საზოგადოება
ზუგდიდის საკრებულოს მოქალაქეთა ჩართულობისთვის საზოგადოებრივი დარბაზი ექნება [ვიდეო]
საკრებულოსთან საზოგადოებრივი დარბაზი ჩამოყალიბდება, რომლის მიზანიც მოქალაქეთა მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. დადგენილების პროექტი შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტში განიხილეს. შეხვედრის ორგანიზატორთა განმარტებით, დღეისთვის თანამონაწილეობის მაჩვენებელი დაბალია, რასაც კვლევებიც მოწმობს, ამიტომ ფიქრობენ, რომ აუცილებელია ამ კომპონენტის გაძლიერება. ოპოზიცია სიახლეს მიესალმება, თუმცა ფიქრობს, რომ მას შესაძლოა მხოლოდ ფორმალური სახე ჰქონდეს.

დარბაზში გაწევრიანება და სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ყველა სრულწლოვან მოქალაქეს შეეძლება. ასევე იურიდიულ პირებს. მათი რაოდენობა დებულებით შეზღუდული არ არის. საზოგადოებრივ დარბაზს ექნება უფლება, წინასწარ განიხილოს წარმომადგენლობითი ორგანოს, ან ბიუროს დღის წესრიგით გათვალისწინებული პროექტები, გამოთქვას მოსაზრებები და მოამზადოს რეკომენდაციები, პრობლემის გადაწყვეტის ხედვა, რომელთაც სავალდებულო ხასიათი არ ექნება. დარბაზს ასევე შეეძლება შესთავაზოს მათ დღის წესრიგში ცალკეული საკითხების შეტანა. სათათბირო ორგანო უფლებამოსილი იქნება, მოისმინოს თანამდებობის პირთა და დეპუტატთა ანგარიშები, საჭიროების შემთხვევაში კი შესაბამისი პასუხისმგებელი ადამიანები მოიწვიოს.

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ბათლომე შელიას თქმით, მისასალმებელია არასამთავრობოების მეტი ჩართულობის სურვილი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თუმცა ხელისუფლებას ნაკლებად ენდობა და ფიქრობს, მათ ხელში ეს ინიციატივაც მხოლოდ უბრალო ფორმალობად იქცევა.

"ეს არის ხელისუფლება, რომელმაც წინა მოწვევის საკრებულოს მერის პირობებში, მერიის მრჩეველთა საბჭოს უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას იგნორირება გაუწია და პრაქტიკულად ფორმალურ ფორმატში არსებობდა. სამწუხაროდ, ასეთი ხელისუფლების პირობებში ამ ტიპის დარბაზები მხოლოდ ფორმალურ სახეს მიიღებს", - განმარტა მან.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, დღეს დეფიციტია უნივერსიტეტთან, სტუდენტებთან კომუნიკაცია, თანამშრომლობა, ახალგაზრდები თითქმის არ მონაწილეობენ მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში. სწორედ ამიტომ ფიქრობს, რომ მოცემული მიმართულებით სამუშაოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბათლომე შელიას განცხადებით, ვერანაირი დარბაზი ვერ გაამართლებს დანიშნულებას.

საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელ ჯემალ ჭკადუას თქმით, საკრებულომაც უნდა შეუწყოს დარბაზს ხელი, ის არ იქცეს ფორმალურ დანამატად და პირიქით, იყოს ქმედითი.

"ჩვენი შენიშვნა იყო ის, რომ გარდა იურიდიული პირებისა, დარბაზის საქმიანობაში ხმის უფლებით უნდა სარგებლობდნენ ფიზიკური პირებიც, რაც გვითხრეს, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო. რადგან დებულებაში წერია, რომ მხოლოდ იურიდიული პირები ისარგებლებენ. საკრებულომაც ხელი უნდა შეუწყოს რომ, საზოგადოებამ დაინახოს - მისი ჩართულობა მნიშვნელოვანია ამ პროცესებში", - აღნიშნა მან.

შეხვედრის მონაწილე მერაბ დანელიას აზრით, ისედაც საზოგადოებრივი დარბაზის რეკომენდაციები აღსასრულებლად სავალდებულო არ იქნება, ამიტომაც, უმჯობესი იქნება, თუ ამ სათათბირო ორგანოს სამოქალაქო პირი უხელმძღვანელებს და არა საჯარო მოხელე:

"ზოგადად, მგონია, რომ თუ თვითმმართველობა უფრო ძლიერი გვინდა, მეტი დეცენტრალიზაცია უნდა იყოს, მეტი ფუნქციებით აღჭურვილი ადგილობრივი ხელისუფლება".

საკრებულოს აპარატის უფროსმა ნატა პაპასკირმა აღნიშნა, რომ უკეთესია საკრებულოს თავმჯდომარემ უხელმძღვანელოს დარბაზს, რადგან ის ბევრად სიღრმისეულადაა ინფორმირებული მიმდინარე პროცესების შესახებ.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე თამუნა ჯიქია არ იზიარებს ოპოზიციის განწყობას, დარბაზის ქმედითობასთან დაკავშირებით. მისი მტკიცებით, საკრებულოს აქვს მზაობა, ეს სიახლე არ იყოს ფორმალური.

"არასამთავრობო სექტორი ზუგდიდში იმდენად აქტიურია, რომ არ მოგვცემენ საშუალებას, მარტო ქაღალდზე დაწერილი წინადადებებით შემოიფარგლონ", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ იმუშავებენ, რათა წინადადებების დიდი ნაწილი გაითვალისწინონ და ამ კუთხით თანამშრომლობის პრობლემა არ იქნება.

დებულების მიხედვით, დარბაზის სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე თვეში მინიმუმ ერთხელ მოიწვევს ბიუროს სხდომამდე ორი დღით ადრე და თავად უხელმძღვანელებს. დარბაზის რიგგარეშე სხდომის მოწვევა წევრად რეგისტრირებული არანაკლებ სამი პირის ინიციატივით იქნება შესაძლებელი. გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღება, ღია ღია კენჭისყრის პრინციპით.

საზოგადოებრივი დარბაზის სხდომები საჯარო იქნება. წინადადებების შემოტანის უფლება ექნება როგორც დარბაზის წევრს, ის ამ სხდომაზე მოწვეულ და დამსწრე პირს.

დარბაზის წევრს, რომელიც არ დაეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას, უფლება აქვს მოსაზრება სხდომის ოქმში დააფიქსიროს და ბიუროს, ან საკრებულოს სხდომაზე მოითხოვოს მისი გაცნობა.

საბჭო გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს საჯაროდ წარუდგენს საკრებულოს ყოველი წლის ივნისსა და დეკემბრის თვეში.

თამუნა ჯიქიას თქმით, მაისში, საკრებულოს მორიგ სხდომაზე კენჭს საზოგადოებრივი დარბაზის შექმნას უყრიან. ამის შემდეგ მსურველებს მასში გაწევრიანება შეეძლებათ.

შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით გაიმართა.