სამედიცინო ცნობის მისაღებად გალში მრავალრიცხოვანი რიგია [ფოტო/ვიდეო]
4 დღიანი ლოდინის შემდეგ გალელმა ივეტა ბასარიამ 80 წლის დედა დღეს გადმოიყვანა ზუგდიდში.

„განგრენა აქვს ფეხზე და 3-4 დღეა ვერ გადმოვიყვანე. ცნობას ველოდებოდი. ცნობას ექიმი კი იძლევა, მაგრამ ესგებე (ე.წ. უსაფრთხოების სამსახური) არ გაძლევს. რიგია, ბევრი ავადმყოფია - 1000-1500 კაცი დგას. ცნობას თანხა არ სჭირდება, მაგრამ დრო უნდა“, - ამბობს ივეტა ბასარია.
ასევე სამედიცინო ცნობის დახმარებით შეძლეს საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთა „ლაივპრესის“ მიერ ენგურის ხიდზე გამოკითხულმა სხვა მგზავრებმაც. ზუგდიდში გადმოსულებს შორის იყვნენ ენგურჰესის თანამშრომლებიც რადგან დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, მათთვის გამონაკლისია დაშვებული.

უკვე 20 დღე გავიდა რაც ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ენგურის ხიდზე კარანტინია გამოცხადებული. მოქალაქეების საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად დე ფაქტო მთავრობა არ წავიდა დათმობაზე და გადაადგილება კვლავ შეზღუდულია.
მიუხედავად აკრძალვისა არიან მოქალაქეები, რომლებიც ე.წ. საზღვარს თანხის სანაცვლოდ კვეთენ. მგზავრები, რომლებსაც გადაუდებელი საქმისთვის უწევთ აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში გადმოსვლა, ამ საკითხზე ღიად საუბარს ერიდებიან, თუმცა „ლაივპრესთან“ პირად საუბარში ინფორმაციას ადასტურებენ. ერთ-ერთი რესპონდენტის განცხადებით, ე.წ. მესაზღვრეს 200 ლარი გადაუხადა, რათა ზუგდიდში გამოეშვათ. მისი სიტყვებით, ეს საკმაოდ დიდი თანხაა მისთვის, თუმცა იძულებული იყო გაეღო რადგან ზუგდიდშია დასაქმებული და სამსახურში სადაც უკვე 20 დღეა არ გამოცხადებულა, პრობლემები შეექმნებოდა.

გალელების პარალელურად კარანტინმა პრობლემები შეუქმნა კერძო ტაქსისა და მიკროავტობუსების მფლობელებსაც. ისინი ენგურის ხიდზე სამუშაოდ ჩვეულებრივ, ყოველდღიურ რეჟიმში მიდიან, თუმცა მგზავრები თითქმის არ ჰყავთ.
ერთ-ერთი კერძო ტაქსის მძღოლის თქმით, თუკი ადრე ენგურის ხიდს ასობით მგზავრი კვეთდა ახლა ეს ციფრი დღეში მაქსიმუმ 50-მდე შემცირდა, რაც მათ შემოსავალზე უარყოფითად აისახა.
გალელებისთვის უცნობია ზუსტი თარიღი, როდის გაუქმდება კარანტინი. ნაწილი ამბობს, რომ ეს შესაძლოა 1 თებერვალს მოხდეს, ნაწილი კი თვლის, რომ 10 მარტამდე გაგრძელდება.

ამის შესახებ დაზუსტებული ცნობა არ აქვთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაშიც. სამეგრელო-ზემო სვანეთში მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომელ მედეა აბლოთიას განცხადებით, მათაც იგივე ცნობები აქვთ რაც გალიდან გადმოსულ მგზავრებს:
„10 მარტამდეო ამბობდნენ, მაგრამ დაზუსტებით არაფერი ვიცით“, - განაცხადა მედეა აბლოთიამ.
მისი ცნობით, ზუგდიდიან გალის მიმართულოებით გადაადგილებას ახერხებენ მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ე.წ. აფხაზური პასპორტები.
თუმცა პრობლემა ამ შემთხვევაშიც აქვთ მოქალაქეებს. დე ფაქტო რესპუბლიკის 2005 წელს გამოცემულ პასპორტებს ვადა მიმდინარე თვეს ეწურება. ის გახანგრძლივდა მხოლოდ პენსიონრებისთვის. დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს იმიტომ, რომ არ შეფერხდეს პენსიების გაცემის პროცესი.

23 იანვარს გალში გამართულ აქციაზე გალელებზე კარანტინის მოხსნის პარალელურად მათთვის ე.წ. ახალი პასპორტების გაცემის საკითხიც დააყენეს, თუმცა გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსმა თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ მოქალაქეების მოთხოვნა ეწინააღმდეგება დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციას. კერძოდ მისი სიტყვებით, „საქართველოსთან აფხაზეთს ორმაგი მოქალაქეობა არ აქვს დაშვებული და არც გეგმავს“. დე ფაქტო რესპუბლიკა გალელებს მხოლოდ ბინადრობის დროებით მოწმობას სთავაზობს.