საზოგადოება
სოციალურად დაუცველი ოჯახის სიმდიდრე
FaceBook Twitter
E-mail Print

ნუგზარ ბეჭვაიას მრავალშვილიანი ოჯახი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში ცხოვრობს. მათი ყოველთვიური შემოსავალი, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოყოფილი დახმარება 318 ლარი, ოჯახის ხანდაზმული წევრის პენსია და წელიწადში ერთხელ, 200 კილოგრამამდე თხილის და დაფნის ფოთლის გაყიდვით მიღებული თანხაა. გარდა ამისა, ჰყავთ ორი ძროხა, რამდენიმე ქათამი და წიწილა.

ოჯახის უფროსი ათი შვილის მამა, ნუგზარ ბეჭვაია ადრე სკოლაში რელიგიას ასწავლიდა. მოგვიანებით სასწავლებელში საღვთისმეტყველო საგანი გააუქმეს და მას მერე აღარ უმუშავია.

 

„სად არის სამუშაო ადგილები, ვერ იშოვი. არ მიცდია სხვა სამსახურის ძებნა“, - ამბობს ნუგზარ ბეჭვაია.

 

უმუშევარია დიასახლისიც.

 

„7 გოგო და 3 ბიჭი მყავს. მე რა გავაკეთო ამათ ხელში. სახლში ვზივარ“, - უთხრა livepress.ge-ს ნანა ლაგვილავამ.

 

ბეჭვაიების საცხოვრებელი კაპიტალურ რემონტს საჭიროებს. აწვიმს ოთახებს. გაბზარულია წვიმის წყლით გაჟღენთილი კედლები, საიდანაც ბათქაში ცვივა. ჩამსხვრეულია ფანჯრის მინები და ჩარჩოებზე ცელოფნებია გადაკრული. უსახსრობის გამო ყველა ოთახიდან თუნუქის გამათბობლები მოხსნეს და ჯართად ჩააბარეს. გაყიდეს ოჯახის სასაფლაოს კუთვნილი ალუმინიც.

 

„გარედან ყველაფერი კარგად ჩანს. ამასწინათ ვიღაც კაცი მოვიდა ჩვენთან. ბეჭვაიები სად ცხოვრობენო, უკითხავს. მეზობლებმა რომ მოასწავლეს და ქუჩიდან შეგვათვალიერა, თქვენ მდიდრები ყოფილხართო, გვითხრა, სახლს გარედან სურათი გადაუღო და წავიდა“, - იხსენებს ნუგზარ ბეჭვაიას დედა, ნელი მაქაცარია.

 

მრავალშვილიანმა ოჯახმა რამდენიმე თვის წინ დახმარებისთვის საქველმოქმედო ფონდს „იავნანა“ განცხადებით მიმართა. თხოვნის საპასუხოდ ფონდი 10 000 აშშ დოლარს დაჰპირდა. ბეჭვაიებს განსაზღვრული თანხით სახლი უნდა ეყიდათ. ოჯახის უხუცესი ქალის თქმით, ამ ფასად გაუჭირდათ საცხოვრებლის შერჩევა. ამბობს, რომ ბავშვების ნორმალური განვითარებისთვის „უკან კი არ უნდა წაიწიონ, წინ უნდა იარონ“. საბოლოოდ 15 000-ად ღირებული სახლი იპოვეს. შეპირებული თანხა ფონდს, 5 000 აშშ დოლარი კი ადგილობრივ გამგეობას უნდა გაეღო.

 

„ხელმძღვანელობამ იცის ჩვენ შესახებ. გვეუბნებიან, რომ საამისო სახსრები სადღეისოდ არ აქვთ. მაშინ რომ არ მოგვაქციეს ყურადღება, ჩვენი დახმარება სხვას მისცეს. ფონდმა დახმარებაზე უარი გვითხრა, თუმცა დაგვპირდნენ, ბავშვებს ასე არ დავტოვებთო. რამდენჯერაც იქით დავურეკეთ, ნუ გვაწუხებთ, თვითონ შეგეხმიანებითო გვითხრეს“, - გვითხრა ნელი მაქაცარიამ. 

