საზოგადოება
უკან მხოლოდ მარილის სვეტია
FaceBook Twitter
E-mail Print

ციხეში გატარებული 17 წლის შემდეგ.


პოეტი კუთხეში იჯდა, თვალებს კეპი უფარავდა, მაგრამ აკანკალებულ ხმაზე ეტყობოდა, რომ ტიროდა. „წერილები საკნიდან“ - ასე ერქვა ლექსების კრებულს, რომელსაც აღელვებული, შესვენებებით, ნაწყვეტ-ნაწყვეტ კითხულობდა. დარბაზში სიჩუმე იყო. ბოლო რიგებში მაყურებელი თავჩაღუნული იჯდა. ისინიც ყოფილი პატიმრები იყვნენ.

„ის, რომ ლექსების საღამო ჩატარდა და შეიძლება კრებულიც გამოიცეს, დიდი სტიმულია ახალი ცხოვრების დასაწყებად“, - გვითხრა პაატა ლატარიამ.

ის 42 წლისაა. ოთხჯერ ქურდობისთვის ნასამართლევი. საერთო ჯამში, საპატიმროებში 17 წელზე მეტი გაატარა. ახლაც პირობითი მსჯავრდებულია და ზუგდიდში, ღია შეხვედრაზე თავის ისტორიას სხვა ყოფილ პატიმრებს უზიარებს.

პაატა ხობში პატარა ერთსართულიან სახლში ცხოვრობს, ახლადშერთულ ცოლთან და მოხუც მამასთან ერთად.

ყვება, რომ განებივრებული, დედისერთა ბიჭის ბავშვობა ჰქონდა, სკოლაში გამორჩეული მოსწავლე იყო. უნივერსიტეტშიც ჩააბარა, მაგრამ 90- იან წლებში ბევრი მისი თანატოლის მსგავსად, სწავლა შეწყვიტა.

„ავყევი ქუჩას. ერთი შეცდომას მეორე მოჰყვა. ასე აღმოვჩნდი ციხეში. რამდენჯერმე დაიწყო დროის ათვლა თავიდან. ციხეში ყოფნისას დედა გარდამეცვალა. მერე მამა გახდა ავად. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე და სმა დავიწყე. ერთ დღესაც გამოვფხიზლდი და ვთქვი, რომ სამუდამოდ მივატოვებდი ამას. მინდა დავამტკიცო, რომ არსებობენ პატიმრები, ვისაც უნდათ მომავალს სხვა თვალით შეხედონ“, - ამბობს პაატა.

მას პროფესია არ აქვს. უნივერსიტეტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ არ დაუმთავრებია. წერა უყვარს. უჯრედებიან რვეულში ავტობიოგრაფიული ამბები აქვს ჩაწერილი.

„ახლა ვწერ რომანს, რომელსაც მარილის სვეტი ჰქვია, - ამბობს პაატა, - ესეც პატიმარზეა. მას შვილი ჰყავს, რომელიც მისთვის ცხოვრების სტიმულია. ბიბლიის არ იყოს, უკან არ უნდა მოიხედო, თორემ შენი მომავალიც დაიღუპება“.

რესოციალიზაცია

პაატამ იცის, რომ ლექსების და რომანების წერით თავს ვერ გაიტანს. უნდა, რომ ხეზე კვეთა დაიწყოს. ხელობა ციხეში ისწავლა. აიღებდა შეკვეთებს, მაგრამ სამუშაო იარაღები არ აქვს.

„ციხიდან გამოსვლის შემდეგ ცხოვრების თავიდან დაწყება ძალიან რთულია. ნასამართლეობის გამო მათ სამსახურში აყვანას ყველა ერიდება. პატიმრები საზოგადოებისთვის ეჭვმიტანილებად რჩებიან და მუდმივად უნდობლობას გრძნობენ, რაც ყველაზე მტკივნეულია. პაატას პოეზიის საღამოზე ძალიან გამიჭირდა ყოფილი პატიმრების მოწვევა. კიდევ ვინ იქნებიანო, მეკითხებოდნენ. თავს გარიყულებად გრძნობენ“, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარის“ ხელმძღვანელი ხათუნა ბეჭვაია, რომელიც რეგიონში მცხოვრებ ყოფილ პატიმრებთან და მათ ოჯახებთან მუშაობს.

ყოფილ პატიმრებს არაფორმალურ განათლებას, ტრენინგებს, სოციალურ და სამედიცინო მომსახურებას, პროფესიულ გადამზადებას იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი სთავაზობს. პროგრამის ამოქმედებიდან, 2012 წლიდან დღემდე ცენტრს 3591-მა გათავისუფლებულმა პატიმარმა მიმართა. სხვადასხვა მომსახურებით 2541-მა ყოფილმა პატიმარმა ისარგებლა. აქედან 539 ამჟამადაც პროგრამაშია ჩართული.

