მოსწავლე დიპლომატი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების კუთხით მუშაობაზე ოცნებობს [ვიდეო]
მერაბს სკოლის ბიბლიოთეკაში შევხვდით, სადაც მოგვიყვა, თუ როგორ ესტუმრა თანატოლებთან ერთად ბრიუსელსა და ჰააგას, ევროპის აკადემიური ცენტრის პროექტის ფარგლებში. აქ ისინი გაეცნენ ევროპარლამენტის და სასამართლოს მუშაობის პრინციპს. მოისმინეს ლექციები, რომელსაც პროფესიონალ დიპლომატად ჩამოყალიბების პროცესში გამოიყენებს.
სკოლის მოსწავლე აზრის გამოხატვას არ უფრთხის და საკუთარ თავში დარწმუნებულს, არც მომავალი გამოწვევები აშინებს.
მერაბი პოლიტიკით, ნატოს და ევროკავშირის თემით ჯერ კიდევ შარშან დაინტერესდა. იყო არაერთი პროექტის მონაწილე, სადაც ახალ ცოდნას და ინფორმაციას უზიარებდნენ. როცა ამ პროექტის შესახებ შეიტყო, ცენტრს დაუკავშირდა, გასაუბრება წარმატებით გაიარა და სხვა ახალგაზრდებთან ერთად, ევროპის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ცენტრში ჩავიდა.
ამბობს, რომ მისთვის ევროპა მშვიდობა და ქვეყნებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობებია, რომელიც კი არ ცდილობს ვინმეს საკუთარი ტრადიცია და ღირებულებები წაართვას, რაც პრორუსული პროპაგანდის ნაწილია, არამედ სწორედ კულტურათა, ადათწესების მრავალფეროვნების შემონახვას, დაცვას და ისეთი საზოგადოების მშენებლობას გულისხმობს, სადაც ყველა ადამიანის უფლება თანაბრად იქნება დაცული.

მერაბ დოლბაია საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან დამოკიდებულებას უწუნებს. ფიქრობს, რომ ის ზედმეტად რბილია, ამ დროს კი ჩვენ მეტი სიხისტე გვჭირდება:
„მე რასაც ვხედავ, საქართველო არის ძალიან ლოიალური ოკუპაციის მიმართ, რომლის წინააღმდეგაც ვერაფერს ვაკეთებთ. უნდა ვეცადოთ, რომ რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობა არა ისე, როგორც მარიონეტულმა ქვეყანამ. გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობა თუნდაც რუსეთისთვის და საკმაოდ ძლიერ ძალას წარმოვადგენთ კავკასიაში. რუსეთი ვალდებული იქნება, რაღაც საკითხებში დათმობაზე წავიდეს“.
სამაგიეროდ, ახალგაზრდა დიპლომატს მოსწონს ის პოლიტიკა, რაც ხელისუფლებას აფხაზების და ოსების მიმართ აქვს. ფიქრობს, რომ მათთან დიალოგის ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, თუნდაც კულტურის და სპორტის სივრცეები დაახლოებისთვის და ვუჩვენოთ, რომ - იცით, ჩვენ უკეთ ვცხოვრობთ, ვიდრე თქვენ რუსეთის მარიონეტობის ქვეშ.
მერაბ დოლბაიას თქმით, მიზნის მისაღწევად ერთადერთი სწორი იარაღი მშვიდობა და დიპლომატიაა, არა იარაღი და სისხლისღვრა. სკოლის მოსწავლე ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის მოხალისეა. სჯერა, რომ მხოლოდ დასავლური ინტეგრაცია მოუტანს ქვეყანას განვითარებას, უსაფრთხოებას, რომ იოლად არავინ გაბედოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა.
კლასის დამრიგებელი შორენა ჯაბურია გვეუბნება, რომ სწორედ ასეთი იმედისმომცემი ახალგაზრდებია საჭირო, საქართველოსთვის პრიორიტეტული საგარეო კურსის წარმატებულად შენარჩუნებისთვის. დარწმუნებულია იმაშიც, რომ მერაბი აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს სამომავლოდ, მთელ ამ ხანგრძლივ პროცესში.
მერაბ დოლბაია იგივე პროექტის ფარგლებში დეკემბრის თვეში ბაქოში გაემგზავრება, სადაც რუს თანატოლებს შეხვდება. პირისპირ დიალოგს ელოდება და მათთვის კითხვებიც მზად აქვს. აინტერესებს პასუხები რამდენიმე საკვანძო თემაზე. მაგალითად, რას ფიქრობენ ისინი საკუთარი ხელისუფლების დღევანდელ პოლიტიკაზე, საქართველოში ჯერაც დაუსრულებელ, მცოცავ ოკუპაციასა და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების პრობლემაზე.