საზოგადოება
73 წლის შემდეგ ნაპოვნი საფლავები - ომში დაკარგული "მზის ბიჭები" სამეგრელოდან [ფოტო]
- როგორი იყო ჩემი ბაბუა, - ეკითხება პატარა გოგო დედას.

- კიდევ როგორი? - კითხულობს გოგონა.

მეგი სტემპენს ბავშვობაში დიდი ბაბუის ისტორიებს ხშირად უამბობდნენ. ბაბუის, რომელიც მეორე მსოფლიო ომში წავიდა და ვეღარ დაბრუნდა.

„ჩემი დიდი ბაბუის ომში დაკარგვის გამო სულ მაინტერესებდა ეს ისტორიები და მე-4 კლასში ვიყავი ბოიკოს წიგნი რომ წავიკითხე, ფაშისტურ ბანაკებში ჩადენილ ბოროტებებზე. ერთი ამოსუნთქვით წაკითხულმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ გარეკანის ყდა სხეულზე ამოვიტვიფრე. ტატუ მაქვს, მზის სხივები და მავთულხრათები, რაც გარეკანზეა გამოსახული“, - გვიყვება მეგი.

მეგი სტემპენი

მას შემდეგ კი, რაც მეგი გერმანიაში საცხოვრებლად გადავიდა, გადაწყვიტა დიდი ბაბუის საფლავი მოეძებნა, რა დროსაც სხვა უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარიკაცების საფლავები იპოვა:

„პირველად ჩემს ქალაქთან ახლოს, ქემნიცთან ქართველი ჯარისკაცის, დიმიტრი ფოცხვერაშვილის საფლავს მივაგენი. ეს პირველი „მზის ბიჭი“ იყო. რატომ დავარქვი მზის ბიჭები? არ ვიცი, რაღაც უცებ გულიდან ამოვთქვი“.

მეგი ახლა ცაიტჰაინის მუზეუმში დაცულ ინფორმაციას ამუშავებს. ამბობს, რომ აქ 185 ქართველის საფლავია, რომლებიც სხვადასხვა ფაშისტურ ბანაკში ტყვედ ჩავარდნენ.

ცაიტჰაინის მუზეუმი / ფოტო: მეგი სტემპენი

მან ფეისბუკზე „მზის ბიჭების“ გვერდიც შექმნა, სადაც იმ ქართველი ჯარისკაცების შესახებ წერს, ვინც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიაჩნდათ. მეგი დიდი ბაბუის საფლავს ჯერ კიდევ ეძებს.

„პირველად ფოცხვერაშვილის საფლავი რომ ვიპოვე, მისი გვარი დავსერჩე ფეისბუკზე. ვიპოვე მისი ძმის შვილიშვილი, რომლის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ამ ოჯახთან ძალიან დავმეგობრდი. ახლაც, როცა გამოვაქვეყნებ რომელიმე უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცის საფლავის შესახებ ინფორმაციას, ბევრი გამოხმაურება აქვს, საოცარი ემოციაა, როცა ახლობლები თავიანთი წინაპრების საფლავებს პოულობენ. ყოველ ჯერზე, როცა მუზეუმში მივდივარ, ან სიებს ვკითხულობ, მგონია, რომ ჩემს დიდ ბაბუას ვეძებ. ალბათ ამიტომაც გამომდის გულით“.

ერთ-ერთი „მზის ბიჭის“ შთამომავალმა ცირა პერტაიამაც სამი კვირის წინ, ინტერნეტით შეიტყო ბაბუას ძმის, მამია პერტაიას საფლავის არსებობის შესახებ და მეგი სტემპენს გამოეხმაურა.

„მამია თავისი სურვილით წასულა ომში. გარკვეული დროის განმავლობაში მოსდიოდა ოჯახს მისი წერილები, თუმცა მერე შეწყდა. დიდი ბაბუა თომა სოფლის საბჭოს თავმჯდომარე იყო და ყველგან კითხულობდა თურმე ძმის ამბავს, ბებია კი ლამის ჭკუიდან გადასულა, რომ ვერ პოულობდნენ ვერც მკვდარს და ვერც ცოცხალს. ისინი ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, რომ მისი საფლავის ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს“, - გვითხრა ცირამ. ის უახლოეს მომავალში გერმანიაში ჩასვლას და საფლავის მონახულებას აპირებს.

მამია პერტაიას წერილი / მოგვაწოდა ოჯახმა

ასევე, ფეისბუკით შეიტყო ზუგდიდის სოფელ ურთაში მცხოვრებმა დილარ დაგარგულიამ ცაიტჰაინში მისი მეზობლის, ნოე ქირიას საფლავის არსებობის შესახებ.

დილარ დაგარგულია 80 წლისაა. მეგის მსგავსად ისიც ადრეული ასაკიდან დაინტერესდა შინმოუსვლელთა ისტორიებით.