108 ყოფილი პატიმრის ბიზნეს იდეა პროგრამამ მხოლოდ 2015-2017 წლებში დააფინანსა. აქედან 28 სამეგრელოს რეგიონიდან. ბოლო ორ წელიწადში ოცზე მეტ ყოფილ პატიმარს ახალი საქმის წამოწყებაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაეხმარნენ. ყოფილი პატიმრები პროგრამაში ნებაყოფლობით ერთვებიან. პროგრამის მიზანია ბენეფიციარებმა ის უნარები და პროფესიული ცოდნა შეიძინონ, რომელიც მათ სამუშაოს შოვნას გაუადვილებს და ცხოვრების შეცვლაში დაეხმარება. გასულ წელს დასაქმდა 6 ადამიანი, სამმა ანაზღაურებად სტაჟირება გაიარა. ოცდათორმეტმა მიიღო გრანტი მცირე ბიზნესისთვის.

ყოფილი პატიმრების ისტორიები, ვინც ციხიდან გამოსვლის შემდეგ ახალი საქმე წამოიწყო, პრევენციის ცენტრს ვებ-გვერდზე აქვს გამოქვეყნებული. მათ შორისაა სამეგრელოში მცხოვრები ყოფილი რამდენიმე პატიმრის ისტორიაც. აკაკი კოროშინაძის ჰოლანდიური ჯიშის კარტოფილის პლანტაციის გახსნას „ლაივპრესიც“ დაესწრო.

პაატას არჩევანი


პაატა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში არ ჩაერთო, რადგან ნდობა დაკარგული აქვს.

„სახელმწიფოსთან ურთიერთობის მწარე გამოცდილება მაქვს. ციხეებში ყოფნისას ადმინისტრაციას ვწერდი, ვთავაზობდი იდეებს პატიმრებისთვის. დეტალურად ჩამოვაყალიბე სოციალური საწარმოს შექმნის პროექტი, მაგრამ მე მათთვის ყოველთვის დაუმორჩილებელი პატიმარი ვიყავი და მეტი არაფერი. არასდროს სჯეროდათ ჩემი და ახლაც არ დამიჯერებენ“.

პაატას თბილისში უნდა საცხოვრებლად გადასვლა. იმედი აქვს, რომ უცხო ქალაქში ისიც და მისი ოჯახიც ნაკლებად იგრძნობს იმ წნეხს, რაც საზოგადოებაში ყოფილი პატიმრების მიმართ არსებობს:

„აქ ყველა ისე გიყურებს, როგორც ნაციხარს. თბილისში უფრო ადვილი იქნება სამსახურის შოვნაც“.

ინტერვიუს დროს პაატას გვერდით სოფო უზის, რომელიც სულ 3 თვეა მისი ცოლია.

„ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ის ნაციხარი იყო თუ არა. სიტყვები რასაც ამბობდა, გულიდან ამოდიოდა, ერთმანეთს გავუგეთ. ძალიან ბედნიერი ვარ და იმედია, ცხოვრების ბოლომდე ასე იქნება“, - ამბობს სოფო.

ინტერვიუს ჩაწერიდან მეორე დღეს წყვილმა შეიტყო, რომ ბავშვი ეყოლებათ. პაატა სამუშაო იარაღების შეძენას აღარ ელოდება. ახლა ეზოში ზის და სამზარეულოს დანით ხეზე პირველი ნამუშევრის ფორმები გამოჰყავს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ეერთი, ოორი, საამი, - 3 წლის ილია კმაყოფილი და გახარებული ითვლის
ქაღალდზე მის მიერ დახატულ ჩიტებს.
18:23 / 08.11.2019
ეერთი, ოორი, საამი, - 3 წლის ილია კმაყოფილი და გახარებული ითვლის ქაღალდზე მის მიერ დახატულ ჩიტებს.
შემოდგომაზე მარტვილის სოფლებში ულამაზესი სანახაობა იშლება
16:21 / 05.11.2019
შემოდგომაზე მარტვილის სოფლებში ულამაზესი სანახაობა იშლება
ხანდაზმულთა კლუბი 2018 წელს ზუგდიდში გაეროს განვითარების ფონდის
მხარდაჭერით გაიხსნა.
13:07 / 19.10.2019
ხანდაზმულთა კლუბი 2018 წელს ზუგდიდში გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით გაიხსნა.
ვიდეო
პოლიეთილენის საფრთხე [ვიდეო]
სამწუხაროდ, საქართველოში პოლიეთილენის გამოყენება კვლავ დიდი დოზით ხდება. ამის მიზეზი
ბოტანიკური ბაღი გახსნამდე ერთი თვით ადრე [ვიდეო]
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
ბაღის იატაკი - საძინებელი თუ „მოსვენების კუთხე“?
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
ფოტო
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხურმა მნიშვნელოვანი სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.