როგორ აღმოჩნდა აფხაზეთის „რესპუბლიკის“ მონეტები ამერიკულ კატალოგში
13:53 / 30.12.2018
ერთი მხრივ, სოხუმში იამაყეს ამ მიღწევით და შეაფასეს, როგორც „ნაყოფიერი მუშაობის“ შედეგი. თბილისში კი გაჩნდა დიდი კითხვის ნიშანი, თუ როგორ აღმოჩნდა დე ფაქტო რესპუბლიკის მონეტები იმ სახელმწიფოს კატალოგში, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლინობას აღიარებს და ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია.
კითხვაზე პასუხის მისაღებად „ლაივპრესმა“ ინფორმაცია პირველწყაროსთან გამოარკვია. „მსოფლიოს მონეტების“ რედაქციამ მოგვწერა, რომ ახალი კატალოგის რვა გვერდში, რომელიც სარეკლამო სივრცეებია, დე ფაქტო რესპუბლიკამ თანხა გადაიხადა.
„კორპორაცია F+W Media ყიდის სარეკლამო სივრცეს მსოფლიო მონეტების სტანდარტული კატალოგის პრიალა გარეკანის შიდა მხარეს. მსოფლიო მონეტების სტანდარტული კატალოგის 2001-2019 წლის მე-13 გამოცემაში, აფხაზეთის ბანკმა შეისყიდა სივრცე 8 გვერდიანი რეკლამისთვის, 2008-2016 წლებში მათ მიერ გამოცემული მონეტების წარმოსაჩენად. ამ რეკლამით ილუსტრირებულ იქნა აფხაზეთის მიერ გამოცემული მონეტების ძალიან მცირე ნაწილი“, - აცხადებს ჟურნალის რედაქცია.
მათივე განმარტებით, მხოლოდ „აფხაზეთის ბანკის“ მიერ ნაყიდ გვერდებზე გვხვდება ისტორია და აფხაზეთის ამჟამინდელი სტატუსი, მსოფლიო მონეტების სტანდარტული კატალოგის 2001 - მე-13 გამოცემაში კი არსად მოიპოვება ჩანაწერი, სადაც აფხაზეთი მოხსენიებულია, როგორც დამოუკიდებელი ერი.
ჟურნალის რედაქციაში აღნიშნავენ, რომ მსოფლიო მონეტების სტანდარტული კატალოგი არ უზრუნველყოფს აფხაზეთის მონეტების სტანდარტულ ჩამონათვალს, სადავო რეგიონის სუვერენიტეტის საერთაშორისო დონეზე აუღიარებლობის გამო.

სამაგიეროდ, აფხაზეთის შესახებ ინფორმაციას ვერ ნახავთ pdf ფაილში, „ლაივპრესს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რომ მიაწოდა. მათ თავდაპირველად გვითხრეს - ფოტოები და ვიდეო, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელმა გამოაქვეყნა, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, თუმცა ამერიკული ჟურნალისგან მიღებული პასუხის შემდეგ დაგვიდასტურეს ინფორმაციის უტყუარობა.
„კომპანიასთან თავიდანვე ჰქონდა კომუნიკაცია საქართველოს საელჩოს აშშ-ში, და ეს კომუნიკაცია დღესაც გრძელდება. მათ ჩვენთანაც დაადასტურეს, რომ სარეკლამო ადგილი შეიძინა აფხაზეთის ბანკმა, მაგრამ ახლა ის არის დასადგენი, როგორ იურიდიულ სუბიექტთან გაფორმდა შეთანხმება. მუშაობა ამ საკითხზე გრძელდება“, - გვითხრეს სამინისტროში და აღნიშნეს, რომ მათ მიერ მოპოვებულ კატალოგის pdf ფაილს არ ჰქონდა ის სარეკლამო გვერდები, რაც ბეჭდურ ვერსიაში გამოქვეყნდა.
კრძალავს, თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების კანონი ამერიკული ორგანიზაციებისთვის თანხის მიღებას დე ფაქტო რესპუბლიკებისგან, შეკითხვით საქართველოს აშშ-ის საელჩოს მივმართეთ.
„ზოგადად, ამერიკის კანონმდებლობა არ შეიცავს კონკრეტულ რეგულაციებს კერძო ბიზნესის საქმიანობასთან დაკავშირებით“, - გვითხრეს საელჩოში.
„ლაივპრესი“ ფეისბუკის საშუალებით დაუკავშირდა „აფხაზეთის ეროვნული ბანკის“ ხელმძღვანელ ბესლან ბარათელიას, თუმცა მან არ გვიპასუხა.
სწორედ ბესლან ბარათელიამ ნოემბერში გამოაქვეყნა ფოტოები და ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ამერიკული ჟურნალის ახალ კატალოგში აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნად არის მოხსენიებული.
„გილოცავთ ყველას ამ მოვლენას, რომელიც დიდი ხნის ძალისხმევის შედეგია. აფხაზეთის ბანკი განაგრძობს მუშაობას სამახსოვრო მონეტების - აპსარის პოპულარიზაციისთვის“, - დაწერა ბარათელიამ სოციალურ ქსელში, თუმცა არაფერი უთქვამს იმაზე, რომ ეს რეკლამა იყო, რაშიც ფული გადაიხადა.
ამერიკული კატალოგი 1500 გვერდიანი ილუსტრირებული გამოცემაა, რომელიც აქვეყნებს ინფორმაციას მსოფლიო ქვეყნების მონეტების და მათი ისტორიის შესახებ.