საზოგადოება
რატომ ტარდება ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდი მერის არჩევნებისთვის ემზადება. თავდაპირველად დარეგისტრირებული თექვსმეტი კანდიდატიდან, ბრძოლას გამარჯვებისთვის 13 განაგრძობს. სამმა კანდიდატურა კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე მოხსნა.

ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია შარშან, პირველ ნოემბერს დააკავეს, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით. იგივე დღეს დააკავეს ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავაც. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო რიგგარეშე არჩევნების დანიშნვა.

რა უძღოდა წინ ზუგდიდის ყოფილი მერის დაკავებას

სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შარშან, 16 აგვისტოს დაიწყო გამოძიება "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმიანობის შესასწავლად, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით. "ლაივპრესისთვის" 11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ამ საქმეზე ყოფილი მერიც გამოკითხეს. მასთან დაკავშირება მაშინ ვერ შევძელით, რადგან ლაშა გოგია სამსახურებრივი მივლინებით პრაღაში იმყოფებოდა.

12 სექტემბერს, გვიან ღამით მერმა გადადგომის შესახებ განცხადება, "ფეისბუკის" გვერდზე დაწერა. მან ამომრჩევლებს და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხდა, თუმცა თანამდებობიდან წასვლის მიზეზები არ განუმარტავს. ლაშა გოგიამ მერის პოზიციაზე ერთ წელზე ნაკლები დაჰყო. ამავე დღეს გადადგა ვიცე მერი გია გულორდავაც.

ჩანაწერი, რომელიც ზუგდიდის მერის დაკავების საფუძველი გახდა

გადადგომიდან მეორე დღეს, ტელეკომპანია "რუსთავი 2-მა" გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, სადაც ლაშა გოგია რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიასთან, მათი მტკიცებით კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. მედიასაშუალების თქმით, ბიზნესმენმა ზუგდიდის მერს და ვიცე-მერს ქრთამად 10 ათასი აშშ დოლარი გადაურიცხა კონკრეტული ობიექტების - ავტოსადგურის, გულუას პარკის და რკინიგზის სადგურის ხელში ჩაგდების მიზნით, თუმცა იმის გამო, რომ მისი პირობები არ დააკმაყოფილეს, ამ თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა.

საუბარი, როგორც ტელეკომპანია ირწმუნებოდა, ყოფილი მერის კაბინეტშია ჩაწერილი. ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურდა, თუმცა მისი ნამდვილობა არც დაცვის მხარეს დაუყენებია ეჭვქვეშ. თქვეს, რომ აქ ისეთი არაფერი ისმის, რაც ყოფილი მერის ბრალეულობას ამტკიცებს. 

რა თქვა სამსახურებრივი მივლინებიდან დაბრუნებულმა ყოფილმა მერმა

ზუგდიდის მერმა გადადგომის მიზეზები განცხადებიდან მეექვსე დღეს, პრაღიდან დაბრუნებულმა განმარტა. თქვა, რომ უდანაშაულოა და მიზანმიმართული "პროვოკაციის მსხვერპლი", რასაც დაამტკიცებს, და რომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, გამოძიებასთან ითანამშრომლებს. ლაშა გოგიას განმარტებით, თანამდებობა დატოვა, რათა არავის ჰქონოდა განცდა, მერად დარჩენით გამოძიებაზე რაიმე სახის ზეგავლენას მოახდენდა. დამატებით მას ჟურნალისტების კითხვებისთვის არ უპასუხია. გოგია გადადგა, თუმცა "ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარედ დარჩა და პრეზიდენტის არჩევნებზე შტაბის საქმიანობაშიც აქტიურად იყო ჩართული.

მერის და ვიცე მერის დაკავება

ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე მერი 1 ნოემბერს დააკავეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით. ეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის არჩევნები დასრულდა, ფარული ჩანაწერის გავრცელებიდან თითქმის ორ თვეში. სუს-ის ინფორმაციით, გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 21 500 აშშ დოლარი.

კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პირმა 10 000 აშშ დოლარი პირადად გადასცა გია გულორდავას, ხოლო 11 500 აშშ დოლარი მათთვის გადასაცემად 2018 წლის 7 ივნისს ჩარიცხა გია გულორდავას მიერ მითითებული პიროვნების ხუტა ბაღათურიას სახელზე, საბანკო გზავნილის სახით. დაკავებული იყო ბაღათურიაც, რომელიც ამავე საქმეში ბრალდებულ, მერის მაღალჩინოსან თენგიზ ქობალიასთან ერთად, გირაოს სანაცვლოდ პირველ აპრილს გაათავისუფლეს. თენგიზ ქობალიას დანაშაულის შეუტყობინებლობა, მოქალაქე ხუტა ბაღათურიას კი ცრუ ჩვენების მიცემა ედებათ ბრალად.

რას ამბობს დაცვის მხარე

დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესები გრძელდება. წარდგენილ ბრალს არცერთი მათგანი არ აღიარებს. მეტიც, ლაშა გოგიას ადვოკატის მტკიცებით, ერთ-ერთი მთავარი ფიგუარანტი ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაიაა, რომლის ინტერესიც იკვეთება დაკავების საქმეში. ნიკოლოზ მჟავანაძე ირწმუნება, რომ სწორედ მას მისცა თავდაპირველად ბიზნესმენმა ჩანაწერი, რომელიც შემდეგ ტელევიზიით გავრცელდა. უფლებადამცველის თქმით, პარლამენტარს სამართალდამცველი ორგანოებისთვის არ მიუმართავს, ამიტომ პასუხისმგებლობა მასაც უნდა დაეკისროს.

