ცოცხალი ისტორიები
რუსუდან ფანოზიშვილი - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“
FaceBook Twitter
E-mail Print
რუსუდან ფანოზიშვილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ პრესსამსახურია. ის პარარელურად ჟურნალ „ანაკლიას“ უძღვება. ჟურნალის მიზანი პორტის მშენებლობის მიმდინარეობაზე საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა. აქ დაინტერესებული მოქალაქეები ეკონომიკის, საზღვაო თემატიკის, გეოპოლიტიკის საკითხებსაც ეცნობიან.

სამშაბათი, 18 ივლისი

დღევანდელი სამუშაო დღე თბილისში დაიწყო, მაგრამ ანაკლიაში დასრულდა. შუადღეს უცებ გაირკვა, რომ ანაკლიაში წასასვლელი ვიყავი. ბილეთი ვიყიდე, სახლში შევირბინე, ჩანთა ავიღე და გვიან საღამოს უკვე სამეგრელოში ვარ.

5-6 საათიან მგზავრობებს თბილისსა და ანაკლიას შორის ისე მივეჩვიეთ, თითქოს დიღმიდან მარჯანიშვილზე გადიოდე. ერთი ისაა - დროს კარგავ, მაგრამ მატარებელში და ავტობუსში მუშაობაც შეიძლება, თუ ისეთი თანამგზავრები არ შეგხვდა, ყურსასმენების გარეშე ფილმის ყურება, ან მუსიკის მოსმენა რომ უყვართ. ასეთები არც თუ იშვიათად მხვდებიან და ერთხელ ღამის ავტობუსზე, ერთმა კაცმა კინაღამ „მეტრობასიდან“ გადამისროლა. ვერ იჯერებდა, რომ მას და მის მეუღლეს, თან ღამის 2 საათზე, რომელიღაც ძველი რუსული ფილმისთვის არ უნდა ეყურებინათ ისე, რომ მათი კინოსეანსის იძულებითი დამსწრე მთელი ავტობუსი გავეხადეთ. სამჯერ ვთხოვე და ბოლოს ამის დაჯერება მოუწია. სხვათა შორის, ყურსასმენები რომ მივეცით, დემონსტრაციულად არ გაიკეთა და განაწყენებულმა, ლეპტოპი გამორთო.

ავტობუსის სამუშაო დრო ჯერ მედიის მიმოხილვას დაეთმო, მერე „ვან ოორდის“ დეტალების გარკვევას - ხვალ ანაკლიაში „ვან ოორდის“ წარმომადგენლები ჩამოდიან. მეც ამიტომ მივდივარ - ჟურნალისტებს დააინტერესებთ. „ვან ოორდი“ რა არის, ანაკლიის პორტის ამბების მიმდევრებმა უკვე იციან - ჰოლანდიური კომპანიაა და ანაკლიაში პორტის საზღვაო მშენებლობას თავის თავზე აიღებს. პორტის ტერიტორია აგვისტოში დიდი სამუშაოებისთვის ემზადება. აქაც დაიწყება ზღვის ფსკერიდან ქვიშის ამოღება, დაღრმავება, ძალიან დიდი მოცულობის ქვიშის ნაპირზე გადატანა - ის საოცარი სანახაობები, რაც ჯერ მარტო „ვან ოორდის“ ვიდეოებში მინახავს, სუეცის არხზე, დუბაის პალმების კუნძულზე, როტერდამის პორტზე და სხვა ადგილებში მომუშავე გემებზე.

