საზოგადოება
რა დაგიჯდებათ საახალწლო ნობათი ზუგდიდის ბაზარში
რა ღირს ინდაური? - ეს შვილო 60-ად გქონდეს. შვილიშვილებს გეფიცები, 75-ს ვაფასებდი, მაგრამ მცივა, თან ფეხი სველი მაქვს, სახლში ჩქარა უნდა წავიდე.

მეუბნება სოფელ ოქტომბრიდან ჩამოსული 73 წლის ზოია ბებო, თან მთავაზობს ხელით კარგად მოვსინჯი ინდაურის ბარკლები, რათა დავრწმუნდე, რომ ხორცი ბლომად აქვს. ვიყიდე. სე, ზოია ბებოსავით წვიმაში დგანან სხვა ბებოები და ბაბუებიც. ზოგიერთს სახლიდან ქათამი მოჰყავს, ზოგს გოჭი, ცხვარი და თხა.

ბაწრით ფეხებაკრული წვრილფეხა პირუტყვი ტალახიან ტროტუარზე ასარჩევად ყრია. ისინიც პატრონებივით წვიმაში სველდებიან.

რა ღირს გოჭი?

- ამას ხომ ხედავ, როგორი თეთრია, რძით დაბანილივით. 70-ად მოგცემ - მიმითითებს გალიაში გამომწყვდეულ საკმაოდ დიდი ზომის გოჭზე 69 წლის ნაპო წურწუმია. მან ჩხოროწყუდან რამდენიმე გოჭი ჩამოიყვანა, რათა ზუგდიდის ბაზარში კარგად გაყიდოს და შემდეგ მანაც სახლში საჭირო პროდუქტის წაღება შეძლოს. ეს ძირითადად არის შაქარი, ფქვილი, ხილი და ტკბილეული. ბატონ ნაპოს უფრო დიდი ღორიც ჰყავს. ამბობს, რომ მყიდველს 120 ლარადაც მისცემს, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ სახლში დროულად მიბრუნდეს. თორემ ფასი ეცოტავება, რადგან მოვლაში დიდი ენერგია და ფულიც დახარჯა.

ესეც ასე, ინდაური ნაყიდი მაქვს. გოჭიც. დედალიც დავამატე 15 ლარად. ახლა საცივისთვის ნიგოზიც ხომ მინდა. გადავდივარ სუნელებისა და მარცვლეულების განყოფილებაში. შენობა გადახურულია. აქ მყოფ ბებოებს არ აწვით, მაგრამ ცივათ.

დახლზე ნიგოზი ასარჩევად დევს. მომცრო ზომის 18 ლარი, უფრო ბუთხუზა და ხარისხიანი 30 ლარია. ძვირი მეჩვენება, მაგრამ სასაცივე ნიგოზია ზუსტადაც. 30 ლარის ალბათ მეყოფა. ამას დავამატებთ ხმელ სუნელებს, რაც კერძს დამატებით დასჭირდება ესეც შენი 38 ლარი.

რა არის მეგრული სუფრა ხაჭაპურის და სულგუნის გარეშე? „საყველიეში“ თეთრი თუ შებოლილი სულგუნების „პირამიდები“ დგას. ნარგიზა ბებო ხელს მიქნევს, ჩემთან მოდი, კარგი ყველი მივიღე სოფელ ერგეტიდანო.

- სუფთა და წკრიალა ქალმა მოიტანა ბებო. თეთრ სულგუნს კილოს 15-ად მოგცემ, შებოლილს 18-ად. გაგასინჯებ და აირჩიე. ნარგიზა ბებო თეთრ სულგუნს წონის.

- 26 ნახევრისაა, მაგრამ შენ 26 მომეცი. შევთანხმდით. ახლ ჭყინტიც ხომ მინდა ხაჭაპურისთვის. ჰოდა, ერთი კილოგრამი 11 ლარი ღირს. ავიღე ესეც ნარგიზა ბებოსთან 18 ლარის.