ედიშერ თოლორაიასთან დაკავშირებას "ლაივპრესი" დიდი ხანია ვერ ახერხებს. ის სატელეფონო ზარებთან ერთად, არც ფეისბუკ შეტყობინებებს პასუხობს.

ყოფილი მერის ოჯახის განცხადება

დაკავებული მერის ცოლის თქმით, მათი ოჯახი საფრთხეშია, ისევე როგორც თავად ლაშა გოგიას სიცოცხლე. ნანა თოდუა ამბობს, რომ ქმრისგან ციხიდან წერილიც მიიღო, სადაც ნათქვამია - "მას შეიძლება რამე მოუვიდეს". ირწმუნება, რომ ლაშა გოგია მაჟორიტარი დეპუტატის პირადი პატიმარია, რადგან სწორედ პარლამენტარის ბიზნესინტერესებს და "შავბნელ" საქმეებს შეეწინააღმდეგა ყოფილი მერი.

კიდევ ვინ ფიგურირებს გავრცელებულ ჩანაწერში

ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია გავრცელებულ ჩანაწერში ახსენებს ვიცე მერ გია გულორდავას და ყოფილ სახელმწიფო რწუნებულ ლევა შონიას, რომლის მისამართითაც ამბობს, რომ მასაც იგივე რაოდენობის თანხა გადაურიცხა. შონიამ არ უარყო ბიზნესმენისგან თანხის აღება. აღნიშნა, რომ ფული უკანონო საჩუქრის სახით არ აუღია, არამედ ქველმოქმედებისთვის მიიღო, ონკოლოგიურად დაავადებული ადამიანის დასახმარებლად. ყოფილ სახელმწიფო რწმუნებულს სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიების სახით 5 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

ლაშა გოგია ქალაქის და თემის გაერთიანების შემდეგ პირველი, პიდაპირი წესით არჩეული მერი იყო, რომელმაც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა.

ახალ მერს ზუგდიდელები ხვალ, 19 მაისს აირჩევენ.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ეერთი, ოორი, საამი, - 3 წლის ილია კმაყოფილი და გახარებული ითვლის
ქაღალდზე მის მიერ დახატულ ჩიტებს.
18:23 / 08.11.2019
ეერთი, ოორი, საამი, - 3 წლის ილია კმაყოფილი და გახარებული ითვლის ქაღალდზე მის მიერ დახატულ ჩიტებს.
შემოდგომაზე მარტვილის სოფლებში ულამაზესი სანახაობა იშლება
16:21 / 05.11.2019
შემოდგომაზე მარტვილის სოფლებში ულამაზესი სანახაობა იშლება
ხანდაზმულთა კლუბი 2018 წელს ზუგდიდში გაეროს განვითარების ფონდის
მხარდაჭერით გაიხსნა.
13:07 / 19.10.2019
ხანდაზმულთა კლუბი 2018 წელს ზუგდიდში გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით გაიხსნა.
ვიდეო
პოლიეთილენის საფრთხე [ვიდეო]
სამწუხაროდ, საქართველოში პოლიეთილენის გამოყენება კვლავ დიდი დოზით ხდება. ამის მიზეზი
ბოტანიკური ბაღი გახსნამდე ერთი თვით ადრე [ვიდეო]
ზუგდიდის განახლებული ბოტანიკური ბაღი,
ბაღის იატაკი - საძინებელი თუ „მოსვენების კუთხე“?
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საბავშვო ბაღში
თხილი ხარისხით ფასდება [ვიდეო]
სამეგრელოში თხილის მოსავლის აღება აქტიურად მიმდინარეობს.
ფოტო
ჩირის ფარდები მარტვილის სოფლებში [ფოტო]
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხურმა მნიშვნელოვანი სამეურნეო კულტურაა.
გაფერადებული სვანეთი
სვანეთი წელიწადის ყველა დროს ლამაზია.
სპორტული მოედნები ზუგდიდში [ფოტო]
ზუგდიდის ცენტრალურ უბნებში სპორტული მოედნების ნაწილი
ფოტოამბავი ოკუპირებული გალიდან
როგორ გამოიყურება ოკუპირებული ქალაქ გალის ცენტრი დღეს,
სახიფათო ორმოები საჯიჯაო-ნარაზენის გზაზე [ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ნარაზენის და ხობის მუნიციპალიტეტის
მზარეულის მაგიდა
მარტივად და სწრაფად მოსამზადებელი ჭვიშტარი [ვიდეო]
ჭვიშტარს მეგრულ სამზარეულოში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
პასკები იასამნებით მხატვრისგან [ვიდეო]
მაგიდაზე ფუნჯებით სავსე ქილა დგას. მხატვარი მარიკა კორკელია
ფუჩხოლია [ვიდეო]
ფუჩხოლია მეგრული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს - დაფშვნილს,
როგორ მოვამზადოთ წელვადი ელარჯი [ვიდეო]
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეგრული კერძის მოსამზადებლად
გებჟალია ნადუღით [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის სოფელ ახალსოფელში მცხოვრები ბელა კვარაცხელიას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.