საზოგადოება
უცნობი დღიურები ზვიად გამსახურდიაზე [ვიდეო]
ზუგდიდელი ხათუნა დარასელია 19 წლის იყო, როცა სამოქალაქო ომის დროს მშობლებმა სამეგრელოს მთიან სოფელში, ჯაღრაში გახიზნეს. გოგონა მაშინ დღიურებს წერდა. 1993 წლის 13 დეკემბრით დათარიღებულ ჩანაწერში ვკითხულობთ, რომ სახლში, სადაც ხათუნა ცხოვრობდა, საქართველოს ექსპრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მიიყვანეს.

„ყველაფერი ისეთ ისტორიას ჰგავდა, ფილმებში რომ გინახავთ. პრეზიდენტი და მისი თანმხლები პირები არავის უნდა შეემჩნია. სოფელში მეზობლებს უკვირდათ, ჩვენი საკვამურიდან ღამითაც რომ ამოდიოდა ბოლი, მაგრამ დეიდაჩემი, ვის სახლშიც ვიყავით, ეუბნებოდა, რომ ბუხარი ჩემთვის ენთო. მეზობლებს რომ არ შეემჩნიათ ჩვენი ფანჯრიდან ღამით შუქი, ამიტომ ტელევიზორის მოციმციმე შუქზე ვწერდი. თუ დენი არ გვქონდა, ლამპის სინათლეზე ვწერდი“, - გვითხრა ხათუნამ.

ჩანაწერებში გადმოცემულია ზვიადთან შეხვედრით განცდილი უსაზღვრო ბედინერება. ჯაღრაში გატარებული ყოველი დღე მისთვის აქამდე ოცნებებში კი წარმოუდგენელი იყო. ის უმზადებდა საუზმეს, უსმენდა მის მიერ მოყოლილ ამბებს. დაახლოებით ერთი კვირა გაატარა პრეზიდენტთან და მის თანმხლებ პირებთან ერთად. მიიღო ავტოგრაფი წიგნზე  -„საქართველოს სულიერი მისსია“ .

„სიმართლე გითხრათ, იშვიათად ვფურცლავ. ახლა, ამ გადმოსახედიდან ძალიან კრიტიკულად ვაფასებ ჩემს ნაწერს. ზოგადად, როცა დღიურს წერ, ამას ხომ მხოლოდ შენთვის აკეთებ და არა საჯაროდ გამოქვეყნებისთვის. ახლა ცოტა მერიდება კიდეც, თუ როგორ მაქვს აღწერილი, როგორ ვტიროდი, როგორ ვნერვიულობდი და განვიცდიდი ყველაფერს. ეს არ არის მწერლის ენა, ეს უბრალოდ დღიურია, რომელიც ასახავს პატარა გოგონას შეხვედრას პრეზიდენტთან“, - ამბობს ხათუნა.

ჩანაწერები მან 2004 წელს, მეგობრების თხოვნით გამოსცა სათაურით „ფრაგმენტები კოლხური დღიურიდან“ და მათვე აჩუქა.

„მაშინ ვხვდებოდი, რომ მე ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიის ნაწილი ვიყავი, მაგრამ ეს რომ მისი სიცოცხლის უკანასკნელი დღეები იქნებოდა, არ მეგონა. უბრალოდ ვიცოდი, რომ ერთხელაც ყველა გაიგებდა, თუ როგორ გახდა საქართველოს პრეზიდენტი დევნილი თავის ქვეყანაში, და როგორ იმალებოდა სამეგრელოს ტყეებში“, - გვითხრა ხათუნამ.