საზოგადოება
სექსუალური უმცირესობები - დაპირისპირება „ზუგდიდი Times-ში“
FaceBook Twitter
E-mail Print
სოციალურ ქსელ ფეისბუკის ღია ჯგუფში, სახელწოდებით - „ზუგდიდი Times“ პოლემიკა და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა გვერდის ერთ-ერთი ადმინისტრატორის, მერაბ ოკუჯავას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს, წარწერით - „თუ დროზე არ ავტეხეთ განგაში, მალე ზუგდიდის ქუჩებში ასეთ ჩაცუცქულ „მობლატავე“ ტიპებს მივიღებთ უახლოეს მომავალში!“. საქმე სექსუალურ უმცირესობებს ეხება. ჯგუფი ერთ-ერთი აქტიური სივრცეა სოციალურ ქსელში, რომელიც ქალაქისთვის, და არა მხოლოდ, მნიშვნელოვან თემებს განიხილავს. მასში 4 500-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული, სადაც აქტიური მოქალაქეები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ.

კომენტარებში მერაბ ოკუჯავა ირწმუნება, რომ ეს საფრთხე გარდაუვალია, თუ თითოეული ოჯახი არ გააკონტროლებს საკუთარი შვილების გადაადგილებას ქალაქის ქუჩებში.

„განსაკუთრებით არასრულწლოვნებზე ნადირობენ ეს გარეწრები. მე ახლახანს დავინტერესდი ზუგდიდში ლგბტე ჯგუფების „მოღვაწეობით“ და უაღრესად შეშფოთებული ვარ... ახლო მომავალში ელოდეთ გეი პარადებს ზუგდიდში!“, - წერს გვერდის ადმინისტრატორი.

მის მოსაზრებას ჯგუფის წევრების ნაწილიც იზიარებს. ამბობენ, რომ ბიჭები ჰყავთ, რის გამოც შიშსაც გრძნობენ, თუმცა მაინც „უფლის იმედი აქვთ“. ადამიანები ერთმანეთს გამამხნევებელი სიტყვებითაც მიმართავენ, რომ კონკრეტულად მათ ოჯახებს ეს საფრთხე არ ემუქრებათ, რომ ყველაფერი „აღზრდაზეა“ დამოკიდებული და „ამ დეგრადირებულებს არაფერი გამოუვათ“.

„ნატრობენ ვითომ ბიჭებს, ჯობია ინატრონ, რომ შეიძინოთ ვაჟკაცი და არა დაკოდილი მამალი“, - წერს ვინმე ქეთევან როგავა.

„ჩემდა გასაოცრად ევროპაში მსგავს პროპაგანდას არა აქვს ადგილი... მაგრამ საქართველო რომ პროპაგანდისტებმა წალეკეს, ფაქტია... რასაც იქ ვხედავ, ანუ სექსუალური გადახრებისკენ სწრაფვა და ამ თემების ფოკუსში მოქცევა, ეს საკმაოდ საშიში ტენდენციაა.“, - ამბობს ჯგუფის კიდევ ერთი ადმინისტრატორი ელისო ბაღათურია.

გეორგი გრუზინსკის სახელით დარეგისტრირებული ფეისბუკ მომხმარებლის თქმით კი, „ასეთი ტიპები“ მის გარემოცვაში არ არიან და ვერც იქნებიან.

მათგან განსხვავებულ მოსაზრებას აფიქსირებს ვინმე ნანა სუტტონი. ის ამბობს, რომ თუ ადამიანი სექსუალურ უმცირესობას არ ეკუთვნის, ამ ჯგუფის წევრი ძალისმიერი გზით ვერ გახდება. მისივე თქმით, ჰყავს ამ თემის წარმომადგენელი მეგობრები, მეზობლები, თანამშრომლებიც ჰყოლია, და ამაში პრობლემას ვერ ხედავს:

„ჩვეულებრივი ხალხია. მე არ ვიცი საქართველოში ვინ რა პროპაგანდას ეწევა, მაგრამ ის შიში, არიქა, შვილებს გვირყვნიან, გეები უნდა გახადონო, ნამდვილად მაოცებს. გეი ვერ გახდები. გეი ხარ, ან არ ხარ! ისინი, ვინც გეებად „იქცევიან“, ყოველთვის იყვნენ გეი, უბრალოდ ეშინოდათ ამის გამჟღავნების“.

მის საპასუხოდ მერაბ ოკუჯავა წერს, რომ თუ საუბარი პროპაგანდის სახეს მიიღებს, გვერდის ადმინისტრატორების მიერ შემუშავებული წესების თანახმად, იძულებული იქნება ჯგუფი დაატოვებინოს.

