საზოგადოება
უკან მხოლოდ მარილის სვეტია

ციხეში გატარებული 17 წლის შემდეგ.


პოეტი კუთხეში იჯდა, თვალებს კეპი უფარავდა, მაგრამ აკანკალებულ ხმაზე ეტყობოდა, რომ ტიროდა. „წერილები საკნიდან“ - ასე ერქვა ლექსების კრებულს, რომელსაც აღელვებული, შესვენებებით, ნაწყვეტ-ნაწყვეტ კითხულობდა. დარბაზში სიჩუმე იყო. ბოლო რიგებში მაყურებელი თავჩაღუნული იჯდა. ისინიც ყოფილი პატიმრები იყვნენ.

„ის, რომ ლექსების საღამო ჩატარდა და შეიძლება კრებულიც გამოიცეს, დიდი სტიმულია ახალი ცხოვრების დასაწყებად“, - გვითხრა პაატა ლატარიამ.

ის 42 წლისაა. ოთხჯერ ქურდობისთვის ნასამართლევი. საერთო ჯამში, საპატიმროებში 17 წელზე მეტი გაატარა. ახლაც პირობითი მსჯავრდებულია და ზუგდიდში, ღია შეხვედრაზე თავის ისტორიას სხვა ყოფილ პატიმრებს უზიარებს.

პაატა ხობში პატარა ერთსართულიან სახლში ცხოვრობს, ახლადშერთულ ცოლთან და მოხუც მამასთან ერთად.

ყვება, რომ განებივრებული, დედისერთა ბიჭის ბავშვობა ჰქონდა, სკოლაში გამორჩეული მოსწავლე იყო. უნივერსიტეტშიც ჩააბარა, მაგრამ 90- იან წლებში ბევრი მისი თანატოლის მსგავსად, სწავლა შეწყვიტა.

„ავყევი ქუჩას. ერთი შეცდომას მეორე მოჰყვა. ასე აღმოვჩნდი ციხეში. რამდენჯერმე დაიწყო დროის ათვლა თავიდან. ციხეში ყოფნისას დედა გარდამეცვალა. მერე მამა გახდა ავად. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე და სმა დავიწყე. ერთ დღესაც გამოვფხიზლდი და ვთქვი, რომ სამუდამოდ მივატოვებდი ამას. მინდა დავამტკიცო, რომ არსებობენ პატიმრები, ვისაც უნდათ მომავალს სხვა თვალით შეხედონ“, - ამბობს პაატა.

მას პროფესია არ აქვს. უნივერსიტეტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე სწავლობდა, მაგრამ არ დაუმთავრებია. წერა უყვარს. უჯრედებიან რვეულში ავტობიოგრაფიული ამბები აქვს ჩაწერილი.

„ახლა ვწერ რომანს, რომელსაც მარილის სვეტი ჰქვია, - ამბობს პაატა, - ესეც პატიმარზეა. მას შვილი ჰყავს, რომელიც მისთვის ცხოვრების სტიმულია. ბიბლიის არ იყოს, უკან არ უნდა მოიხედო, თორემ შენი მომავალიც დაიღუპება“.

რესოციალიზაცია

პაატამ იცის, რომ ლექსების და რომანების წერით თავს ვერ გაიტანს. უნდა, რომ ხეზე კვეთა დაიწყოს. ხელობა ციხეში ისწავლა. აიღებდა შეკვეთებს, მაგრამ სამუშაო იარაღები არ აქვს.

„ციხიდან გამოსვლის შემდეგ ცხოვრების თავიდან დაწყება ძალიან რთულია. ნასამართლეობის გამო მათ სამსახურში აყვანას ყველა ერიდება. პატიმრები საზოგადოებისთვის ეჭვმიტანილებად რჩებიან და მუდმივად უნდობლობას გრძნობენ, რაც ყველაზე მტკივნეულია. პაატას პოეზიის საღამოზე ძალიან გამიჭირდა ყოფილი პატიმრების მოწვევა. კიდევ ვინ იქნებიანო, მეკითხებოდნენ. თავს გარიყულებად გრძნობენ“, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „თანაზიარის“ ხელმძღვანელი ხათუნა ბეჭვაია, რომელიც რეგიონში მცხოვრებ ყოფილ პატიმრებთან და მათ ოჯახებთან მუშაობს.

