საზოგადოება
სიკვდილიდან მე-19 წელს უდანაშაულოდ ცნობილი ზუგდიდელი კაცის ისტორია [ვიდეო]
ზუგდიდელი კირილე ციმინტია ერთ-ერთია რეპრესირებულთა იმ გრძელი სიიდან, რომელიც საბჭოთა რეჟიმს ემსხვერპლა. ეს ამბავი ჰგავს, ან იმეორებს დანარჩენების ისტორიას, როცა ხელშესახები მტკიცებულებების გარეშე, დაბეზღების, შურის, ან სხვა მიზეზის გამო, კონკრეტული პირების სამიზნე ხდები, სიკვდილის შემდეგ კი უდანაშაულოდ გცნობენ, თუმცა ეს უკვე აღარაფერს გშველის.

რეპრესირებულის შვილიშვილი ლავრენტი კემულარია დღეს ნათესავებისგან შეკრებილ ცნობებს გვიზიარებს. ოჯახის წევრებისგან ბაბუაზე თითქმის არაფერი სმენია. აქ მასზე საუბარს შეგნებულად ერიდებოდნენ. გადმოცემით იცის, რომ კირილე ციმინტია ქვეყნის პატრიოტი კაცი იყო, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის სამეგრელოსა და აფხაზეთში ჩაის, ციტრუსის, ტუნგოს და ვენახის სანერგე მეურნეობების მოწყობასა და ამ კულტურების გაშენებაში. ამასთან, ბიჭვინთის საბჭოთა მეურნეობას ხელმძღვანელობდა და ზუგდიდის მანქანა-ტრაქტორთა სადგურის უფროსად მუშაობდა. წარმოადგენდა კომუნისტური პარტიის რაიკომის ბიუროსაც.

კირილე ციმინტიას, ისევე როგორც ბევრ სხვას, მაშინ ბრალი ტროცკისტობაში დასდეს. ეს ლავრენტი კემულარიას თქმით, სინამდვილეში შეთითხნილი საქმე იყო მოშურნეების, ჩვეულებრივი დამბეზღებლების მხრიდან, რომლებიც გადაჭარბებულად „თავის გამოჩენას“ ცდილობდნენ.

„წარმოუდგენელი ამბები ხდებოდა მაშინ. არაფრის გამო აფუჭებდნენ ადამიანებს. ტროცკის იდეებზე საუბრობსო. რეალურად ასეთი რამ ბუნებაში არ მომხდარა. გადმოცემით ვიცი, პარტიულ კრებაზე რომელიღაცას უთქვამს, ასეთი ინფორმაცია მომივიდა, რომ ტროცკისტიაო. ამას აუღია სამელნე და უსვრია, ვის უბედავო“, - ამბობს შვილიშვილი.

კირილე ციმინტია და მისი ცოლი ნინა ფიფია ციმინტია: ფოტო ციმინტიების საოჯახო ალბომიდან

ლავრნეტი კემლუარიას თქმით, დედამისი, ლუიზა ციმინტია, რომელიც სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამგზის მსაჯული, ზუგდიდის საქალაქო საბჭოს დეპუტატი და პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, დამოუკიდებლად იკვლევდა რეპრესირების მიზეზს, ხვდებოდა მამის მეგობრებს, თანამშრომლებს. ერთ-ერთს გახსენებია კირილეს ნათქვამი, 1937 წელს დაწყებულ პროცესზე - რამდენიმე ისეთი უერთგულესი და თავდადებული კაცია დაპატიმრებული, თუ ასე გაგრძელდა, ეს კარგს არაფერს მოგვიტანსო.
შვილიშვილის თქმით, შესაძლოა ფრაზა ბაბუისთვის საბედისწეროც აღმოჩნდა, რადგან მაშინ ადამიანების საბჭოთა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი აზროვნებისთვის გასამართლება არც არავის უკვირდა. ერთ დღესაც მოადგნენ, სახლი გაჩხრიკეს და მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, კირილე ციმინტია წაიყვანეს. რამდენიმე დღეში ოჯახს უთხრეს, რომ ის ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლავრენტი კემულარია ეჭვობს, რეპრესირებულმა დაკითხვის სისასტიკეს ვერ გაუძლო, სავარაუდოდ ფიზიკურ ზემოქმედებას და წამებას.

