საზოგადოება
25 წელი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან - ძველი ხიბულელების მოგონებები [ვიდეო/ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ეს სახლი ალბათ არაფრით იქნებოდა გამორჩეული, რომ არა 25 წლის წინ მომხდარი შემთხვევა, ღურწკაიების ოჯახთან ერთად, მთელი ქვეყნის ისტორია რომ შეცვალა. აქ პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა, თუ მოკლეს.. მთავარი კითხვა დღემდე უპასუხოდ რჩება. სამაგიეროდ სოფლის ბოლოში ისევ დგას, უკვე შემოუღობავ ეზოში ორსართულიანი, სანახევროდ ქვის და ხის, უკარო, უფანჯრებო, ალაგ-ალაგ კედლებმორღვეული, საძირკველშერყეული შენობა. ეს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელი ძველი ხიბულაა და სახლი, სადაც ზვიადმა სიცოცხლის ბოლო სამი დღე გაატარა.

კარლო ღურწკაიას საცხოვრებელი შემაღლებულ ადგილას მდებარეობს. უსწორმასწორო გზებით სოფლის ორღობეს მივუყვებით. ძალაუნებურად გეფიქრება - შესაძლოა იმავე ტრაექტორიით გადიხარ მანძილს დანიშნულების წერტილამდე, როგორც თავის დროზე პირველი პრეზიდენტი თანმხლებ პირებთან ერთად. გზად მიტოვებული სახლები მოსჩანს. ასეთი არც თუ ცოტა გვხვდება.

აი, დროსა და სიცარიელეში გაყინული ღურწკაიების საცხოვრებელიც. აქ სიჩუმეს სიცოცხლის ერთადერთი ნიშანწყალი, ღორის მოურიდებელი ხვნეშა არღვევს. სახლის მეორე სართული პირველს საყრდენით უჭირავს და ერთი შეხედვით ჩამონგრევისგან იცავს. ფრთხილად, უმინებო ფანჯრის ჩარჩოდან ვიყურები შიგნით, საიდაც დაზნექილ იატაკს და წაქცეულ კარადას ვხედავ. აივანზე გადაადგილება სახიფათოა. ამ მიზეზით, დერეფნის ბოლოს, კუთხეში მდებარე ოთახში, სადაც საბედისწერო გასროლა მოხდა, ვეღარ ვახერხებთ შესვლას. პირველ სართულზე მხოლოდ მიწის იატაკი და სანახევროდ მორღვეული, გაბზარული კედლებია. აივნიდან ხელისგულზე გადაშლილა ძველი ხიბულა.

კარლო ღურწკაიამ სოფელი ათი წლის წინ დატოვა ოჯახური პრობლემების მიზეზით და დღეს ზუგდიდში ცხოვრობს. ჩვენ მას სწორედ აქ შევხვდით. ვიდეო ჩაწერაზე უარი გვითხრა. სამაგიეროდ ისე მოგვიყვა, თუ როგორ ძლიერ უყვარდა პრეზიდენტი და შეიფარა მისთვის ყველაზე მძიმე დროს. სამი დღე ზვიად გამსახურდიამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბესარიონ გუგუშვილთან და დაცვის ორ წევრთან, ბაჩუკი გვანცელაძესთან და რობიზონ მარგველანთან ერთად ამ სახლში დაჰყო. დათრგუნული, მოტეხილი, წელში მოხრილი - ასეთი დაამახსოვრდა 78 წლის მოხუცს პრეზიდენტი, რომელიც პირველად და უკანასკნელადაც ცოცხალი მხოლოდ მაშინ, მისალმებისას ნახა. ამბობს, რომ ზვიადი ოთახიდან არ გამოდიოდა და არც არაფერი უჭამია. ერთადერთი, სიკვდილის ღამეს მოითხოვა ჭიქა ჩაი. კომუნიკაციაც მასთან ოჯახის დიასახლისს ჰქონდა, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის.

„მიშველეთ, კარლო ბიძია, ამოდითო. მივედი და სასწაული ვნახე. ერთი ამოისუნთქა და გათავდა კაცი. იმის შემდეგ მეც გავთავდი. აყვავებული იქნებოდა ეს ქვეყანა, ზვიადი რომ ყოფილიყო. მაგრამ გამოედევნენ, დააქციეს კაცი. ღელე-ღელე დადიოდა. საჭმელი არ ჰქონდა და სასმელი. ასე რომ არ მომხდარიყო, დღემდე შევინახავდი სახლში. მზად ვიყავი მისთვის სიცოცხლეც დამეთმო“, - უთხრა „ლაივპრესს“კარლო ღურწკაიამ და დაკოჟრილი მუშტით ცრემლები შეიმშრალა.

