საზოგადოება
ჩემპიონი მოჭადრაკეების ოჯახი ზუგდიდიდან [ვიდეო]
ანასტასია, ქრისტინე, გიორგი, ქეთი, გრიგოლი, თეკლე, მაია, ეკატერინე - ბავშვები ოთახში შემოდიან და ტახტზე ერთ მწკრივად სხდებიან. ყველა იღიმის, ზოგი დაბნეულად, ზოგიც თავშეკავებულია. ყველაზე თამამი მათ შორის უმცროსი, ექვსი წლის ანასტასიაა. პირველივე წუთებზე გაგვიშინაურდა, გვეტიტინება... ეს ბეჭვაიების მრავალშვილიანი ოჯახია. დღეს არასრული შემადგენლობით დაგვხვდნენ. სულ თერთმეტნი არიან - სამი ბიჭი და რვა გოგო.

პირველი, რაც თქვენს ყურადღებას იქცევს, კედელზე გამოკიდული მედლების და მაგიდაზე შემოდებული თასების სიმრავლეა. ნახავთ სათამაშოდ გაწყობილ საჭადრაკო დაფას. ღამე პაიკი დამესიზმრაო, თავმომწონედ გაგვიმჟღავნა ჭადრაკისადმი სიყვარული ანასტასიამ. მხოლოდ დედაზე, მამაზე და ღმერთზე მეტად არ მიყვარს, მეტი ყველაფერს მირჩევნიაო.

რამდენიმე დღის წინ, ბათუმში გამართული საერთაშორისო ტურნირის პრიზიორიც გახდა. მეხუთე ადგილი დაიკავა და პირველი ჰონორარი - 50 ლარიც გამოიმუშავა. ანასტასიას მსგავსად, პრიზიორი გახდა მისი შვიდი და-ძმა. ჭადრაკს დანარჩენი სამი ბეჭვაიაც თამაშობს - ერთგვარად ოჯახური ტრადიციის გამგრძელებლებად იქცნენ, რადგან მამა და ბიძებიც თავის დროზე ამ სპორტით ყოფილან გატაცებული. ჰობს გაიხდიან თუ არა საქმედ, ჯერ არ იციან. თუმცა ეს ანასტასიას არ ეხება. მას პოლიციელობა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

თასებს და მედლებს შორის ყველაზე მეტი 17 წლის მაია ბეჭვაიას მონაპოვარია. უკვე სათვალავიც აერია. ანასტასიას ხნის იყო, პირველად ჭადრაკზე რომ მიიყვანეს. მალევე სამეგრელოს ვიცე ჩემპიონი გახდა. არის საქართველოს ჩემპიონი და სამგზის ვიცე ჩემპიონიც. ევროპის ჩემპიონატზე კოეფიციენტების მიხედვით მეოთხე ადგილზე გავიდა. ევროპის თასზე კი ვერცხლის მედალოსანი გახდა.

აქ მოწყენისთვის ვერავინ იცლის. თავისუფალ დროს ჭადრაკის საოჯახო ტურნირებს მართავენ. ფეხბურთში ორ გუნდად დაყოფასაც ახერხებენ, ბანდბიქტონის თამაშობენ და დამალობანაც ბევრად სახალისო გამოდის. მაია უკვე მეთერთმეტე კლასშია. პროფესიის შესარჩევად არც თუ ბევრი დრო რჩება, თუმცა ჯერ კიდევ ფიქრობს.

სამეგრელოს ჩემპიონია 11 წლის გრიგოლიც. ზუგდიდის შეჯიბრის მრავალგზის გამარჯვებული. იყო სხვა წარმატებებიც.

გიორგი ერთადერთია, რომელიც ჭადრაკის თამაშის პარალელურად, ბავშვებს წვრთნის. უკვე სამი წელია საჭადრაკო სკოლაში ასწავლის. მათ შორის წვრთნის ოთხ და-ძმას. რამდენიმე დღის წინ მწვრთნელის ამპლუაში პირველი ჯილდოც მიიღო. ქვეყნის მასშტაბით, როგორც მოჭადრაკე, სხვადასხვა შეჯიბრის გამარჯვებული და პრიზიორია. მიზნად "ბ" და "ა" კატეგორიის მწვრთნელის ლიცენზია აქვს და საკუთარ თავზე მუშაობას განაგრძობს.

ცრემლებიც წამოგივა ზოგჯერ, როცა თასები და მედლები მოაქვთო, გული უჩუყდება მამას, ნუგზარ ბეჭვაიას. თუმცა საერთაშორისო ტურნირებში, რომელიც ფასიანია, ყველა ვერ მონაწილეობს. საჭირო თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახს ხშირად არ აქვს.

"მაგალითად, ფოთში გამართულ შეჯიბრში ოთხი მონაწილეობდა. ცხრავეს უნდოდა თამაში, მაგრამ ვერ ვათამაშეთ. დანარჩენებს გული დაწყდათ. ერთზე 80 ლარი იყო გადასახდელი. საქართველოს პირველობაზე, როგორც სოციალურად დაუცველები, არ ვიხდით. საერთაშორისო ტურნირები რაც არის, ყველგან ფასიანია. ასეთ ტურნირში თუ არ მიიღო მონაწილეობა, ისე ვერ გაიზრდება", - ამბობს ნუგზარ ბეჭვაია.

ადგილობრივი ჭადრაკის სკოლაც ეხმარებათ, თუმცა არც ესაა ყოველთვის საკმარისი. ამიტომ დედის, ნანა ლაგვილავას თქმით, ზოგჯერ შიდა ტურნირებს მართავენ სახლში იმის გამოსავლენად, ვინ "დაიმსახურებს" შეჯიბრზე წასვლას. ბათუმში რამდენიმე დღის წინ გამართულ ტურნირზე, როცა გამარჯვებულ შვილებს მასთან თასები და მედლები მოჰქონდათ, ჩამოსართმევად ხელები არ ეყო და ამაზე ტურნირის ხელმძღვანელი ეხუმრა კიდეც.

საერთაშორისო შეჯიბრებებზე ბავშვები ზოგჯერ საკუთარ თანხასაც გამოიმუშავებენ.

თერთმეტ შვილს შორის უფროსი 25 წლის ელისაბედია. ის ახლა საფრანგეთშია და ენებს სწავლობს. გაბრიელი ჯარში მსახურობს. სიდონია კი მესამე კურსზეა. სამივემ სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებები აირჩია. თუმცა ჭადრაკს არც ისინი ივიწყებენ, როცა ამის დრო და შესაძლებლობა აქვთ.

მრავალშვილიან ოჯახზე "ლაივპრესმა" მასალა რამდენიმე წლის წინაც მოამზადა.