საზოგადოება
აქციის ორგანიზატორის განმარტება ქართველების და აფხაზების დაპირისპირებაზე ლონდონში [ფოტო]
„საქართველო არის აფხაზეთი“, „აფხაზეთი საქართველოა“, „მე ვარ ქვეყნიდან, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული“, „კონიფა საერთაშორისო წესრიგის და მშვიდობის წინააღმდეგ“, - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით გააპროტესტეს ლონდონში მცხოვრებმა ქართველებმა მიმდინარე ფეხბურთის ჩემპიონატი არაღიარებულ ქვეყნებს შორის, რომელშიც აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, ისე მონაწილეობს. სპორტული ღონისძიების შესახებ არაფერი ეცოდინებოდათ, რომ არა გერმანელი ჟურნალისტი და რეჟისორი დიეტმარ კლუმპი, რომელმაც აღნიშნულის თაობაზე ლონდონში მოქმედ ბრიტანულ-ქართულ საზოგადოებას მისწერა. აქ საპროტესტო შეკრების ორგანიზატორი ქეთი კალანდაძე მუშაობს. ის ამავდროულად ქართულ ენას ასწავლის ლონდონის გლობალურ უნვერსიტეტსა და ინგლისის საგარეო საქმეთა სამინისტროს ენების სკოლაში. ქეთი კალანდაძე აქციის დანარჩენ მონაწილეებთან ერთად ბრიტანეთის მოქალაქეა.

„ლაივპრესთან“ საუბარში ამბობს, რომ დიეტმარ კლუმპი კონიფას ჩემპიონატზე დოკუმენტურ ფილმს ამზადებს. სწორედ არაღიარებული ქვეყნების სპორტული შეჯიბრი გახდა ქართველების პროტესტის მიზეზი. მისი თქმით, ეს ჩემპიონატი თავისი შინაარსით ინგლისის მთავრობის პოლიტიკას არ შეესაბამება.

„როცა ახალგაზრდა აფხაზ სპორტსმენებს შევხვდით, ვუთხარით, რომ მათი გამარჯვება გაგვიხარდებოდა. სპორტსმენებზე ერთადერთი იმას ვაპროტესტებდით, რომ ისინი რუსული პასპორტებით იყვენენ. და თუ რუსული პასპორტებით იყვენენ, მაშინ რუსეთის გუნდი უნდა რქმეოდათ და არა აფხაზეთის. როდესაც გულშემატკივრები მოვიდნენ აფხაზური დროშებით და ჩვენი დროშა დაინახეს, გაბრაზდნენ. ზოგი იგინებოდა, ზოგი შუა თითს გვიჩვენებდა. მაიკო იაშვილი, რომელიც ემოციური ადამიანია, ნახევრად აფხაზი, შეეპასუხა. ვიღაცები ზემოდან დაგვყურებდნენ და რუსულად გველაპარაკებოდნენ“, - გვითხრა ქეთი კალანდაძემ.

მისი თქმით, აფხაზ გულშემატკივრებს მაიკო იაშვილმა მიმართა, თუ ინგლისში ინგლისურად არ დაელაპარაკებოდნენ, პასუხს არ გასცემდა, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია:

„ერთმა გულშემატკივარმა მაიკოს გაწევა სცადა და ეჯაჯგურებოდა. მერე რადგან მე ქართულს ვასწავლი აქაურ ინგლისელებს, მოვიდა ერთი ჩემი მოსწავლე, რომელიც აფხაზების და ქართველების დამეგობრებაზე მუშობს და მკითხა, თუ გვინდოდა თამაშზე დასწრება. ჩვენ უარი ვუთხარით“.

ინციდენტიც ამით ამოიწურა. დაპირისპირებამ სულ რაღაც ორ წუთს გასტანა. ვითარების განმუხტვის შემდეგ აქციის მონაწილე ქართველები, რომლებიც უკვე ბრიტანეთის მოქალაქეები არიან, ინგლისელმა და გერმანელმა ჟურნალისტებმა ჩაწერეს.

ლონდონში ქართველების და აფხაზების დაპირისპირებაზე ინფორმაცია აფხაზურმა მედიასაშუალება „აფსნილაიფმა“ გაავრცელა. მასში ქეთი კალანდაძე „პროვოკატორად“ არის მოხსენიებული, რომელიც სტადიონზე აფხაზი გულშემატკივრების და აფხაზური დროშის დანახვამ გააღიზიანა.

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ამავე მასალაში მოყვანილია მათი კომენტარიც, სადაც ცალსახად არის აღიარებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, თუმცა განმარტებულია, რომ კონიფა არაღიარებული, ან ნახევრად აღიარებული ქვეყნების ჩემპიონატია და ოფიციალურ ღონისძიებას არ წარმოადგენს, ამიტომაც, ვერ ჩაერევიან მასში.

ფოტოები ლონდონიდან ქეთი კალანდაძემ მოგვაწოდა.