ამ ფიქრებში ვარ, როცა ჩემი ლეპტოპის ეკრანზე ახალი ელ.ფოსტა გამოჩნდა: „რუსიკო, ვიდეო ვერ გავხსენი, მარტო ხმას მოვუსმინე, მაგრამ იქნებ კარგია კიდეც, რომ ვერ ვნახე. რა ვიცი, როგორ გამოვიყურები ვიდეოში.....“ ნინო ერქომაიშვილი სრულიად არაორდინალური და გასაოცარი ქალია. ის არქეოლოგია და ანაკლიაში, პორტის ტერიტორიის წყალქვეშა კვლევების დროს გავიცანი. მისმა ორგანიზაციამ, სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში, ანაკლიის შავი ზღვის აკვატორია არქეოლოგიური კუთხით გამოიკვლია. როგორც ქალბატონმა ნინომ მითხრა, მსგავსი თანამედროვე მეთოდებით, საქართველოში საზღვაო არქეოლოგიური შესწავლა პირველად ჩატარდა.

მეც მქონდა პატივი, ნინოსთან, წყალქვეშა არქეოლოგებთან - ნიკოლოზსა და მადონასთან, მშვენიერ კატერ „კატერინასთან“ და მის კაპიტან ბატონ ამირანთან ერთად ორი დღე შავ ზღვაზე გამეტარებინა. ცოტა ხნით მათ სამუშაოებს შევუერთდი და ვიდეოს ვიღებდი, უფრო სწორად, პირველი დღე ძირითადად კატერის ქანაობის შეგუებაში და ზღვის გაუწონასწორებლობაზე აღშფოთების მოთოკვაში დაიხარჯა. ეს ყველაფერი ორმაგად რთულდება, როცა გარემოს კამერით უყურებ - ამ დროს ყველაფერი ორ განზომილებაში, სხვადასხვა მანძილზე - კამერაში და რეალობაში ქანაობს.

სწორედ ამ კადრების მონტაჟში გავატარე გუშინდელი დღე და ძალიან კარგადაც გავატარე. წარმოუდგენელი შთაბეჭდილებაა! ჯერ არქეოლოგებზე დაკვირვება, მერე, ეს ყველაფერი - შუა ზღვაში და თან მათი ყვინთვისას, არქეოლოგების მიერ გადაღებული წყალქვეშა კადრების გაცნობა და მონტაჟი. თან, როცა იცი, რომ ეს „ნეშენალ გეოგრაფიკის“ რომელიმე დოკუმენტურ ფილმში კი არ ხდება, არამედ ჩვენთან.

ამ კადრებთან როგორი კონტრასტულია ავტობუსის გარემო. ვგრძნობ, ან ამ თემაზე ზედმეტი ფიქრისგან მეჩვენება, რომ ავტობუსში გამონაბოლქვის სუნი მაწუხებს. თითქოს რაღაც წესრიგში არ არის და გამონაბოლქვი შიგნით შემოდის. ნეტავ, ასეთი რამე შეიძლება ავტობუსს სჭირდეს?

საღამოს ჩვენი პროექტის დამფუძნებლის წერილი მოვიდა: როტერდამიდან და დუბაიდან 2 გემი დაიძრა საქართველოსკენ, რომლებიც ანაკლიის საზღვაო სამუშაოებისთვის საჭირო თანამედროვე, მძიმე ტექნიკას ჩამოიტანენო, რომლებიც დიდი მოცულობის წყლის და ქვიშის გადატანაზე სპეციალიზდება. ესეც კიდევ ერთი ახალი ამბავი. მოკლედ, ხვალ დიდი დღეა.

19 ივლისი

- რუსო, რა უნდა დაწერო ჩვენზე ახალი და კარგი? - ანაკლიაში, „სასტუმრო პალმ ბიჩის“ ადმინისტრაციამ და უკვე ჩემთვის ძალიან ახლობელმა ადამიანებმა იციან, რომ იქ თუ გამოვჩნდი, ან რაღაც უნდა დავწეროთ, ან გადავიღოთ, ან გავაშუქოთ, ან ღონისძიება ჩავატაროთ. ლელას მხიარულ კითხვაზე გამახსენდა, ეს დღიური რომ მაქვს დასაწერი და გამეცინა - სხვათა შორის, თქვენზე უნდა დავწერო და მალე ნახავთ-მეთქი.