დილარი დაგარგულია / ფოტო: ლაივპრესი

„ბიძაჩემი გრიგოლ დაგარგულია ჯარში ომის დაწყებამდე, აპრილში გაიწვიეს. ბებიაჩემი მის წერილებს რომ გამოიტანდა, ტიროდა ხოლმე. მამა 1946 წელს დაბრუნდა ომიდან, ბიძა ვერ დაბრუნდა. ბებია და ბაბუა შვილის დაბრუნების იმედით გარდაიცვალნენ. მერე მამაჩემმა მიმართა კომისარიატს და გამოუგზავნეს ცნობა, ძმის გარდაცვალების შესახებ, რაც მას ჩვენთვის არ უთქვამს. ამის შესახებ მეც გვიან შევიტყვე და ბიძის ძებნაში მთელი სოფლის ბიჭების ისტორიები შევკრიბე და ერთ წიგნად ავკინძე“.

დილარის ამდენი წლის შემდეგაც მათზე საუბარი ცრემლის გარეშე უჭირს.

„ნოეს საფლავის შესახებ რომ შევიტყვე, ყველა ტკივილი განმიახლდა. მამაჩემი ჟურნალისტი იყო. მან ადგილობრივ გაზეთში დაწერა, რომ სოფელში შინმოუსვლელთა აჩრდილი დადისო და მართლაც ასეა, რადგან ჩვენი პატარა სოფლისთვის, სადაც 180 კომლი ცხოვრობდა, 79 ადამიანი ვერ დაბრუნდა ომიდან. საუკეთესო ბიჭები დაიღუპნენ. ბევრი მათგანი თავისი სურვილით წავიდა. ქირიები სამი ძმები იყვნენ. ორი ვერ დაბრუნდა, მათ შორის ნოე. ის საბჭოს თავმდჯომარე იყო და ომში გასაწვევი უწყება მიჰქონდა თანასოფლელებთან. მერე უთქვამს, სხვებთან უწყება მიმაქვს და მე როგორ შევხედო ბიჭების დედებს თვალებში და თვითონაც წასულა“, - იხსენებს დილარი დაგარგულია.

მან სოფლის ბიბლიოთეკაში სტენდი მოაწყო, სადაც 79 შინმოუსვლელი თანასოფლელის ფოტო ჩამოკიდა. დილარის უნდა, რომ სტენდზე საპატიო ადგილას, მეგის ნაპოვნი ნოე ქირიას ფოტოც დაამატოს.

„ნახეთ რამდენი არიან. ბიძაჩემის ფოტო სახლშიც კიდია ჩემთან და ვიცი, რომ ჩემი შვილი არასდროს ჩამოხსნის, მაგრამ ესენიც ხომ ყველა ჩვენგანის ბიძა და ბაბუაა. მათი უმეტესობა 20 წლისაც არ იყო. ოჯახების შექმნა ვერ მოასწრეს. მართლა მზის ბიჭები იყვნენ, საუკეთესოები. ისინი არ დაკარგულან, ჩვენ მათ ვერ დავივიწყებთ“.

მეგი სტემპენმა ამ დროისთვის სამეგრელოდან წასული ჯარისკაცების: აბაშის მკვიდრის ივანე კონსტანტინეს ძე კილასონიას, ზუგდიდის სოფელ ცაიშის მკვიდრის სევერიან ბესაიონის ძე მაქაცარიას, სენაკის სოფეკ თეკლათის მკვიდრის ივანე იასონის ძე წურწუმიას, წალენჯიხის სოფელ საჩინოს მკვიდრის ტრიფონ კაბუჩის ძე მორგოშიას და ჯვარის მკვიდრის დოროფეი პუცერას ძე შეროზიას საფლავები აღმოაჩინა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები






ზუგდიდის 50 წევრიან საკრებულოში 7 დეპუტატი ქალია.
12:40 / 08.03.2019
ზუგდიდის 50 წევრიან საკრებულოში 7 დეპუტატი ქალია.






სოფელი ადიში ისეთია, ერთხელ თუ ადამიანმა ნახა, მისი შთაბეჭდილება
კარგა ხანი მიჰყვება.
18:39 / 25.02.2019
სოფელი ადიში ისეთია, ერთხელ თუ ადამიანმა ნახა, მისი შთაბეჭდილება კარგა ხანი მიჰყვება.






ბოლშევიკებმა ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლები ზუგდიდის ვლაქერნის
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში,
18:33 / 25.02.2019
ბოლშევიკებმა ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლები ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში,






36 წლის ნათია წითლიძე თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ წარმატებულ
ფერმერ ქალად აღიარა.
17:50 / 14.02.2019
36 წლის ნათია წითლიძე თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ წარმატებულ ფერმერ ქალად აღიარა.
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.