„ხალხის მტრის“ ცხედარს იმ დროს ჭირისუფალს არ ატანდნენ. კირილეს მამას, ისლამ ციმინტიას დარაჯამდე მისასვლელი გზა უპოვნია და ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწაში ჩაფლული შვილის გვამი გათენიისას ცენტრალური სასაფლაოს ღობის სიახლოვეს დაუმარხავს. რეპრესირებულის სათანადო წესით დაკრძალვა მხოლოდ 70-იან წლებში მოხერხდა.

ბაბუის საქმის მასალებს, სულ რამდენიმე ფურცლისგან შემდგარს, უშიშროების არქივში შვილიშვილი დედასთან ერთად უკვე 1990 წელს გაეცნო. მათ შორის იყო ამიერკავასიის სამხედრო ოლქის სამხედრო პროკურატურის დადგენილება, 19 წლის შემდეგ, გარდაცვლილი კირილე ციმინტიას უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე.

„მე მახსოვს, როგორ ქვითინებდა დედაჩემი. ეს იყო სიხარული და სამართლიანობის ზეიმიც“, - იხსენებს ლავრენტი კემულარია.

ტრაგიკული ამბავი მეორე ადამიანის მძიმე ისტორიით გაგრძელდა - რეპრესირებულის ცოლის, ნინა ფიფია-ციმინტიას დაპატიმრებით, რომელმაც ქმრის გვარი ბოლომდე, წინააღმდეგობების და საფრთხის მიუხედავად შეინარჩუნა. პროფესიით პედაგოგი, შავებში ჩაცმული სკოლაში ვიღაცას დაუბეზღებია - ტროცკისტის ცოლი ხალხის მტერს გლოვობსო. ციხეში ნახევარი წელიწადი დაჰყო. დაჭერიდან მესამე დღეს გაჭაღარავდა. გადასახლებას სულ შემთხვევით გადაურჩა. ერთ-ერთი მაღალჩინოსნისთვის სია მიუტანიათ, სასჯელის ამ ზომას დაქვემდებარებული ადამიანების. აღმოჩნდა, გარკვეული პერიოდი ერთად უსწავლიათ. გადასასახლებელთა საერთო ვაგონში რომ არ მოხვედრილიყო, საგანგებოდ ტიფის, როგორც გადამდები დაავადების დიაგნოზი დაუსვეს და თავი გადაპარსეს. სხვა ვაგონი შუა აზიისკენ მერე არც დაძრულა. ნინა ფიფიაც სახლში დაბრუნდა. აქ მას სამი ბავშვი ელოდებოდა. მათი შენარჩუნება ბებიის დედამ დიდი ძალისხმევით შეძლო, რადგან მაშინ რეპრესირებულის შვილები უპატრონოთა თავშესაფარში მიჰყავდათ. მისი დაჟინებით, ახალგაზრდა ქალი ობლებით ხელში, მესტიის რაიკომის მდივანს, სენაკელ დავით წულეისკირს მისთხოვდა, რომელსაც ასევე სამი შვილი დარჩენოდა.

ქორწინება 1941 წელს შედგა. მოწმობის ფურცელს ლავრენტი კემულარია სხვა საარქივო ფოტოებთან ერთად ინახავს. მასზე იმ განყოფილების სახელწოდება, სადაც ეს მოწმობა გაიცა, ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზეა დატანილი.

დამბეზღებელთა შთამომავლები არ უძებნია. დედამ, ლუიზა ციმინტიამ ურჩია, ამ სიმძიმით ვერ იცხოვრებდნენ.

„მართლაც, დილეითს რომ რომ აძლევენ კომპიუტერში, ისე დავივიწყე მათი გვარები“, - გვითხრა ლავრენტი კემულარიამ.