რა წერია წესდებაში? - ჯგუფი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილია, რომლის მიზანიც ცალსახაა - ხელი შეუწყონ მოქალაქეებს საზოგადოებად ჩამოყალიბებაში. ასევე, გამოავლინონ ღირსეული, აქტიური, ინიციატივიანი, განათლებული პიროვნებები.

წესდებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ჯგუფის წევრები „გაგებით მოეკიდონ“ განსხვავებულ აზრს, თუმცა პარარელუარად წერია ისიც, რომ იკრძალება არაკორექტული ლექსიკა, ლგბტ, ანტიმართლმადიდებლური, სეპარატისტული, ფაშისტური და მსგავსი პროპაგანდა.

დისკუსიაში ჩაერთო „თანასწორობოს მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თემის მობილიზატორი და სამედიცინო კონსულტანტი ცაბუნია ვართაგავაც. ის ამბობს, რომ არავითარი გარყვნილების პროპაგანდას და არასრულწლოვნების ჩათრევას არ ეწევიან, და რომ შეუძლებელია ხელოვნურად პოპულარიზება იმის, რისი შეცვლაც არ ხდება:

„სანამ ვინმეს ლანძღვას და დაცინვას დაიწყებდეთ, ან მოიძულებდეთ, დაფიქრდით, შეიძლება თქვენთვის საყვარელ ადამიანებსაც აყენებთ უდიდეს ტკივილს, რომლებიც ვერ გიმხელენ საკუთარ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას, იმიტომ, რომ თქვენი სიძულვილის ეშინიათ“, - ამბობს ცაბუნია ვართაგავა.

მან „ლაივპრესს“ უთხრა, რომ შიშები, რომელზეც დაიწერა, სინამდვილეში უსაფუძვლოა. მიზანი კი მოცემულ თემაზე დისკუსიის დაწყების, შესაძლოა ჯგუფის გააქტიურება იყოს. ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, კომენტარები ანარეკლია იმ ჰომოფობიური ფონის, რაც დღეს საზოგადოებაში არსებობს.

რაც შეეხება სექსუალური უმცირესობების მონაწილეობით აღლუმის გამართვას, რაზეც გვერდის ადმინისტრატორი საუბრობდა, განმარტა:

„რატომაც არა? შეიძლება დადგეს ის დღე, როცა ზუგდიდში ჩავატარებთ და ეს არც პოპულისტური განცხადებაა და არც სკანდალური. უბრალოდ რასაც ისინი აღლუმს და პარადს ეძახიან, არის ლგპტქი თემის უფლებების წინ წამოსაწევად და აქტუალიზაციისთვის გაკეთებული კამპანია, აქცია“.

ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელ ემზარ კვარაცხელიას თქმით, ჯგუფის წევრები და ადმინისტრატორები, რომლებიც მსგავს რაღაცებს განიხილავენ, არიან ჩვეულებრივი პოპულისტები, „პრორუსული ნარატივით მოძრავი ხალხი“, ვისაც სინამდვილეში წარმოდგენა არ აქვს იმ თემაზე, რაზეც საუბრობენ.

ემზარ კვარაცხელიას ეჭვი აქვს, რომ მერაბ ოკუჯავას პოსტის სამიზნე სწორედ მისი ორგანიზაციაა, რისი საფუძველიც შესაძლოა მას და გვერდის ადმინისტრატორს შორის პირადი კონფლიქტიც გახდა. საქმე ეხება ჯგუფში გაზიარებულ ახალ ამბავს, სადაც „პატრიოტთა ალიანსსა“ და ირმა ინაშვილს ვიღაცები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ, რასაც თავად დაეთანხმა, თუმცა გვითხრა, რომ მისი მხრიდან გინება არ ყოფილა. ამ ყველაფრის შედეგად ორგანიზაციის ხელმძღვანელს ჯგუფი დაატოვებინეს.

„მათ კარგად იციან, რომ 10 თვეა ეს ორგანიზაცია არსებობს, და წარმატებულადაც. არავის გარყვნილებაზე ორიენტირებული არ არის და არავითარი უბედურება არ ხდება აქ. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ვინც არ არის სიძულვილით მოტივირებული. შესაბამისად შეუძლიათ მოვიდნენ და ნახონ, რა ხდება სინამდვილეში. არასრულწლოვანი ბენეფიციარი არ გვყოლია და არ გვყავს“, - უთხრა ემზარ კვარაცხელიამ „ლაივპრესს“ და ურჩია ჯგუფის ადმინისტრატორებს, განგაში იმ საკითხებსა და პრობლემებზე ატეხონ, რაც ზუგდიდს აწუხებს, და რასაც სხვა ადამიანებთან ერთად ქალაქში პერიოდულად აპროტესტებენ.

