სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში ახალ ტურისტულ მარშრუტებზე მუშაობენ
მარტვილი
მარტვილის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ ახალ მარშრუტებზე უკვე მუშაობენ და მოქმედი ტურისტული რუქაც მალე განახლდება. შემდეგ ეს ყველაფერი პროექტების სახით როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე სამხარეო ადმინისტრაციას წარედგინება.
„ლებარდეს მიმართულებით ალბათ გავამახვილებთ ყურადღებას, მდინარე ტეხურას გასწვრივ და ასევე ონიორესკენ, ჩვენ რომ კანიონი გვაქვს, შემდგომ გაგრძელებაზეა მდინარე აბაშის სანაპიროს მხარეს. ამ მიმართულებით დიდი ინფრასტრუქტურული სამუშაოები იგეგმება“, - განმარტა მერმა და დასძინა, რომ ლებარდეს განაშენიანების გეგმაც უკვე მზადდება და ეს იქნება ერთ-ერთი საინტერესო მხარე დამთვალიერებლისთვის.

ლებარდე
მისი თქმით, შარშან ონიორეს მიმართულებით გზა გაწმინდეს, შედეგად კი მაღალი გამავლობის მანქანებს მოძრაობა შეუძლიათ. წელს ტურისტებისთვის სურთ პირობების შექმნა და მათთვის გადაადგილების გამარტივება.
ჩხოროწყუ
ახალ ტურისტულ მარშრუტებზე მუშაობს მარტვილის მსგავსად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაც. მერის, დავით გოგუას ინფორმაციით, კომპლექსური მიდგომების საფუძველზე, სამეგრელოს ეს მხარე კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება დამთვალიერებლისთვის. ამ მიმართულებებს შორის ერთ-ერთი სოფელ ნაკიანში მოქმედი მღვიმეა, რომლის სიგრძეც 300 მეტრს შეადგენს და ცენტრალური გზიდან კილომეტრ-ნახევარში მდებარეობს. ნახევარი კილომეტრის გავლა ტურისტს ფეხით მოუწევს. მანამდე მისვლას კი მაღალი გამავლობის მანქანითა შეძლებს.

