ახალი ამბები
„სირცხვილია“ - პროტესტი ზუგდიდიდან [ვიდეო]
სამოქალაქო აქტივისტების დაანონსებულ საპროტესტო აქციას - „სირცხვილია“, ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები შეუერთდნენ. მოქალაქეები, რომლებმაც რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტი გააპროტესტეს, ბულვარში შეიკრიბნენ. „რუსეთი ოკუპანტია“, „არა რუსეთს“, „სირცხვილია“, „არა მცოცავ ოკუპაციას“, „საქართველოს არ სჭირდება ოკუპანტი ღორები“ - ასეთი შინაარსის პლაკატები ჰქონდათ აქციის მონაწილეებს.

აქციის მონაწილეების თქმით, სირცხვილია როცა ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატები ჩამოდიან და იკავებენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნას მაშინ, როცა ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და აგრძელებს ამ პროცესს.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უნდა გადადგეს და მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღოს მმართველმა გუნდმა.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია იმართებოდა, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილს იკავებდა დღის პირველ ნახევარში. ამ ფაქტს სამოქალაქო აქტივისტების და საპარლამენტო უმცირესობის პროტესტი მოჰყვა. მათ შესვენებისას ტრიბუნა დაიკავეს და რუს დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს. საბოლოოდ სესია ჩაიშალა.

ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სრულად იზიარებს თანამოქალაქეების გულწრფელ აღშფოთებას საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე.

„როგორც მატყობინებენ, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რომლის პოლიტიკური მნიშვნელობა, სამწუხაროდ, ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რასაც აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება“, - თქვა მმართველი გუნდის თავმჯდომარემ.

ბიძინა ივანიშვილის ამ განმარტებას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებიც მოჰყვა. ფაქტი დაგმო, სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულმა, ზუგდიდის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა. მათი თქმით, გმობენ, რაც მოხდა და მიაჩნიათ, რომ საზოგადოების პროტესტი სამართლიანია.