საზოგადოება
როგორ გადაარჩინა აფხაზმა ქალმა ტყვეობას ქართველი სტუდენტი [ვიდეო]
დაბომბილი ქალაქი, დენთის სუნი, ქუჩაში ცხედრები - ეს ზუგდიდში მცხოვრები როინ შენგელიას სტუდენტობის მოგონებაა.

სტუდენტობის, რომელიც სოხუმში გაატარა.

მან „ლაივპრესს“ უამბო, როგორ გადაურჩა ტყვეობას უცნობი აფხაზი ქალის დახმარებით.

როინ შენგელია ტრაპშის ქუჩაზე ცხოვრობდა, რომელსაც სოხუმის დაცემამდე ერთი კვირით ადრე უკვე აკონტროლებდნენ კონფედერაციის შეიარაღებული ძალები. როცა დაბომბვები დაიწყო, მეზობლებმა, ეთნიკურად სომხებმა შეიფარეს.

„მიუხედავად იმისა, რომ სომხებს არ შეეძლოთ ქართველების შეფარება. მათზე დიდი ზეწოლა იყო, ჩვენს მეზობლად მცხოვრებმა სომხების ოჯახმა საშინელი დაბომბვის დაწყებისას შეგვიფარა. სათავსოში ვიყავით. ჩემთან ერთად ორი ქართველი ახალგაზრდა იყო, ისინი სკოლის მოსწავლეები იყვნენ. 24 სექტემბერს მეომრების ჯგუფი შემოვიდა ეზოში, ჩამავლეს ხელი და ის იყო ჭიშკარს მივუახლოვდით, რომ ოჯახის დიასახლისი ყაბარდოდან მოსულ საველე მეთაურს წინ დაუდგა, შემართულ ავტომატს ხელი ჰკრა და უთხრა რომ გაივლიდა მხოლოდ მის გვამზე და მერე წამიყვანდა. მერე ვიღაც აფხაზი მეომრის სახელი ახსენა და ისინიც წავიდნენ“.

მოგვიანებით, მასთან ერთად სომხების ოჯახში შეფარებულმა მოზარდების სკოლის მასწავლებელმა, რომელიც ეთნიკურად აფხაზი იყო, მოახერხა, რომ როინი იმ ქართველების სიაში შეეყვანა, რომლებიც სოხუმის დაცემის შემდეგ წითელ ჯვარს გამოჰყავდა ავტობუსებით.

„არ მოვერიდები მისი სახელი და გვარის დასახელებას, ემა ავიძბა-ძიაპშპასი. ის ალექსანდრე ანქვაბის მამიდაშვილი იყო, მან შეაგროვა ხელმოწერები, რომ არ ვიბრძოდი აფხაზების წინააღმდეგ და შემიყვანა იმ ადამიანების სიაში, რომელიც იმ დღეებში სოხუმიდან წითელ ჯვარს გამოჰყავდა. 150 კაცი უნდა გამოეყვანათ. 148 - ე ვიყავი. ავტობუსში, ახალგაზრდა მხოლოდ მე აღმოვჩნდი. ძირითადად ის ქართველები იყ6ვნენ სოხუმში დარჩენილები, ვინც ასაკის გამო ვერ შეძლეს სვანეთის გზით წამოსვლა. ავტობუსში ვიღაც აფხაზი სამხედრო ამოვიდა, სადღაც გამიყვანეს, ჩემი ასაკი ეჭვს იწვევდა, ეგონათ რომ ვიბრძოდი. მაგრამ ისევ აფხაზმა და ჩემს მეზობლად მცხოვრებმა სომეხმა ქალმა გადამარჩინეს, რომლებიც მაცილებდნენ. მახსოვს ასეთი ფრაზა, რომელიც ქალბატონმა ემამ ბოლოს ქართულად მითხრა - როინი, ბიჭო, შენ ზუგდიდში რომ ჩახვალ ყველა აფხაზი არ აგინოო“ .

სტუდენტი სახლში ოქტომბრის ბოლოს დაბრუნდა. ცეცხლმოდებულ ქალაქში, მეზობლის თავშესაფარში მან 33 დღე გაატარა.