ტობავარჩხილი
„ეს არის ტობავარჩხილის მიმართულება, ლუგელას ხეობა, ღუნჯის ჩანჩქერი, ნაზოდელაოს მღვიმე სოფელ ახუთში. ასევე, კუხალეიშვიულების სახლ-მუზეუმი, წაბლის ოდა სახლი, რამდენიმე ასეული წლის, რომელსაც ძალიან ლამაზი ეზო აქვს. ეს მარშრუტიც გვაქვს გათვლილი. ლეწურწუმეშიც არის პატარა, მაგრამ უნიკალური მღვიმე. ასევე თაიაში რელიგიური ტურიზმის მიმართულებით და არამარტო, ოცინდალეს წმ გიორგის ტაძარია, რომელიც თამარ მეფემ განაახლა“, - გვითხრა დავით გოგუამ.
მისივე თქმით, კიდევ არის მღვიმეები ჩხოროწყუში, რომელთა პოპულარიზებაც მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია.
„პროექტს ვაკეთებთ. შემდეგ იქნება კონკრეტული სამუშაოები. გაკეთდება მისასვლელები, ინფარასტრუქტურა მოეწყობა. კომპლექსურ სამუშაოებზეა საუბარი. როცა განვითარებაზე ვლაპარაკობთ, უნდა განვითარდეს ყველა მიმართულება. ტურისტები ახერხებდნენ აქამდეც მისვლას, მაგრამ გვაქვს ნაკლებად ცნობილი ადგილებიც. გზა მოუწესრიგებელია და ზოგან ძნელია გადაადგილება. არ არის მარშრუტები დანომრილი, აბრები არ არის“, - აღნიშნა მერმა.
მესტია
მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა გვითხრა, რომ საუბარია არა ახალი
სამარშრუტო მიმართულებების დამატებაზე, არამედ მთლიანად სვანეთის
განვითარების გენერალურ გეგმაზე,
რომელიც თითქმის ყველა სოფელს მოიცავს და აქ ტურისტებისთვის
მიზიდულობის ცენტრები იფუნქციონირებს. მისი განმარტებით, გენგეგმა,
რომელზეც ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით კერძო კომპანია მუშაობს,
მაისის ბოლოსთვის იქნება მზად, შემდეგ კი თანხების მოძიებაზე
იფიქრებენ.
სვანეთი
„ეს არის თითქმის ყველა სოფელში ერთმანეთთან დამაკავშირებელი ტურისტული მარშრუტები და ტურისტული მიზიდულობის ცენტრების მოწყობა. ჩვენ 160 სოფელი გვაქვს სვანეთში. ამათი დაცვა, ყველა როგორ მოექცეს ამ ტურისტულ მარშრუტში, იქნება მთავარი. როგორც ზემო სვანეთს, ისე ქვემოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. შეიძლება სწორად დაგეგმვის პირობებში ათვისება მოხდეს. შარშან მარტო ტურიზმის დეპარტამენტის მეშვეობით გაიკვალა ახალი მარშრუტი ჭუბერიდან მესტიამდე და რუქებიც არსებობს. თუ მანამდე ორი-სამი კაცი დადიოდა, ახლა 200-მა გაიარა. ეს ნიშნავს მომავალ წელს 2 ათას კაცს“, - აღნიშნა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
წალენჯიხა
ახალ ტურისტულ მარშრუტებზე მუშაობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიაც. ერთ-ერთი პრიორიტეტი სქურში ინწრას ხეობაში ტურისტული მარშრუტის მოწყობაა. მერმა ბესიკ ფარცვანიამ „ლაივპრესს“ უთხრა, აქ კანიონის რესურსი არსებობს. მანვე აღნიშნა, რომ სქურიდან ტობავარჩხილის მიმართულებით მეორე მარშრუტიც დაიგეგმება.
„მარტვილის და ოკაცეს კანიონი ხომ იცით, ისეთივე ინფრასტრუქტურის მოწყობა შეიძლება აქ. კონკრეტულად ამ ორ მარშრუტზე ვმუშაობთ. თავისთავად, ქუაცანცალია და სხვა მარშრუტები რაც არსებობს, მათ განვითარებაზე ვმუშაობთ“, - განმარტა მერმა.
ბესიკ ფარცვანიას თქმით, ენგურზე არამხოლოდ წალენჯიხისთვის, არამედ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ატრაქცია მოეწყობა, რომელიც წელიწადში მარტო წალენჯიხაში 400 ათას დამთვალიერებელს მიიზიდავს.

ინწრას ხეობა. ფოტო: გიორგი ნიკოლავა
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის თქმით, ახალ პროექტებზე მუშაობის დასრულების შემდეგ დაფინანსების მოძიებაზე უნდა იზრუნონ, რისთვისაც მუნიციპალური განვითარების, ან რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდს მიმართავენ.
სენაკი
ახალი ტურისტული მარშრუტები შეემატება სენაკის მუნიციპალიტეტსაც.
მერმა ლევან კუპრეიშვილმა „ლაივპრესთამ“ საუბარში აღნიშნა, რომ ყველა
ტურისტული წერტილი შეისწავლეს და რომელ მიმართულებებზე შეჯერდებიან,
დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი. მისი თქმით, რამდენიმე
ვარიანტს განიხილავენ, თუმცა კონკრეტულ ინფორმაციას მოგვიანებით
მოგვაწვდის. ერთ-ერთი ახალი მარშრუტი ნოქალაქევს უკავშირდება, მეორე
კი ფუნიკულიორის მშენებლობას.აბაშა
სენაკის მერის მსგავსად აბაშის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ლევან
მაკალათიამ გვითხრა, რომ ჯერ სამარშრუტო მიმართულებების შემუშავების
პროცესში არიან, განხილვა აპრილის შუა რიცხვებში დასრულდება, რის
შემდეგაც დეტალებს გვაცნობებენ.ზუგდიდი
ზუგდიდის მერიის განმარტებით, სპეციალური ჯგუფი მუშაობს როგორც ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნაზე, ისე უკვე არსებულის განვითარებაზე.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ჯერ კიდევ თებერვლის თვეში განაცხადა, რომ რეგიონს ამოუწურავი ტურისტული პოტენციალი აქვს, ამიტომ მუნიციპალიტეტების მერებს დაავალა იზრუნონ ახალი მიმართულებების მოწყობასა და მოქმედის გაუმჯობესებაზე.