მისივე თქმით, არ არსებობს ბუნებაში ლგბტქი პროპაგანდა, და რომ ეს იგივეა თავად დააბრალოს ვინმეს ჰეტეროსექსუალობის პოპულარიზაცია:

„ასეც რომ იყოს, მანამ სანამ მე თვალწინ მიფრიალებენ ყოველ წუთს საკუთარ ჰეტეროსექსუალობას, მეც ყოველ წუთს თვალწინ ავუფრიალებ ჩემს ჰომოსექსუალობას“.

თავის მხრივ, მერაბ ოკუჯავა არ ფიქრობს, რომ მისი პოსტი თანდართულ კომენტარებთან ერთად ჰომოფობიის გამოვლინებაა. ამბობს - აქვს საკუთარი აზრი, რასაც აფიქსირებს.

„ვინ როგორ ჩათვლის ამას, ჰომოფობიად, თუ გინდა ჰაეროჰობიად, სულ არ მაინტერესებს“, - უთხრა მან „ლაივპრესს.

ხომ არ მოდის წინააღმდეგობაში ჯგუფის წესდების ორი პუნქტი, როცა ერთის მხრივ საუბარია გაგებით მოეკიდონ განსხვავებულ აზრს, მეორეს მხრივ კი ლგბტქი, ანტიმართლმადიდებლური და სხვა სახის პროპაგანდა იკრძალება, განმარტავს, რომ არა.

„ფაშიზმის პროპაგანდა რომ აიკრძალოს, ეს განსხვავებულ აზრში გადის? იგივეა ჩემთვის ლგბტ-ს პროპაგანდა, კიდევ უარესი ფაშიზმზე“.

მერაბ ოკუჯავას თქმით, ამ ადამიანებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ განსხვავებული მოსაზრებები, ოღონდ სურს ეს ყველაფერი თავისთვის შეინახონ და მას „ნუ უფრიალებენ“.

„მე არ მაქვს უფლება, თუ მათ აქვთ უფლება? წადი იქ, ჩაიკეტე სადმე და თავი ურახუნე კედელს თუ გინდა. აფიქსიროს საჯაროდ, სადაც უნდა. მაგრამ ჩემთან არა. მე არ მივცემ ამის უფლებას“, - გვითხრა მერაბ ოკუჯავამ, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ მისი პოსტის ადრესატი „თანასწორობის მოძრაობა“ არ ყოფილა, რადგან ამ ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციაც კი არ ჰქონდა.

ჩვენი კითხვის პასუხად, შესაძლებელია თუ არა ადამიანების გადაბირება, როცა სექსუალურ ორიენტაციაზე ვსაუბრობთ, რისი შეცვლაც ლგბტქი თემის წარმომადგენლების თქმით არ ხდება, გვიპასუხა:

„არ ვიცი. ამდენი არ ვარ ჩახედული ამ საქმეში, როგორ შეიძლება, რა შეიძლება. ფსიქლოგი მე არ ვარ და რასაც ვხედავ აქ სოციალურ ქსელში, ზუგდიდში არის ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობა. მერე ღია აგრესიაზე არიან გადმოსულები. შენ თუ რაღაც აზრი გაგაჩნია, უკვე რუსეთუმეს გეძახიან, ან პრორუსს“, - გვითხრა მან და დასძინა, რომ ჯგუფი ემზარ კვრაცახლიას სწორედ ირმა ინაშვილის მიმართ შეუარცხმყოფელი გამონათქვამების მიზეზით დაატოვებინა.

„თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის მენეჯერი ემზარ კვარაცხელია გეგმავს მიმართოს ფეისბუკის ადმინისტრაციას, ჯგუფ „ზუგდიდი Times-ის“ გაუქმების მოთხოვნით, რადგან მიაჩნია, რომ სიძულვილის ტირაჟირებით ირღვევა სოციალური ქსელის წესები.

საქართველოში, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, სექსუალური უმცირესობები არის თემა, რომელიც ხშირ შემთხვევაში კამათის და ადამიანებს შორის დაპირისპირების საგანი ხდება. საქართველოში ბოლო წლებში ამ ნიადაგზე არაერთ ადამიანს დაესხნენ თავს. დაფიქსირდა მკვლელობის შემთხვევებიც.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.