 

ბეჭვაიების თავდაპირველი განცხადების თანახმად, სოციალური მომსახურების სააგენტომ ოჯახს 61 000 ქულა მიანიჭა. ხელმეორე მიმართვისას განმეორებითმა აღწერამ უკვე 68 000, მესამე განცხადების პასუხად კი 78 000 ქულა შეადგინა.

 

„ზურაბ ეგუტია რომ დანიშნეს, ჩვენთან ბიჭები გამოგზავნა. მათ უთქვამთ, აქ რას გავხედოთ, ათი ბავშვი ყავთო. ამის მერე დაგვიმტკიცეს“, - ამბობს ოჯახის უხუცესი წევრი.

 

ნუგზარ ბეჭვაია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მონიჭებული ქულების მზარდ, გარდამავალ ოდენობას ძველი, ჟიგულის მარკის მანქანის ფაქტორით ხსნის, რომელიც ძმამ აჩუქა.

 

„ქულა მაგიტო მომიმატეს ალბათ. ეს რომ არ მყავდეს, მარშუტკაც კი არ მიჩერებს, ამდენ ბავშვს რომ დაინახავს“, - ამბობს ოჯახის უფროსი.

 

ათი შვილის დედა, ნანა ლაგვილავა ყვება, რომ სანამ სოციალურ დახმარებას დაუმტკიცებდნენ, მეშვიდე ბავშვის მერე მრავალშვილიანებისთვის განკუთვნილი, მხოლოდ 35-ი ლარით სარგებლობდნენ. სოციალურად დაუცველთათვის განსაზღვრული თანხის გამოყოფის შემდეგ კი ეს მინიმალური დახმარება, რომლის აღებისგანაც ახლობლები თავის შეკავებას მისი სიმცირის გამო ურჩევდნენ, გაუუქმეს. ოჯახს აქვს სამედიცინო პოლისი, თუმცა მედიკამენტებზე თანხას ჩვეულებრივ იხდიან, ყოველგვარი შეღავათის გარეშე. შეღავათი არ ვრცელდება ელექტროენერგიის გადასახადზეც.

 

ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად მშობლებს საზრუნავი მეტი აქვთ. ახლა ოჯახში შვიდი სკოლის მოსწავლე ჰყავთ. მამას ისინი მანქანით ქალაქის სასულიერო გიმნაზიაში დაჰყავს, რადგან სასწავლებელი მათი სახლიდან ძალიან შორს არის. ამასთან ბავშვები ჭადრაკის შესასწავლად დადიან. 9 წლის მაია ბეჭვაია, ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ადგილის მფლობელია. დანარჩენებსაც საერთაშორისო ტურნირებზე გარკვეული წარმატებები აქვთ. როცა გაიმარჯვებენ, ფულად პრემიას იღებენ ჯილდოდ. ამ გზით ერთგვარად ოჯახს ფინანსურადაც ეხმარებიან. სწორედ ამიტომ გადაწყდა, პატარა ბეჭვაიებს ქალაქში უნდა ესწავლათ!

 

„ახლა ვფიქრობ და არ ვიცი, როგორ მოვახერხო სკოლაში მათი გაშვება. ძალიან გვიჭირს. სახელმძღვანელოები სახელმწიფომ უნდა მოგვცეს. შარშან წიგნები სრულად არ მიგვიღია. სკოლის დირექტორმა გვითხრა, არ მოსულაო. რასაც დაგვპირდნენ, იმის ნახევარიც არ იყო, რომ მოგვცეს. ამას გარდა ტანსაცმელი არ უნდა შვიდ ბავშვს?“, წუხს ოჯახის დიასახლისი.

 

ათი შვილიშვილის ბებია ამბობს, რომ უჭირთ პატარების ნორმალურად გამოკვება.

 

„ერთმა კარაქი მინდაო, მეორემ მითხრა, ბებია, რამდენი ხანია ღომი არ გაგიკეთებიაო. სად არის შვილო. სიმინდიც როგორ გაძვირდა. ახლა ეს რომ გეტყვის, მშიაო, რომ არ აჭამო, ცოდვა არ არის?“, - ამბობს ნელი მაქაცარია.