ერთხელ, რეჟისორმა შტეფან ტოლცმა, რომელიც ანაკლიაზე დოკუმენტურ ფილმს იღებს და ვისთან ერთადაც ანაკლიაში ვიყავით, მკითხა - ჯამში, აქ რამდენი დღე გექნება გატარებულიო? მე ვუთხარი, ალბათ 50-ზე მეტი-მეთქი, მაგრამ, ალბათ შემეშალა - ბევრად მეტი. მაშინ შტეფანმა კი მითხრა, აბა, აქ უკვე სტუმარი აღარ ყოფილხარო და ეგრეც არის. აქ უკვე მასპინძლები ვართ.

დილიდან, ანაკლიაში ჩემი მოვალეობებიდან ერთ-ერთის შესრულებას შევუდექი და სამშენებლო სამუშაოების ხელმძღვანელს, გიორგი მირცხულავას „თავს დავესხი“. „იაპი ჩამოვიდა? სად არის? რამდენი ხნით მოიცლის? 3-ზე მოვიყვანოთ ჟურნალისტები? ვიდეო უნდა გადავიღოთ და კიდევ ერთი ფეისბუკისთვის, იაპს უნდა შევხვდე, რომ დაველაპარაკო, რომელზე ვნახავ?“ - სამშენებლო ტერიტორიიდან გამოსულ მირცხულავას ჩემი მესიჯებით გადავსებული ტელეფონი დახვდა. სამშენებლო გუნდი პორტის ტერიტორიაზე 7:45 წუთიდან გროვდება და დილის 10 საათზე ვინმეს სასტუმროში გამოჭერა რთულია.

ეს გიორგი ის კაცია - „გამარჯობა, მე ვარ გიორგი მირცხულავა და მინდა მოგიყვეთ, თუ რა სამუშაოები ჩატარდა ბოლო პერიოდის განმავლობაში პორტის ტერიტორიაზე“, - ასე დაწყებულ, მშენებლობის შემაჯამებელ ვიდეოებს რომ წერს და მერე ფეისბუკის ჩვენს გვერდზე „აწყობს“. სხვათა შორის, უკვე სერიოზული მიმდევრები და თაყვანისმცემლებიც გაიჩინა. ერთ-ერთ მის ვიდეოს, რომელშიც სამშენებლო გუნდის მიერ ახალაშენებულ, 2.5-კილომეტრიან არხში ნელა მოაბიჯებს და სახმელეთო საქმეების დამასრულებელ ეტაპზე ჰყვება. 100 000-ზე მეტი მაყურებელი ჰყავდა. ჰო - იმ არხში ჯერ წყალი არ ესხა, ბუნებრივია. ახლა იქ უკვე შეუშვეს წყალი.

გიორგიმ ეგრევე დამირეკა, ლევანსაც ველაპარაკე, ჩვენს დირექტორს. დღის განრიგზე შევთანხმდით. გადაღებაში ბესო დაგვეხმარება, ზუგდიდელი ოპერატორი.

სანაპიროზე ხომ სულ ქარია, მაგრამ მაინცდამაინც ახლა, როცა ვიდეო უნდა გადავიღოთ - საშინელი. „ახლა, როცა ჩვენ ამ ინტერვიუს ვწერთ, ორი დატვირთული გემი მოემართება უკვე საქართველოს სანაპიროსკენ. ჩვენ ჩამოვედით, საზღვაო სამუშაოებისთვის მობილიზაცია დავიწყეთ“, - თითქმის უყვირის მისკენ მიშვერილ კამერას სანაპიროზე ქართან მებრძოლი, „ვან ოორდელი“ იაპ ბრუინსმა. ქარის ხმა კიდევ უფრო ჯიუტია. მაგრამ კამერის უკან მყოფი ბესო არ ნებდება და თავის ფრონტზე იბრძვის. კამერაში თავშეყოფილს, სამშენებლო ჩაფხუტი ხან ერთი გვერდიდან ჩამოუვარდება, ხან მეორედან. მაგრამ რას მოიხდის - ჩვენი უსაფრთხოების მენეჯერები პავლე და ლაშა, რა თქმა უნდა, იქვე არიან და გვაკონტროლებენ.

