საზოგადოება
აზიური ფაროსანას მიზეზით გლეხების ნაწილმა ზუგდიდის სოფელში თხილნარი გაჩეხა [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ კახათში რამდენიმე მოსახლემ თხილის პლანტაცია გაჩეხა. მიზეზი აზიური ფაროსანას მიერ ამ კულტურის განადგურება და მასზე გავრცელებული სხვადასხვა დაავადებაა. გლეხები, რომელთა ოჯახების მთავარი შემოსავალი წლების განმავლობაში თხილი იყო, ახლა მის ჩანაცვლებას ცდილობენ.


კახათელი გიორგი ნარმანია ერთ-ერთი მათგანია. მან გაჩეხილი 200 ძირი თხილის ფესვები ტრაქტორით ამოძირკვა. ახლა ამ ადილზე სასათბურე მეურნეობისთვის რკინის კონსტრუქციები განათავსა. გიორგიმ თხილის ნაცვლად მაყვალი და მარწყვი უნდა მოიყვანოს. იმედოვნებს, რომ გაცილებით მომგებიანი იქნება, ვიდრე თხილი, რომელიც გასულ წელს არაერთგზის შეწამვლის მიუხედავად, მავნებელმა სრულად გაუნადგურა:


„მეც შევწამლე და სახელმწიფო პროგრამითაც ორჯერ შეიწამლა, მაგრამ შედეგი არ იყო. ორ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე 40 ლარის მოსავალი ავიღეთ. ახლა უკვე 200 ძირი თხილი ამოვძირკვე. აქ კიდევ 200 მაქვს ამოსაძირკვი. კიდევ მაქვს მეორე ფართობი, სადაც ასევე ვაპირებ, რომ თხილი ამოვძირკვო და სხვა კულტურებით“, - ამბობს გიორგი ნარმანია.

იგივე გადაწყვეტილება მიიღო მისმა მეზობელმა ოშან შედანიამ. როგორც მან „ლაივპრესს“ უთხრა, საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა გასულ წელს თხილის მოსავლელად, მოსავალი კი მაინც მთლიანად გაუნადგურდა. ამ ფონზე მიიღო გადაწყვეტილება, წინაპრების მიერ მოყვანილი კულტურის გაჩეხვის. ოშან შედანიას არ მოსწონს მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია და ეხმაურება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოწოდებას, მავნებელთან ბრძოლაში მოსახლეობის გააქტიურების შესახებ:

„რითი უნდა ვიაქტიურო? 800 ლარი დამიჯდება მე ახლა ჩემი თხილნარი რომ ოთხჯერ შევწამლო. ეს თანხა მე არ გამაჩნია და რითი უნდა მოვწამლო? წამალს ესენი არ იძლევიან“, - კითხულობს ოშან შედანია.


სოფლის მცხოვრებლების თქმით, მზიანი ამინდების დადგომასთან ერთად, მცენარეების მთავრმა მტერმა ნელ-ნელა სამალავებიდან გამოსვლა დაიწყო. გლეხები შიშობენ, რომ თბილი ზამთრის გამო აზიური ფაროსანა წელს გაცილებით მეტი იქნება.


„შიგნითაც არიან უკვე. საჭმელს ვერ დაალაგებ. სტუმრები გვეწვია და ვერაფერი გავაკეთეთ, დასევაზე იყვნენ. არ ვიცი რა იყო. ეტყობა მათაც გაუხარდათ სტუმრების მოსვლა“, - ხუმრობს ზუგდიდის სოფელ კოკის მცხოვრები ნუნუ ნარმანია, თუმცა აქვე დასძენს, რომ სახუმაროდ არ აქვთ სოფელში საქმე.

თუ ადრე კოკის თხილი ადგილობრივ დონეზე ცნობილი იყო თავისი ხარისხით, ახლა სარეალიზაციოდ არ ვარგა: „ადამიანი იმედით ცხოვრობს. გვინდოდა ამის გაჩეხვა, მაგრამ ვიფიქრეთ, ბარემ ეს წელი მაინც დაველოდოთო“, - ამბობს ნუნუ ნარმანია.


მასავით თხილთან ერთად ხილის მოსავალიც სრულად გაუნადგურდა გასულ წელს თანასოფლელს, მურთაზ დგებუაძეს. ის სახლმწიფოს დახმარების პარალელურად გეგმავს ფართობები თავადაც შეწამლოს, თუმცა აქვე განმარტავს, რომ გაუჭირდება ფინანსების სიმწირის გამო, მით უფრო იმ ფონზე, როცა გასულ წელს მოსავლის რეალიზაცია ვერ შეძლო:


„სასწაული ამბავი იყო შარშან. წელს თუ რამე დახმარება არ იქნა, ნახავთ რა მდგომარეობაც იქნება. დაიკეტება ეს სახლები. სხვაგან უნდა წავიდეთ საცხოვრებლად. ძალიან დიდი უბედურებაა“, - ამბობს მურთაზ დგებუაძე, რომლის მოპირდაპირედ მდებარე ნაკვეთის ჭიშქარზე აბრა კიდია - „იყიდება თხილნარი“.

გასულ წელს აზიურმა ფაროსანამ სამეგრელოში მოსავლის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით კი თხილი და სიმინდი გაანადგურა. ხელისუფლებამ არაერთხელ შეწამლა ნაკვეთები, თუმცა გლეხები ამბობენ, რომ ამას შედეგი არ მოჰყოლია. წელს ქართველი და უცხოელი მეცნიერების ჩართულობით, ფაროსანასთან ბრძოლის ახალი სტრატეგია და სამოქმედო პროგრამა შეიმუშავეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის თქმით, 2018 წლის სამოქმედო გეგმა 4 ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია: საინფორმაციო კამპანია, მონიტორინგის სისტემა, კონტროლის ღონისძიებები და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოები.