საზოგადოება
მოსწავლეებმა იდეები მიაწოდეს სახელმწიფო რწმუნებულს გარემოს უკეთ დასაცავად [ვიდეო]
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებმა სახელმწიფო რწმუნებულს საკუთარი ინიციატივები გააცნეს გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. მოზარდების ალექსანდრე მოწერელიასთან შეხვედრა დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითმა ეკოლოგიურმა ასოციაცია „დეა-მ“ უზრუნველყო და საუბრის თემა იყო „მწვანე ეკონომიკა“.

ახალგაზრდების განცხადებით, აუცილებელია გარემოზე ზრუნვის მიზნით, მუნიციპალიტეტებში ეკოკლუბები შეიქმნას. მოზარდების თქმით, უნდა გამკაცრდეს კონტროლი და რეგულაციები საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაყრაზე, რადგან მათ მიერ არაერთხელ დასუფთავებული უბნები, საზოგადოების მხრიდან გულგრილობის გამო სწრაფად ისევ ბინძურდება.

ისაუბრეს, რომ რეგიონში არ არსებობს მაკულატურის მიმღები პუნქტები და მოსახლეობას ნარჩენებთან ერთად უწევს მათი გადაყრა. სკოლის მოსწავლეების თქმით, არ ექცევა სათანადო ყურადღება ქალაქებისა თუ სოფლების გამწვანებას და არ კონტროლდება სათანადოდ ხე-მცენარეების ჭრა, რაც თავის მხრივ გარემოს დიდ ზიანს აყენებს.

ეკოლოგიური პრობლემების კონტექსტში მესტიის სკოლის მოსწავლემ ჰესების მშენებლობის საფრთხეზეც ჰკითხა აზრი ალექსანდრე მოწერელიას. სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, აუცილებელია ჰესების მშენებლობისას ყველა კომპეტენტური მხარე იყოს ჩართული და დეტალურად შეისწავლონ მოსალოდნელი საფრთხეები. ამის პარალელურად, ხაზი გაუსვა ჰესების აუცილებლობასაც, როგორც ელექტროენერგიის უწყვეტობის წყაროს.

მან ახალგაზრდებს მოუწოდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოზარდებმა ერთად, დღეს წარმოდგენილი ინიციტივები გაწერონ, რათა შემდგომში ერთობლივად დაიწყონ ზრუნვა მათ მოგვარებაზე.

რეგიონის მოსწავლეებს შორის იყვნენ ახალგაზრდები ოკუპირებული გალის რაიონის სკოლებიდან. გარემოსდაცვითი საკითხების პარალელურად, მათ ყურადღება გაამახვილეს იმ სირთულეებზე, რაც სხვა ყოფით პრობლემებთან ერთად დამატებით აწუხებთ. თქვეს, რომ მოზარდებს, რომლებიც აფხაზეთში სწვლობენ, საქართველოს მთავრობის მხრიდან განსაკუთრებული ხელშეწყობა სჭირდებათ. გალელი მოსწავლეების საუბრის დეტალებს მათივე თხოვნით, უსაფრთოების დაცვის მიზნით არ ვასახელებთ. ამავე მიზეზით, მათ უარი თქვეს ვიდეო-ფოტო გადაღებაზე.

ოკუპირებული რეგიონიდან მოსულ მოსწავლეებს ალექსანდრე მოწერელიამ პირისპირ საუბარი შესთავაზა, რათა ერთად დაგეგმონ და განიხილონ, თუ რა სახის სამუშაოების ჩატარება შეიძლება გარემოს დაცვის კუთხით აფხაზეთში, დე ფაქტო ხელისუფლების პირობებში ისე, რომ მათი უსაფრთხოება იყოს დაცული.

როგორც გარემოსდაცვით ეკოლოგიურ ასოციაცია „დეაში“ აცხადებენ, შეხვედრის მიზანია ახალგაზრდებმა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან გააჟღერონ თავიანთი იდეები. ორგანიზაციის თავმჯდომარის, თამარ მალანიას განცხადებით, ისინი მოზარდებს დაეხმარებიან იდეების პროექტის სახით გაწერაში, რათა გუბერნატორს წარუდგინონ.