ინტერვუებს რომ მოვრჩით, პავლეს ვთხოვე, მანქანით სამუშაოები მოვიაროთ, მშენებლობის ახალი ფოტოები გადავიღოთ-მეთქი. სახმელეთო სამუშაოები თითქმის დასრულებულია, უკვე არეალს საზღვაოსთვის ამზადებენ. რამდენიმე თვის წინ, აქ 110 ჰექტარზე მიწის ნაყოფიერ ფენას რომ ხსნიდნენ, არხს თხრიდნენ და კიდევ სხვა რაღაცებს აკეთებდნენ, ყველა მონაკვეთში აურზაური იყო. ახლა ეს მოხსნილი ფენა დაუგროვებიათ და ეგვიპტის პირამიდებივით ჩაუწიკწიკებიათ - პავლე და ბატონი გოჩა, ჩვენი ინჟინერი, სიამაყით მაჩვენებენ სიმეტრიულად ჩაწყობილ გორაკებს. ვფიქრობ, ამ პატარა სრულყოფილებით კმაყოფილები არიან.

ტერიტორიას ვტოვებთ და მეც უკვე შემიძლია რკინებიანი ბოტებისგან და ჩაფხუტისგან გავთავისუფლდე. მათ გარეშე, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, პორტის ტერიტორიაზე შესვლა არ შეიძლება. არა, განა ვაპროტესტებ, მე უკვე თავისებურად შემიყვარდნენ ისინი და ამ მძიმე ინდუსტრიულ, რამდენიმე ზომით დიდ ბათინკებს, მოფერებით „დემნაგვასალიებიც“ კი დავარქვი.

20 ივლისი

დღესაც ანაკლიაში ვარ. ჩვენს აქაურ ოფისში სამი მხრიდან დიდი ფანჯრებია და ყველა ფანჯარა ზღვაზე გადის. სხვადასხვა კუთხიდან შემოსულ მზის ყველა სხივს და ყველა ლამაზ ჩრდილს ფოტოები უკვე გადავუღე და ინსტაგრამზეც დავდე. ახლა შემიძლია მუშაობა პირნათლად გავაგრძელო. აქ მუშაობა ადვილია, ადვილი კი არა, გასაოცარია - პირდაღებული გავყურებ ამ სივრცეებს, რომლებიც საერთოდ არ ჰგავს თბილისის ოფისების ფანჯრებზე აზელილ მტვერს და კედლებზე ამოსული მანქანების ხედებს. წარმოიდგინეთ, ამის ნაცვლად ზღვას უყურებ, ხან განმუხურისკენ გაიხედავ, ხან სამხრეთისკენ და თან კლავიატურაზე ხელებს აკაკუნებ და საქმეს აკეთებ.

ტაპის, ჩვენი სოციალური პროექტების მენეჯერს ველაპარაკები. ერთი ახალი იდეა აქვს: ადგილობრივი მოხალისეებისთვის, თუ მათი სურვილიც იქნება, პატარა სამუშაო შეხვედრების ჩატარება და შემდეგ მათი მონაწილეობით ანაკლიაზე ადგილობრივი გაზეთის გამოშვება უნდა. სიამოვნებით ჩავერთვები.

ტაპის სულ ასეთი მხიარული და გულიანი იდეები აქვს, მის პროექტებში მონაწილეობა რომ მოგინდება. ცოტა ხნის წინ, ამავე ოფისში ანაკლიელები შეკრიბა და სთხოვა მოეყოლათ, როგორ ხედავდნენ საკუთარ თავს და ანაკლიას 10 წლის შემდეგ. ჩემი აზრით, ისტორიული შეხვედრა იყო. ზოგადად, ანაკლიელები ძალიან მობილიზებული, აქტიური, მოწადინებული, ინიციატივების და ახალი პროექტების მოყვარული ხალხია. ბოლო 2 წლის განმავლობაში ანაკლიელებთან ერთად ბევრი რამ გავაკეთეთ და გამოვიარეთ. აქ პირველად ზუსტად 2 წლის წინ ჩამოვედი, როცა ჟურნალ „ანაკლიის“ პირველ ნომერზე ვმუშაობდით. მაშინ არავის ვიცნობდით. ნათელასთან ერთად, რომელიც ფოტოგრაფია და ჟურნალისთვის პროექტს - „ადამიანები სანაპიროდან“ ვიღებდით, ქუჩაში დავდიოდი და ხალხს ვხვდებოდით, ვაჩერებდით, ვეცნობოდით, მათ ამბებს ვისმენდით. პირველ დღეს 81 წლის ქალბატონი მოკონა შეგვხვდა და ანაკლიაში პორტის აშენების, კონტეინერებს გადაზიდვის და ჩინეთის და ევროპის დაკავშირების ეკონომიკურ სარგებელზე გველაპარაკა. ბატონმა თორნიკემ მოგვიყვა, ბაბუაჩემი 30-იან წლებში ანაკლიაში ჩაფიქრებული პორტის მშენებლობისთვის გადმოვიდა საცხოვრებლადო. არა მარტო ის, მამაჩემიც ისე გარდაიცვალა, ამას ელოდებოდა და ვერ მოესწრო, მაგრამ მესამე თაობას ხომ გამიმართლაო. მაშინ ჯერ მხოლოდ იმედები იყო. მას მერე ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის სოფელი - ტერიტორიის ნაწილი მშენებლობამ დაიკავა, ანაკლიელების ნაწილი კი მშენებლობაში ჩაერთო, ნაწილი - მასთან ერთად მიმდინარე სხვა სოციალურ პროცესებში. აგერ, ზოგი უკვე 10 წლის შემდეგ ცხოვრებას გეგმავს.

ჰოდა, ჩვენს ოფისში ჩატარებულ შეხვედრაზე ვამბობდი, სადაც ეს დაწყებული ცვლილებები, საკუთარი საქმეები და ანაკლიის ცხოვრება სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ანაკლიელებმა 10 წლის შემდეგ ჰიპოთეტურად გამართულ ღონისძიებაზე შეაჯამეს. ამ „ღონისძიებაზე“ ჩვენ მაყურებლები ვიყავით. ერთ-ერთი პრეზენტატორი გამოვიდა და აქაური თანამედროვე სკოლა და მრავალფუნქციური განათლების ცენტრი წარმოგვიდგენა, რომლის თანამშრომელიც თვითონაა. ამის შემდეგ, თანამედროვე სტანდარტებით და უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საავადმყოფოს დირექტორის გამოსვლა მოვისმინეთ... მერე ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა, გიორგიმ, ანაკლიაში პირველი კლუბის და გასართობი ცენტრის შესახებ მოგვიყვა, რომელიც თვითონ განავითარა ბოლო 10 წელიწადში. ერთი, ძალიან მაგარი ქალბატონი საკუთარი ხელით შექმნილი სასტუმროების ქსელიდან მოგვესალმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ აფხაზებთან დამეგობრება და საქართველოს ტერიტორიების გამთლიანება ამ ბოლო 10 წელიწადში მისთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ერთი-ორ გამოსვლაზე ტაპიმ და სოფო შამუგიამ წაუტირეს კიდეც. ვითომ ტაპის დავცინოდი და მეც გული ამიჩუყდა. სხვათა შორის, ეს პრეზენტაციები გადაღებული გვაქვს და ვნახოთ, 10 წლის შემდეგ როგორ გავიხსენებთ.

მოკლედ, ანაკლიაში არ მოიწყენ, მაგრამ უკვე თბილისში დასაბრუნებლად ვემზადები. შემდეგ კვირაში ალბათ კიდევ რამდენჯერმე ჩამოვალ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
11:37 / 08.08.2018
13:14 / 16.07.2018
16:01 / 10.07.2018
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.