრამეტე საუკუნეშია აგებული სუჯუნის ებრაელთა სინაგოგა. დავით დადიანის მმართველობის დროს სუჯუნა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი გახდა. ამ პერიოდს უკავშირება სოფელში ებრაული დასახლების გაჩენა და ქვის სინაგოგის მშენებლობაც. როგორც დეკანოზი განმარტავს სუჯუნაში მცხოვრები ბოლო ებრაელი 2000 წელს გარდაიცვალა. მისივე თქმით, ებრალები ყოველწლიურად აკითხავენ სინაგოგას და აქვთ ურთიერთობა სოფლის მცხოვრებლებთან.