საზოგადოება
სენაკელი ბავშვების გამოგონება - შემდეგი გაჩერება NASA [ვიდეო]
სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-8 კლასის ხუთი მოსწავლე მაისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრება. ეს წარმატება ახალგაზრდებს მცირე ზომის მოწყობილობამ მოუტანა, რომელიც მათ საკუთარი ხელით, სკოლის ლაბორატორიაში შექმნეს.

სენსორებისგან, მაგნიტის თუ სხვა პრიმიტიული ტექნიკური აღჭურვილობისგან დამზადებული მოწყობილობა არის შეტყობინების სისტემა მეწყერსაშიში ზონებისთვის, რომელიც მყისიერად აფიქსირებს ნიადაგში წარმოქმნილ ცვლილებებს და ზღვრული ნორმის გადაჭარბების შემთხვევაში სიგნალს აწვდის აპარატურის ცენტრალურ სერვერს. პარარელურად ამ ინფორმაციის მიღებას ბაზაში დარეგისტრირებული მოსახლეობაც შეძლებს.

მოსწავლეებს მოწყობილობის დამზადების იდეა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც შარშან აგვისტოში სტიქიამ სკოლის მიმდებარე ტერიტორია ჩაანგრია. ამბობენ, რომ საქართველო, განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონი მეწყერის მხრივ აქტიური ზონაა, რასაც თან სდევს მატერიალურ ზარალთან ერთად ადამიანური ტრაგედიებიც. შესაძლოა აპარატმა ვერ უზრუნველყოს მატერიალური დანაკარგების თავიდან აცილება, მაგრამ ახალგაზრდა გამომგონებლების მტკიცებით, სწრაფი შეტყობინების პირობებში მოსახლეობის ევაკუაცია დროულად მაინც მოხდება.

მოსწავლეების გამოგონილი მოწყობილობა. ფოტო: ლაივპრესი

მოზარდებს ჩანაფიქრის განსახორციელებლად 500 აშშ დოლარი „სმართ ქიდსის“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა გამოუყო. მოსწავლეების გამოთვლით, საბოლოო ჯამში, მოწყობილობის ნიადაგში დასამონტაჟებლად, გეოლოგთა მომსახურების ჩათვლით, 10 ათასი ლარია საჭირო. გამომგონებლების თქმით, აპარატურის უპირატესობა ის არის, რომ მისი დამზადება იაფი ჯდება, არ მოითხოვს რელიეფის წინასწარ ცოდნას და ყველანაირ პირობებს ერგება. ამასთან, გამოირჩევა სიზუსტით, და საიმედოობით.

მოსწავლეები ამბობენ, რომ ხელსაწყოთი საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაცია დაინტერესდა, სადაც მოსწავლეები სტაჟირებას გაივლიან. ამას გარდა, კორპორაციამ „სმართ ქიდსს“ 5 ათასი ლარი საჩუქრად გადასცა, აპარატურის ნიადაგში დამონტაჟების ხარჯის დასაფარად, რათა მისი ეფექტურობა რეალურ გარემოში გამოსცადონ. მოწყობილობის განთავსებას ბავშვები სკოლის მიმდებარე ტერიტორიასა და ნოქალაქევში გეგმავენ.

„ეს უკვე დასრულებული პროექტია, მუშაობს, უბრალოდ დასადგენია, რა უნდა იყოს ზღვარი მაგნიტს და სენსორს შორის რეალურ გარემოში და დამონტაჟების შემთხვევაში იმუშავებს“, - უთხრა მოსწავლეების მენტორმა უტა კილასონიამ „ლაივპრესს“.

დაჯილდოვების ცერემონიალი

როგორც გამოვარკვიეთ, სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების ეს გამოგონება პირველი არ არის. შარშან მოსწავლეებმა საბარათე სისტემა შექმნეს და ციფრული ვოლტმეტრი, ამპერმეტრი დაამზადეს ლაბორატორიისთვის.

პატარა გამომგონებლებს წარმატების ემოცია ჯერაც არ განელებიათ. გვიჩვენეს მიღებული სერთიფიკატები და მთავარი ჯილდო - საგზური კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში. ისინი ათდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჰიუსტონს ეწვევიან და იქნებიან პირველი ქართველები, რომლებიც NASA-ს ყველზე დიდ ცენტრში ერთ კვირას დაჰყოფენ.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2015 წლიდან ხორციელდება და მასში სულ 240-მა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა. მისი მიზანი ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისებაა. კონკურსს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.