საზოგადოება
დე ფაქტო მთავრობას სურს ენგურის ხიდზე ოთხთვალა მიკროავტობუსით შეცვალოს [ვიდეო]
„ოცდამეერთე საუკუნეში ვართ და ცხენით დავდივართ. ბოლოსდაბოლოს ჩვენც, ხომ ხალხი ვართ. მთავრობა ხელს არ გვიწყობს და დავჩანჩალებთ. თუ ამას (ოთხთვალას) მიკროავტობუსით შეცვლიან, კარგი იქნება. ამოისუნთქავს ხალხი, - ამბობს ზუგდიდიდან გალის სოფელ წარჩეში მიმავალი მგზავრი, რომელმაც „ლაივპრესისგან“ შეიტყო დე ფაქტო მთავრობის სურვილის შესახებ, ენგურის ხიდზე მოძრავი ტრანსპორტი - ოთხთვალას შებმული ცხენები მიკროავტობუსით შეიცვალოს.

ოკუპირებულ აფხაზეთის მცხოვრებლები, მეტწილად კი ქართველებით დასახლებული გალის მოსახლეობა, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ სწორედ ოთხთვალას საშუალებით გადმოდის დანარჩენ საქართველოში და ბრუნდება უკან ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეორე წელია მუშაობს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ინიციატივით დაწესებული უფასო მიკროავტობუსი, ის მგზავრთა დიდ ნაკადს ვერ აკმაყოფილებს. შედეგად ძირითად ტრანსპორტად კვლავ ცხენი და ურემი რჩება. ხუთი ოთხთვალა დილის რვიდან საღამოს რვა საათამდე მუშაობს. მისი ერთი გაჩერება ზუგდიდის სოფელ რუხში, მეორე კი ენგურის ხიდის მეორე მხარეს, ე.წ. აფხაზურ საგუშაგოსთანაა.

საეთო ჯამში, ზუგდიდი-გალის მიმართულებით მგზავრს ორი გაჩერება და ტრანსპორტის შეცვლა მოუწევს. პირველი - ზუგდიდის ბაზარი - სოფელი რუხი, რაც მიკროავტობუსით 2 ლარი, ტაქსით კი 7 ლარამდე ღირს. მეორე - სოფელი რუხი-ე.წ. აფხაზური საგუშაგო, ოთხთვალათი მგზავრს ეს მანძილი ერთი ლარი დაუჯდება და ამდენივე თითო ჩანთა. აფხაზურ საგუშაგოსთან მისუფლებს საკუთარ სოფლებში გასამგზავრელად კი მანძილის მიხედვით 2-დან 5-ლარამდე გადახდა მოუწევთ. საერთო ჯამში ერთი გზის ხარჯი მინიმუმ 5-დან 15 ლარამდე მერყეობს.

გალელები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ოთხთვალას მიკროავტობუსი ჩაანაცვლებს, გადაადგილება მნიშვნელოვნად გამარტივდება. მითუფრო მაშინ, თუ ზუგდიდის ავტოსადგურიდან აფხაზურ საგუშაგომდე პირდაპირი რეისი დაინიშნება. სწორედ ასეთი ინფორმაცია აქვს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მცხოვრებ „ლაივპრესის“ რესპონდენტს:

„ასე უთქვამთ ეს არისო ნამდვილი სირცხვილი ოცდამეერთე საუკუნეში ოთხთვალათი, რომ გადმოყავთო ხალხი. ჩხოუშის (ზუგდიდი) ავტოსადგური რომ არის იქედან დაუშვებენო აქ, სულ პოსტამდე მარშუტკებს. ისე მართლა სირცხვილია მეთვრამეტე საუკუნეში ვართ ჩარჩენილი“, - განაცხადა რესპონდენტმა, რომელსაც ვინაობის დასახელება უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ სურს.

„ლაივპრესის“ კითხვაზე მსგავსი ინიციატივის ოფიციალურად დაყენების შემთხვევაში, ითანამშრომლებენ თუ არა დე ფაქტო მთავრობასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს:

„ჩვენთვის, ცენტრალური ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის, მოქალაქეებს არ შეექმნათ თავისუფლად გადაადგილების უფლება და ყველა ადამინის უფლებები იყოს დაცული“. სუს-ის პრესსამსახურში ამ თემაზე სხვა განმარტებები არ გააკეთეს.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების სურვილი ენგურის ხიდზე ოთხთვალას გაუქმების შესახებ გასულ კვირას გალის ტელევიზია „გალ ტვ-სგან” გახდა ცნობილი. საკითხი გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის თათბირზე თანამშრომელმა, ბეჟან უბირიამ წამოჭრა. მისი სიტყვებით, გადაადგილებისთვის ოთხთვალას გამოყენება „ქვეყნის“ იმიჯზე უარყოფითად აისახება. მითუფრო მაშინ როცა დე ფაქტო ხელისუფლებამ დიდი რესურსი დახარჯა ე.წ. ცენტრალური საკონტროლო გამშვები პუნქტის, „ენგურის“ ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, იქამდე მისასვლელი გზების მშენებლობასა და ავტობუსის გამოყოფაზე.

იმ შემთხვევაში, თუ დე ფაქტო ხელისუფლება ამ სურვილის ინიციატივად ქცევას გადაწყვეტს, საკითხი გალის ან ჟენევის შეხვედრების ფორმატში უნდა განიხილონ.