საზოგადოება
წალენჯიხელი მასწავლებლის ზღაპარი ხუთი ხმოვნის თავგადასავალზე [ვიდეო]
არავინ იცის როდის და სად, ცხოვრობდა ხუთი და-ძმა. მათ ხმოვნები ერქვათ - ა,ე,ი,ო,უ, - ასე იწყება ზღაპარი ქართულ ანბანზე, რომელიც წალენჯიხაში, ნაკიფუს თემის ულურიის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელმა შექმნა. ნანი კვარაცხელიამ ჯერ იდეა მოიფიქრა, მერე ზღაპრის ვიდეოვერსიისთვის ნახატებზე იმუშავა და საკუთარი პერსონაჟები თავადვე გაახმოვანა. მონტაჟზე კომპიუტერის პედაგოგმა იზრუნა. სწორედ მისი სურვილი და თხოვნა იყო, დედაენის დღესთან დაკავშირებით, რამე საინტერესო მოეფიქრებინათ, სკოლის ფეისბუკ გვერდზე გასავრცელებლად.

ხელოვნების მასწავლებელმაც გადაწყვიტა, განსხვავებული ფორმა შეერჩია სათქმელის გამოსახატად. ასე დაიბადა იდეა ხუთი ხმოვნის თავგადასავალზე, რომლებიც ერთად ჰარმონიულად ცხოვრობენ. ა და ე-მ კარგი მოძახილი იცოდა თურმე, ი და უ-ს კრიმანჭული ემარჯვებოდა, ო კი მათ ბანს აძლევდაო, - გვიყვება მთხრობელი. მათგან მოშორებით თანხმოვნები იყვნენ დაბინავებულები, თუმცა ერთმანეთში თანხმობა არ ჰქონდათ და დამოუკიდებლად თანაარსებობდნენ.

საბოლოოდ ვიდეოზღაპარი ერთი კვირის თავზე შეიქმნა. რამდენიმე დღეში დაიწერა ტექსტი, მერე პერსონაჟები ნახატებით გაცოცხლდა. ერთ დღეში კი ელექტრონული ვერსია უკვე მზად იყო.

"გახმოვანება სწრაფად მოხდა. ვცადეთ ბევრი ხმა. პატარა ბავშვებს რომ ეს ტექსტი შეესწავლათ, იმის დრო არ იყო. მე გავახმოვანე. მერე შეცვალეს ხმები. ვაპირებთ დავხვეწოთ და მოსწავლეებს გავახმოვანებინოთ", - უთხრა "ლაივპრესს" ნანი კვარაცხელიამ.

ხელოვნების პედაგოგის თქმით, ბავშვები ნახატების გაფერადებაში დაიხმარია. მათგან წამოსული ემოცია სამუშაო პროცესში მისთვის ბევრი ეპიზოდის ინსპირაციაც გახდა. რადგან პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებს ასწავლის ძირითადად, პატარების ჩართულობა ზღაპრის შექმნის პროცესში მხოლოდ ამით შემოიფარგლა.

სიუჟეტი ჩანაფიქრისთვის თანდათან შეიკრა. უნდოდა განსხვავებული პროდუქტი გამოსულიყო, რადგან ამ თემაზე უკვე მრავალი თვალსაჩინოება არსებობს.

"როგორც მომდიოდა თავში, ისე მივყვებოდი. ვითვლიდი ასოებს, აბა რომელი გამომრჩა. ასე ჩავსვით ყველა და შეიკრა ზღაპარიც", - იხსენებს ნანი კვარაცხელია, ვისთვისაც ეს პირველი ვიდეოვერსიაა ჩანაფიქრის.

თუმცა პედაგოგი სხვა ზღაპრების და მოთხრობების ავტორიცაა, რომლებსაც პრიოდულად წერს. რადგან მათი სკოლისთვის ნოვაციას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, შესაძლოა ამ კუთხით მუშაობაც განაგრძოს.

ამბობს, რომ პრაქტიკოსი მასწავლებელია და გაკვეთილის პროცესიც თამაშით და პრაქტიკული სავარჯიშოებით არის დატვირთული. თუმცა, სკოლა მცირეკონტიგენტიანია. აქ სულ ცხრა ბავშვი სწავლობს. მათგან თითო-თითო მესამე, მეოთხე, მეექვსე და მცხრე კლასებში. მეორე კლაში სამი ბავშვია, ამიტომაც ის მრავალრიცხოვნად ითვლება. სკოლა საბაზისოა, სადაც ცხრა კლასი ფუნქციონირებს.

აქ თოჯინების თეატრიც მოქმედებს, რომელიც სხვადასხვა თემაზე წარმოდგენას დროდადრო მართავს.

ხელოვნების პედაგოგი ამბობს, რომ პირველი ივნისისთვის, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სურთ ახალი სანახაობით შეხვდნენ.

ფერადი ნახატებით აკინძული ზღაპარი ქართული ანბანის 33 ასოს თავგადასავალზე, თანხმობით სრულდება. მათ ისწავლეს, რომ ურთიერთდახმარება საჭიროა, და რომ ცალცალკე ვერაფერს გახდებიან, მხოლოდ ერთობა აქცევთ ძლიერებად. მიხვდნენ იმასაც - დაგროვილი გამოცდილების ვიღაცამდე მიტანაა საჭირო. იფიქრეს, იფიქრეს და "დედაენაში" დაბინავდნენ:

"არსებობს წიგნი, რომელსაც დედაენა ჰქვია, და არსებობს სკოლა, სადაც ბავშვებს ცოდნას აძლევენ. ჩვენ ყველანი იქ უნდა წავიდეთ. აბა ჰე - ანიდან ჰოემდე".