ყოფილ პატიმრებს არაფორმალურ განათლებას, ტრენინგებს, სოციალურ და სამედიცინო მომსახურებას, პროფესიულ გადამზადებას იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი სთავაზობს. პროგრამის ამოქმედებიდან, 2012 წლიდან დღემდე ცენტრს 3591-მა გათავისუფლებულმა პატიმარმა მიმართა. სხვადასხვა მომსახურებით 2541-მა ყოფილმა პატიმარმა ისარგებლა. აქედან 539 ამჟამადაც პროგრამაშია ჩართული.

108 ყოფილი პატიმრის ბიზნეს იდეა პროგრამამ მხოლოდ 2015-2017 წლებში დააფინანსა. აქედან 28 სამეგრელოს რეგიონიდან. ბოლო ორ წელიწადში ოცზე მეტ ყოფილ პატიმარს ახალი საქმის წამოწყებაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაეხმარნენ. ყოფილი პატიმრები პროგრამაში ნებაყოფლობით ერთვებიან. პროგრამის მიზანია ბენეფიციარებმა ის უნარები და პროფესიული ცოდნა შეიძინონ, რომელიც მათ სამუშაოს შოვნას გაუადვილებს და ცხოვრების შეცვლაში დაეხმარება. გასულ წელს დასაქმდა 6 ადამიანი, სამმა ანაზღაურებად სტაჟირება გაიარა. ოცდათორმეტმა მიიღო გრანტი მცირე ბიზნესისთვის.

ყოფილი პატიმრების ისტორიები, ვინც ციხიდან გამოსვლის შემდეგ ახალი საქმე წამოიწყო, პრევენციის ცენტრს ვებ-გვერდზე აქვს გამოქვეყნებული. მათ შორისაა სამეგრელოში მცხოვრები ყოფილი რამდენიმე პატიმრის ისტორიაც. აკაკი კოროშინაძის ჰოლანდიური ჯიშის კარტოფილის პლანტაციის გახსნას „ლაივპრესიც“ დაესწრო.

პაატას არჩევანი


პაატა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში არ ჩაერთო, რადგან ნდობა დაკარგული აქვს.

„სახელმწიფოსთან ურთიერთობის მწარე გამოცდილება მაქვს. ციხეებში ყოფნისას ადმინისტრაციას ვწერდი, ვთავაზობდი იდეებს პატიმრებისთვის. დეტალურად ჩამოვაყალიბე სოციალური საწარმოს შექმნის პროექტი, მაგრამ მე მათთვის ყოველთვის დაუმორჩილებელი პატიმარი ვიყავი და მეტი არაფერი. არასდროს სჯეროდათ ჩემი და ახლაც არ დამიჯერებენ“.

პაატას თბილისში უნდა საცხოვრებლად გადასვლა. იმედი აქვს, რომ უცხო ქალაქში ისიც და მისი ოჯახიც ნაკლებად იგრძნობს იმ წნეხს, რაც საზოგადოებაში ყოფილი პატიმრების მიმართ არსებობს:

„აქ ყველა ისე გიყურებს, როგორც ნაციხარს. თბილისში უფრო ადვილი იქნება სამსახურის შოვნაც“.

ინტერვიუს დროს პაატას გვერდით სოფო უზის, რომელიც სულ 3 თვეა მისი ცოლია.

„ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ის ნაციხარი იყო თუ არა. სიტყვები რასაც ამბობდა, გულიდან ამოდიოდა, ერთმანეთს გავუგეთ. ძალიან ბედნიერი ვარ და იმედია, ცხოვრების ბოლომდე ასე იქნება“, - ამბობს სოფო.

ინტერვიუს ჩაწერიდან მეორე დღეს წყვილმა შეიტყო, რომ ბავშვი ეყოლებათ. პაატა სამუშაო იარაღების შეძენას აღარ ელოდება. ახლა ეზოში ზის და სამზარეულოს დანით ხეზე პირველი ნამუშევრის ფორმები გამოჰყავს.