 

ბებია იხსენებს შემთხვევას, როცა ევროპის ჩემპიონატზე ჭადრაკში, ბათუმში მაიას გასაშვები სახსრები არ ჰქონდათ და მისი ნათლობის ჯვარი დააგირავეს. 

 

ნუგზარ ბეჭვაია ამბობს, რომ ოჯახს მოძღვარი გიორგი ჯგუშია ეხმარება. მისი თქმით, იმ ეკლესიის წინამძღვარი, რომლის მრევლიც თავად არის პურის სახლს შეუთანხმდა და საცხობიდან ყოველ მეორე დღეს ათ პურს ღებულობენ. გარდა ამისა პურსაცხობი „ლეკოც“ ყოველდღიურად ექვსი პურით ეხმარება.

 

„თუ მარტო პური გვაქვს, ცამეტ კაცს რას გვეყოფა და თუ სხვა რამეც არის საჭმელი, მაშინ არაგვიშავს“, - განმარტავს ნუგზარ ბეჭვაია.

 

რაც შეეხება ზამთარში გათბობის საშუალებას, ნელი მაქაცარია ამბობს, რომ ოჯახს ზუგდიდის გამგეობა შეშით ყოველწლიურად ამარაგებს.

 

Livepress.ge-სთან საუბარში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დარეჯან გაბედავა აღნიშნავს, რომ ბეჭვაიების მრავალშვილიანი ოჯახი მუნიციპალიტეტის განსაკუთრებული ზრუნვის საგანია. ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ მათ ერთხელ 700 ლარი, მეათე შვილზე კი 1000 ლარი, ერთჯერადი დახმარების სახით გადასცა.

 

„ძალიან ბევრს აკეთებს გამგეობა მათთვის. შეშას ყოველწლიურად ვაძლევთ და წელსაც მივცემთ. ჩვენი წარმომადგენელი იყო ოჯახში და საჩუქრად ავეჯი, ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა, ტანსაცმელი და მობილური ტელეფონები გადასცა“, - ამბობს გამგებლის მოადგილე.  

 

მრავალშვილიანი დედა, გამგეობისგან ჯერ 700, მერე კი 1000 ლარით დახმარების ფაქტს ადასტურებს, თუმცა დასძენს, რომ საყოფაცხოვრებო ნივთები მათ კონკრეტულმა პირებმა გადასცეს, მაგრამ არა გამგეობის სახელით.

 

„ეს გამგეობის სახელით რატომ არის?“, უკვირს ნანა ლაგვილავას. ამბობს, რომ იმ ადამიანს, ვინც მათთან მივიდა, საკუთარი ვინაობის საჯაროობა არ სურდა.  

 

რაც შეეხება 5 000 დოლარს, რომელიც სახლის შესაძენად იყო საჭირო და ურომლისოდაც ფონდმა „იავნანამ“ დაპირებული 10 000 აშშ დოლარი არ გადარიცხა ანგარიშზე, დარეჯან გაბედავას თქმით, ადგილობრივ მთავრობას ბიუჯეტით არ აქვს განსაზღვრული „ინდივიდუალური სახლისთვის თანხის გამოყოფა“.

 

„ამის გამო ვერ დავეხმარეთ. ბეჭვაიებმა მითხრეს, „იავნანა“ ითხოვს, მუნიციპალიტეტმა შერჩეული სახლის გარემონტების ვალდებულება აიღოსო“, განმარტავს გამგებლის მოადგილე და დასძენს, რომ ფონდიდან მათ არავინ შეხმიანებია და რომ კონკრეტული ვალდებულების შესახებ, ბეჭვაიების მრავალშვილიანი ოჯახისგან შეიტყვეს.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს
მართავს.
18:32 / 04.11.2022
ერნა პეპანიანი 21 წლისაა და წალკაში, სოფელ დაშბაშში საოჯახო ბიზნესს მართავს.
თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28
კილომეტრში,
02:06 / 02.09.2022

თეა ადიკაშვილსა და დარეჯან ცირამუას თბილისიდან 28 კილომეტრში,

გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
17:45 / 25.06.2022
გიგა დოღონაძეს ქუთაისის ცენტრალურ არქივში შევხვდით.
22:08 / 15.04.2022
"როცა საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, დეზინფორმაციას მარტივად იჯერებს.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.