გოზინაყისთვის თაფლი დამჭირდება. ფასი 14 ლარიდან იწყება და 25 ლარამდე მერყეობს. როგორც გამყიდველი ირწმუნება, მუხურის „სუფთა თაფლია“ და 25 ლარის გადახდა ღირს. ჰოდა, მეც ამ რწმენით ვიყიდე 1 ლიტრი.

ორი კილო ფქვილიც დავამატე 5 ლარად. ათი ცალი კვერცი 3,50-ად. მთავარი პროდუქტები თითქოს ნაყიდი მაქვს, მაგრამ მადა ჭამაში მოდისო და სუფრაზე თევზიც მომინდა რომ მქონდეს. არჩევანი ბევრია. ფასი სახეობების მიხედვით განსხვავებულია. მომცრო ზომის თევზების ფასი 6 ლარი, კალმახის 14, ორაგული კი 19 ლარია. იყოს ორაგული. ეს ხომ სადღესასწაულო სუფრაა.

ხილში, (2 კილო მანდარინი 3 ლარი, ასევე, 3 ლარი 1 კილო ვაშლში, ყურძენი ერთი კილო 5 ლარი) საერთო ჯამში 11 ლარი დავხარჯე.

ბოსტნეულიც აუცილებელია სალათებისთვის. ვიყიდე კიტრი-პომიდორი თითო-თითო კილო 3 ლარის. ბულგარული 1კგ 5 ლარის, ბადრიჯანი 1კგ- 6 ლარის. ცოტა მწვანილებიც დავამატე. საერთო ჯამში, ბოსტნეულში 15 ლარი გადავიხადე.

ხურმის ჩირი 8 ლარად შევიძინე. 24 ლარად 8 ცალი ჩურჩხელა. თითო 3 ლარი ღირს.

საფულე ნელ-ნელა ცარიელდება და დროა ბაზარს გავეცალო.

რა არის ქართული სუფრა სასმელის გარეშე? ღვინის მაღაზიაში სხვადასხვა მწარმოებლის ღვინოს განსხვავებული ფასები აქვს. ერთი ბოთლის იწყება 8 ლარიდან და 50 ლარამდე მერყეობს. ვყიდულობ 2 ბოთლ საფერავს 30 ლარად.

სახლში ცარიელი საფულით, მაგრამ პროდუქტებით დატვირთული მივდივარ. ჯამში 368 ლარი დავხარჯე. რა მექნება სუფრაზე? - საცივი, გოჭი, შემწვარი დედალი, ხაჭაპური, თევზი, ყველი, ფხალის ასორტი, სალათი, ხილი და ღვინო.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები






ზუგდიდის 50 წევრიან საკრებულოში 7 დეპუტატი ქალია.
12:40 / 08.03.2019
ზუგდიდის 50 წევრიან საკრებულოში 7 დეპუტატი ქალია.






სოფელი ადიში ისეთია, ერთხელ თუ ადამიანმა ნახა, მისი შთაბეჭდილება
კარგა ხანი მიჰყვება.
18:39 / 25.02.2019
სოფელი ადიში ისეთია, ერთხელ თუ ადამიანმა ნახა, მისი შთაბეჭდილება კარგა ხანი მიჰყვება.






ბოლშევიკებმა ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლები ზუგდიდის ვლაქერნის
ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში,
18:33 / 25.02.2019
ბოლშევიკებმა ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლები ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში,






36 წლის ნათია წითლიძე თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ წარმატებულ
ფერმერ ქალად აღიარა.
17:50 / 14.02.2019
36 წლის ნათია წითლიძე თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ წარმატებულ ფერმერ ქალად აღიარა.
დღის ფოტო
ცოცხალი ისტორიები
დემეტრე ლიპარტია - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი
გრიგოლ დაგარგულია - აგვისტოს ომის რეზერვისტი
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.