პირველ პრეზიდენტზე უემოციოდ საუბარს ვერც 25 წლის შემდეგ ახერხებს. ამბობს, რომ იმ ღამით არც მას და არც შვილს არაფერი გაუგიათ. ერთადერთი, ცოლს მოესმა რაღაც „დავარდნის“ ხმა.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჯერ არ დაუკითხავთ. დაკითხეს წინა ხელისუფლების პირობებში. დღეს ბევრ დეტალს ვერ იხსენებს, თუმცა რაც ახსოვს, მასზე საუბარსაც ერიდება. 31 დეკემბერს გარდაცვლილი პრეზიდენტი ერთი დღით სახლში ესვენა, პირველ იანვარს, შუაღამით კი უახლოეს სოფელ ჯიხაშკარში გადაასვენეს, სადაც ჩუმად დაკრძალეს. ზვიადი ცოლ-ქმარმა მალულადვე გამოიტირა.

სიფრთხილემ გაჭრა და მეზობლებმაც გარდაცვალებიდან მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ შეიტყვეს მომხდარი. მაშინ, როცა შვილი, გიორგი გამსახურდია სოფელში ჩამოვიდა და მამის სახელზე ხარი დაკლა. სუფრაზე ას კაცამდე შეიკრიბა.

„მაშინ გავიგეთ, რომ ზვიადი აქ იყო მკვდარი. თავი მოიკლაო და არ ვიცი, რა მოხდა, რა არა. სტუმრად პარლამენტარები მყავს და არ შემოხვიდეთო, უთქვამს კარლოს. ვიცით, რომ მორწმუნე კაცი იყო. თავს როგორ მოიკლავდა, მეორე ღმერთი იყო, რომელიც საქართველოს მოევლინა“, - გვითხრა დაზმირ ქადარიამ, რომელიც ღურწკაიების სახლის გვერდით ცხოვრობს.

ამბობს, რომ სტუმრების მოსვლა თავის დროზე არავის დაუნახავს და ყველაფერი უჩუმრად მოხდა.

კიდევ ერთი მეზობლის თალიკო კვირაიას თქმით, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ადგილის და გარემოებების შესახებ მხოლოდ წლების შემდეგ, გაზეთიდან შეიტყო, რაც სოფლის ყველა მცხოვრებისთვის თანაბრად მოულოდნელი აღმოჩნდა. ორივე ოჯახი პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერი იყო, რომელიც ჰუმანურობის და სიკეთისთვის უყვარდათ, პატივს სცემდნენ.

„კიდევ არ გვჯეროდა. ყველა ლაპარაკობდა, თავი მოიკლაო. ეკლესიური იყო, თავს არ მოიკლავდაო. მაგრამ, რაც არ გინახავს.. ისეთი ადამიანი იყო, იმისთანა არ ვიცი, კიდევ მოიძებნება თუ არა“, - ამბობს თალიკო კვირაია.

მეზობლები 90-იან წლებში განვითარებულ მოვლენებს მძიმედ იხსენებენ და ეიმედებათ, რომ რომელიმე ხელისუფლების პირობებში ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა მოხერხდება.

იგივე სურვილი აქვს კარლო ღურწკაიასაც. მისი თქმით დილემას - მოკლეს თუ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მხოლოდ ერთი პასუხი აქვს - ზვიადი მაშინდელ პოლიტიკურ ვითარებას შეეწირა.

მშობლიური კერა ბოლოს სამი წლის წინ მოინახულა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უკან მიბრუნების სურვილი არ აქვს, ცხოვრების მთავარ ტვირთად ქცეული ტრაგედიაა. შემოუღობავი ეზოც გზაარეული შინაური ცხოველებისთვის საბალახო ტერიტორიად ქცეულა.

ერთადერთი, ვინც ნასახლარს არ ტოვებს და ყოველწლიურად, გაზაფხულობით აკითხავს, მერცხალია. მისი ბუდე აივანზე ჯერაც ხელუხლებლად ჰკიდია.

გარდაცვალების საქმეზე ხანდაზმულობის ვადა დღეს იწურება. ამ ვადის ხუთი წლით გახანგრძლივების საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. გადაწყვეტილებას ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების შიმშილობის აქცია უძღოდა წინ.

რამდენიმე თვის წინ სახლს, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მეზობლების ინფორმაციით, შენობისთვის პირვანდელი სახის აღდგენაც იგეგმება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.