საზოგადოება
ინტერნეტის რეაქცია ზუგდიდის მერიის თანამშრომლის რუსულგერბიან მაისურზე
ზუგდიდის მერიის თანამშრომლის, გურამ (ცაცა) შელიას გამოქვეყნებული ფოტო, სადაც მას რუსეთის გერბის გამოსახულებით მაისური აცვია, წარწერით „რასია“, ინტერნეტმომხმარებლების მხრიდან მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. „მოღალატე“, „მოსიარულე პროვოკაცია“, „სამარცხვინო“, „სრულმასშტაბიანი იდიოტი“ - ყველაზე მსუბუქი გამონათქვამებია, რითაც ცაცა შელიას მოიხსენიებენ სოციალურ ქსელსა თუ „ლაივპრესის“ გვერდზე. კომენტარების დიდი ნაწილი უცენზურო სიტყვებს და გინებას შეიცავს. 

„ტაში! ზუგდიდის საკრებულო და მერია - ოფიციალურ დელეგაციებს რუსეთიდან როდის მიიღებთ?“, - წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა.

„გეტყობა ახლა რუსულ „ხიზილალას" რომ ჭამ კოვზობით. გოგლი-მოგლს ხომ სჯობია?“, - ამბობს გიული წერეთელი.

ვინმე ლეილა ტაბატაძე კითხულობს - „და მერიას უნდა მუშაობდეს ასეთი გარეწარი? პასუხს არავინ მოსთხოვს იცის და იმიტომ“.

„ყველაფერი გავიგე მაგრამ ეს როგორ მოხდა ამ გაუგებრობაში და საერთოდ მერიაში? ბუდიონი ხარ თუ ჩაპაევიო დამცინოდა, რუსეთის მომხრე პატრიოტებთან რო იყო. ძაან მიკვირს“, - წერს გიორგი ვერავა.

„ფუი შენს ზუგდიდელობას. იქნებ პუტინი დაიხატო გულზე კიდე“, - ამბობს გიგა ბაჩილავა.

ვინმე გიზო ჟვანია მეგრულად ხსნის ამ ფაქტს - დორჩინე ცაცა (დაბერებულა ცაცა).

„თახსირი და უნამუსო, სამშობლოს გამყიდველი თუ ჩაიცმევს ამ მაისურს, თორე კაცური კაცი ერსა და მამულის მოყვარული ამას არ გააკეთებს“, - წერს ლუდა სალია.

გურამ შელიას მხარდამჭერებიც გამოუჩნდნენ. ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუაა, რომელიც ცალსახად აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტია, თუმცა აგრესიის ობიექტს „კარგ ზუგდიდელად“ მოიხსენიებს, რომელსაც ქალაქისთვის ბევრი გაუკეთებია.

„გუშინ გამობრძნედილებო, კარგად მოიკითხეთ გუშინწინდელი თაობა და ვის რა ეცვა იმ თაობის დროს. ყველას კარგად გვახოვს სოფელ დარჩელში, როცა ერთდროულად იწვოდა 27 სახლი, როგორ გადაუდგა ცაცა შელია მხედრიონის ტანკს და როგორ მოახერხა მთელი სოფელი ცეცხლში არ გაეხვიათ!!!

მოიკითხეთ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სწორედ ეს ადამიანი იყო იმ ერთეულების რიგებში, რომლებმაც არ დატოვეს საკუარი კუთხე და ქალაქში გაქცევის პირას მყოფ დაბნეულ ხალხს იფარებდა საკუთარ და ნათესავების სახლებში.

ვინც მას იცნობთ, ალბათ იცით, ის ფეხბურთის კარგი მცოდნეა. ჩემგან განსხვავებით, მისთვის სპორტი და პოლიტიკა სულ სხავადსხვა სამყაროა!!! ჩემი თხოვნაა, შეეშვით მის გარიყვას“, - წერს გუბერნატორის მოადგილე.

იგივე პოზიციას იზიარებს „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით კვაშილავაც.

„ცაცას იმ ხალხმა დასცინოს, ვისაც იარაღი ეკავა სამშობლოს დასაცავად. დასცინოს იმათაც, მხედრიონის ჯალათებს წინ რომ გადაუდგა, აოხრებული კიდევ მეტად რომ არ ააოხრებინა.ბევრი იტყვის, პატარები ვიყავით 90-იანებშიო. თუ პატარები იყავით 90-იან წლებში და იარაღს ვერ დაიკავებდით, მაშინ 2008-ში აგეღოთ იარაღი და გებრძოლათ პარტიზანულად. რა,კოღოები შეგაწუხებდათ თუ თბილი საბნის უქონლობა, ან შხაპის მიუღებლობა? ან კიდევ ტყვია- წამალი შემოგაკლდებოდათ და ვერ იომებდით?თქვენ რომ ხართ, იმდენი მეგობარი მარტო რუსეთში გვყავს ჩვენ. არაფერს ვამბობ უკრაინაზე და ბელორუსზე“, - წერს მერიის თანამშრომელი.

გურამ შელიას გამოესარჩლა ლადო ქვარცხავაც, ახალსოფელში მერის წარმომადგენელი - ცაცა კოლორიტი ზუგდიდელია...და ეს აქსიომაა...მეტი ჩემი ადვოკატობა მას არაფერში ჭირდება. მარტო ერთს დავამატებდი ის ჩემი უფროსი ძმაა.

მას მხარდაჭერას უცხადებს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ზუგდიდში ნინო კვარაცხელიაც და გურამ შელიას „უფროს მეგობრად“ მოიხსენიებს.

„ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ მისი, ვინც ნაკლზე მიგვითითებს.....მაგრამ რასაც წერენ და რომელ მაისურითაც გამოგჭიმეს ჩემო ცაცა, ეს ნაკლი არ არის.....ეს მათი ნაკლია, ვინც უკუღმა უყურებს ამ ცხოვრებას. მახათისტებს რა გამოლევს.

თეში მეტი ოდარდებელი ვემერჩასი. დო თე დარდიანეფი გაიხანგებუდასი. (ამის მეტი სადარდებელი არ გქონოდეს. ეს დადარდიანებულები გაგეგიჟებინოს)“, - ამბობს ნინო კვარაცხელია.

გურამ შელიას გამოესარჩლა „სამეგრელოს კონსტიტუციის“ ავტორი რაჟდენ თოდუა მეგრულ ენაზე. ის მაგინებლებს უხსნის, ვიდრე სიტყვა ოკუპანტს გამოიყენებდნენ, მისი მნიშვნელობა უნდა იცოდნენ.

ააიპ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მართვის ცენტრის თანამშრომელმა გურამ (ცაცა) შელიამ 5 ივნისს გამოაქვეყნა ფოტოსურათი, სადაც მას აცვია მაისური წარწერით „რუსეთი“ და ახატია ამავე სახელმწიფოს გერბი. ამბობს, რომ მაისური რუსეთის ნაკრების გულშემატკივრობის ნიშნად ჩაიცვა, რადგან ამ გუნდს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან გულშემატკივრობს. დღეს ეს ფოტო მის „ფეისბუკ“ გვერდზე ვეღარ ნახავთ, თუმცა მაინც იძებნება სხვა ფოტო, სადაც იგივე მაისური აცვია, შარშან, აგვისტოს თვეში გადაღებული, ადგილმდებარეობად კი ინგირის აეროპორტია მითითებული. 

მერიაში აცხადებენ, რომ ისინი არ იზიარებენ თანამშრომლის პოზიციას, და რომ მას სიტყვიერ გაფრთხილებასაც მისცემენ.