სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა თავშესაფარს აშენებენ, სამეგრელოში კი ამის ფული არ აქვთ
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ინიციატივით, ზუგდიდში რეგიონის თვითმმართველობების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მოწყობაზე, სადაც მათ არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“ სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში დაგეგმილი თავშესაფრების პროექტები გააცნო.
შემოთავაზებული პროექტის მიხედვით, თავშესაფარში ცხოველებს უმკურნალებენ, ჩაუტარებენ აცრებს, სტერილიზაციას, კასტრაციას, რაც მათ გამრავლებას ჰუმანური გზით შეაჩერებს. ასეთი პროექტის განხორციელება „პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენლის ლაშა გეგეჭკორის თქმით, კახეთში 1 მილიონ 240 ათასი ლარი ჯდება, სამცხე-ჯავახეთში კი 994 246 ათასი.
სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერების განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ყველგან მწვავეა, თუმცა თავშესაფრის მოწყობისთვის დასახელებული თანხები მათ არ აქვთ.
მერაბ ქვარაიას განცხადებით კი, თანხების მოძიება შესაძლებელია.

„მართალია ამ ეტაპზე მათ აბრკოლებთ ფინანსები, მაგრამ პრობლემის სწორად გააზრების შემთხვევაში, თანხების მოძიება შესაძლებელია. ფინანსების არქონა არ არის აქ მთავარი პრობლემა. კარგი იქნება, თუ თვითმმართველობის ხელმძღვანელები სწორად გაიაზრებენ ამ საკითხს. ეს პრობლემა ყველა შემთხვევაში გადასაწყვეტია. თუ ამ შეფასებამდე მივლენ, შემდეგ უკვე შეიძლება თანხების მოძიება ადგილობრივ ბიუჯეტში, ან დონორ ორგანიზაციებთან“, - უთხრა „ლაივპრესს“ დეპუტატმა.
როგორ მოხდა თანხების მოძიება თავშესაფრის მშენებლობისთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სადაც 6 მუნიციპალიტეტია, ამის გასარკვევად პრეზიდენტის რწმუნებულს რეგიონში, კახა სამხარაძეს დავუკავშირდით.
მისი ცნობით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ტენდერი თავშესაფრის საპროექტო წინადადებაზე, რის შემდეგაც დაიწყება სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპი.
„თავშესაფრის მოსაწყობად თანხების გამოყოფა ეტაპობრივად უნდა მოხდეს, რადგან ერთბაშად საამისო ფინანსური რესურსები ჩვენ არ გვაქვს. წელს, ყველა მუნიციპალიტეტს რისი საშუალებაც აქვს, იმ თანხას გაიღებს. როცა რეგიონი შეიძენს პროექტს, მერე გადავა სამშენებლო სამუშოებზე, რომლის პირველი ეტაპის განხორციელებას შევძლებთ, მეტს ვერა, მომავალი წლის ბიუჯეტში კი თამამად შეგვეძლება დაწყებული საქმის დამთავრება“, - უთხრა „ლაივპრესს“ კახა სამხარაძემ.
კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ მალხაზ ჭრელაშვილის თქმით, მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის აშენების მზაობა რეგიონში აქვთ, თუმცა საამისო თანხები მოძიებული ჯერ არ არის.
„ეს პრობლემა აწუხებს ყველა, სასტუმროს, ბიზნესს, მცირე მეწარმეს, მოსახლეობას. ამიტომ დღის წესრიგში დადგა, რომ ცივილურად მოწესრიგდეს და აშენდეს თანამდროვე სტანდარტების თავშესაფარი და გადავწყვიტეთ დონორების მოძიება“, - გვითხრა მალხაზ ჭრელშვილმა.

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, რეგიონში თავშესაფრის მოწყობაზე მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან კიდევ შედგება შეხვედრა.
„ჩვენ შევეცდებით დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების დახმარებით გარკვეული კვლევა ჩავატაროთ და კიდევ ერთხელ შევთავაზოთ მუნიციპალიტეტებს ჩვენი კვალიფიციური ანალიზი. ამის შემდეგ უკვე დარწმუნებული ვარ გამოიკვეთება მიმართულება, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემის გადაჭრა“, - გვითხრა მერაბ ქვარაიამ.
მისი ინიციატივით, მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის პროექტი ზუგდიდში 2015 წელს შემუშავდა, თუმცა მოგვიანებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მისი აშენებისთვის საჭირო თანხები არ აქვს.
თავშესაფრის აშენების მოთხოვნით, ზუგდიდში საპროტესტო აქციები არაერთხელ გაიმართა.