საზოგადოება
ანაკლიის ორი სიცოცხლე - სანამ პორტი აშენდება [ვიდეო]
პორტის და ტურისტის მოლოდინში

53 წლის მაია მიგინეიშვილი სახლის აივანს ყვავილებით ალამაზებს. საგულდაგულოდ უვლის ეზოში დარგულ მცენარეებსაც. მაია ტურისტული სეზონისთვის ემზადება. უკვე იცის, რომ ბევრი დამსვენებელი ეყოლება. ყვავილებით გაფერადებული ორსართულიანი სახლი სანაპიროსთან ძალიან ახლოს დგას.

სხვა თანასოფლელების მსგავსად, მაიაც ყოველწლიურად ცდილობს გააუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები, უკვე ნაცნობ, თუ ახალ სტუმრებს სიახლეებით რომ დახვდეს.

მაიას ძირითადი შემოსავლის წყარო თბილისში გაქირავებული ბინის საფასური და ტურისტული ბიზნესია. უფრო ადრე, ვიდრე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას დაიწყებდნენ და საყანე მიწებს გაყიდნენ, მეცხოველეობასაც მისდევდნენ. თუმცა, ახლა ამ საქმით თითქმის არავინ ხეირობს. ისევე როგორც მაია, თანასოფლელებიც პორტის შენების გაგრძელების მოლოდინში, ტურისტის დასახვედრად ემზადებიან.

"მუშაობის ბუმი იყო. გემი როცა მოადგა და სახლის მეორე სართულიდან ვაკვირდებოდით, ყველანაირი იმედი იყო. გვეგონა, რომ ყველაფერი იქნებოდა და ასე გაგრძელდებოდა. ჩვენ, ხალხს გვესმის, რომ ამხელა საქმეს უნდა გარანტი... არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ გვესმის ისიც, რომ რუსი პორტს არ გაგვაკეთებინებს. მგონია, რომ არ იქნება ბუმბერაზი პორტი. ვფიქრობ, რომ იქნება ლამაზი საკურორტო ქალაქი", - ამბობს მაიას მეზობელი ქალი ნანა ჩიქობავა.

ის ქმართან ერთად შვიდი წლის წინ დაბრუნდა თბილისიდან მშობლიურ სოფელში. ამბობს, რომ ანაკლიის, როგორც ტურისტული ზონის განვითარების პერსპექტივა დაინახეს, შემდეგ უკვე პორტის მშენებლობის იდეას ახალი იმედებით შეხვდნენ.

"პორტი ახალ შესაძლებლობებს და ეკონომიკურ სიძლიერეს მოუტანს როგორც სოფელს, ისე ქვეყანას. ამიტომაც, წლების წინ დატოვებული წინაპრების სახლს დავუბრუნდით და გადაწყვეტილებას არ ვნანობთ", - გვითხრა ნანა ჩიქობავამ.

თხილის და ციტრუსის იმედად

განსაკუთრებულ იმედს ტურისტზე ვერ ამყარებენ, - სანაპიროსგან მოშორებით ცხოვრობენ. მათ დამსვენებელი მხოლოდ მაშინ ჰყავთ, როცა ცენტრში სასტუმროები შეივსება. ახლა მათი მთავარი საზრუნავი თხილნარების შეწამვლაა, რომელსაც ხშირად დაავადებები, ხანაც მწერი ერჩის.

"შარშან საერთოდ არ აგვიღია მოსავალი. ჰექტარი რომ 7-ჯერ შევწამლო, ათასი ლარი მაინც მინდა, რისი საშუალებაც ჩვენ არ გვაქვს", - ამბობს 45 წლის ქალი, ნენო გაბისონია, რომელიც პორტის მშენებლობას იმედით ხვდება.

პროფესიით მასწავლებელი ლამზირა აფხაზავა გვეუბნება, რომ ტურისტული ბიზნესის იმედი თავად არ აქვს, ამიტომაც, სოფლის მეურნეობას ავითარებს. თხილის და ციტრუსის დანაკარგი შარშან მასაც ჰქონდა, თუმცა წელს გაცილებით ოპოტიმისტურად განეწყო:

რაც უფრო მოშორდებით სოფლის ცენტრს და სანაპიროს, ნახავთ, როგორ მკვეთრად იკლებს სოციალური ზღვარი, - თქვა ლამზირამ და თხილნარიდან ქუჩაში გამოგვაცილა.

"სააკაშვილის სიყვარულში"

ბოლო რამდენიმე არჩევნებმა აჩვენა, რომ ანაკლია "მიშას" მხარდამჭერია. პრეზიდენტი მათ განსაკუთრებით იმ პროექტების გამო უყვართ, რაც სოფელში გააკეთა. წლების წინ სწორედ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დაიწყო და აშენდა საკურორტო ზონა - სასტუმროები და ბულვარი. პრეზიდენტს ჰქონდა სურვილი 2012 წელს ანაკლიაში ახალი ქალაქის - ლაზიკას და პორტის მშენებლობა დაეწყო, თუმცა ეს პროექტი ვერ შედგა. მაშინ არჩევნების გზით ხელისუფლება შეიცვალა.

ანაკლიის პორტის ისტორია

ანაკლიაში პორტის მშენებლობის იდეა მიხეილ სააკაშვილამდეც, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში არსებობდა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, ნავსადგურის მშენებლობის პირველი მცდელობა 1960-იანი წლების ბოლოთი თარიღდება. იდეის განხორციელებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი, სანაპიროზე პირსის აშენება იყო. სამწუხაროდ, იდეა ამ ეტაპს ვერ გასცდა. მოგვიანებით, შემდეგ წლებშიც იყო ნავსადგურისა და პორტის მშენებლობის სურვილი, თუმცა რეალური ნაბიჯები ამ მხრივ 2013 წელს გადაიდგა, როცა მთავრობამ იაპონურ კომპანია "ფადეკოს" ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მიზანშეწონილობის კვლევა დაუკვეთა. კომპანიამ პორტის აშენების საუკეთესო ადგილი გამოავლინა.

კვლევის საფუძველზე, 2014 წელს სახელმწიფომ საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, სადაც გამარჯვებული "ანაკლიის განვითარების კოსორციუმი" გახდა. მან 2016 წელს მთავრობასთან ხელი მოაწერა საინვესტიციო ხელშეკრულებას.

2017 წლის დეკემბერში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო. 2018 წელს აქ საზღვაო სამუშაოები დასრულდა და მას შემდეგ მშენებლობა არ განახლებულა.

29 მაისის საღამოს, კომპანია "ეიპიემ ტერმინალი ფოთმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან მიიღო ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვა. მოგვიანებით განცხადება გამოაქვეყნა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერების საფრთხის წინაშე დადგა.

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უარყო, რომ გაცემული იყო ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა. თურნავას განცხადებით, რეალურად საუბარია მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტზე, რომელიც მთავრობასთან შეუთანხმებლად გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით.