საზოგადოება
როგორ „კერავენ“ ჩირის ფარდებს მარტვილში [ვიდეო/ფოტო]
შემოდგომაზე მარტვილის სოფლებში ულამაზესი სანახაობა იშლება - ყოველი მეორე სახლი ხურმის ჩირის ფერადი ფარდებით ირთვება. ახლადგაფენილი ხილი თავდაპირველად ნარინჯისფერია, გამოშრობასთან ერთად კი ფერს იცვლის. დაახლოებით 15 დღეში, როცა ყავისფერი გახდება, შესანახად მზად არის.

ფერადი ხედები ნებისმიერი გამვლელის ყურადღებას იპყრობს, ამიტომაც მარტვილელებს არ უკვირთ, მოულოდნელად უცნობი ადამიანი მათ ჭიშკართან ფოტოების გადაღებას თუ იწყებს.

ფარდების მიღმა კი მძიმე შრომა და უძილო ღამეებია. შემოდგომა გლეხისთვის ყველაზე დატვირთული პერიოდია. განსაკუთრებით კი ხურმის ჩირის დამზადების სეზონი - ოქტომბრის ბოლო და ნოემბრის შუა რიცხვები. ოჯახებს დღეში 200-400 კილოგრამი ხურმის დაკრეფა, გათლა, ძაფზე აცმა და გაფენა უწევთ. საქმიანობაში ოჯახის ყველა წევრია ჩართული. ცდილობენ სამუშაოს თავად გაართვან თავი, რადგან დღის განმავლობაში დამხმარე მუშახელის დაქირავება 25 ლარი ჯდება. ეს კი დამატებითი ხარჯია.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვაზაოში მცხოვრებ 52 წლის ნანა ცირეკიძეს წლევანდელი მოსავალი 1 ტონამდე იქნება. ნაწილი უკვე გათლილია და 15 დღეში მზად იქნება. დიასახლისს მძიმე შრომა უკვე დაეტყო - ხელის თითები დაკოჟრილი აქვს. ძილში მკლავები უბუჟდება კიდეც. არ უკვირს, რადგან ასე ხდება ყოველი წლის შეოდგომაზე, როცა ხურმის ჩირის მზადებას იწყებს.

„სხვადასხვა ჯიშის ხურმა მაქვს. არის იაპონსკი, ხაჩია, რომელიც ზომაში დიდია და კარალიოკი. ძირითადად ზომაში თუ განსხვავდება, თორემ გემო და ფასი ერთი აქვს. საუკეთესო ფასი 4-5 ლარია. გააჩნია როგორი ბაზარი იქნება. ყოფილა შემთხვევა როცა 1 ლარადაც გაგვიყიდია. იმედი გვაქვს წელს 4 ლარად მაინც შევძლებთ გაყიდვას“, - ამბობს ნანა და თან აგრძელებს

ხურმის თლას. ჩირის დამზადებაში ქმარი და მეათე კლასელი შვილი ეხმარება. დღეში 200 კილოს გათლაც უწევთ.

„გგონია ბევრი გათალე, გაშრება და არაფერი შეგრჩება. 4 კილო ნედლი პროდუქტი გაშრობის შემდეგ 1 კილომდე მცირდება“, - ყვება ნანა.

შრომას ფასი არ ექნება თუ ამინდმა არ გაამართლა და ნუგბარი გაფუჭდა. ხურმის გამოსაშრობად იეალურია ქარიანი ამინდი და ყინვა. ნისლი, წვიმა და ზედმეტი სითბო ალპობს ხილს, რომელიც ყუნწიდან ძვრება და ნელ-ნელა იწყებს ცვენას.

4 დღე მარტვილში გადაბმულად იწვიმა. გლეხებმა ჩირებს პოლიეთილენის პარკები გადააფარეს.

წვიმისგან საგულდაგულოდ იცავს ჩირს ნაგვაზაოელი ნელი კვაშილავაც, რომელიც თბილისში ცხოვრობს და სოფელში ოჯახთან ერთად ჩირის სეზონზე ჩადის. წელს 7 ტონა ხურმა აქვს, რომლის ნახევარიც იყიდა, დანარჩენი კი საკუთარ ეზოში დაკრიფა.

მარტვილელები, რომლებსაც ხურმის მწირი მოსავალი აქვთ, ხშირად ასეც იქცევიან. მეზობლებისგან ყიდულობენ ხილს დაბალ ფასად, კილოგრამს 20-30 თეთრად.

ნელი კვაშილავამ 6 ტონა ხურმა ოჯახის წევრების დახმარებით უკვე გათალა. ყოველ დილით გაღვიძებისთანავე „ხურმის ფარდებს“ დაუყვება და ამოწმებს, როგორ გადაურჩნენ წვიმას.

„მთელი ენერგია, სული და გული გვაქვს ამაში ჩაქსოვილი, რომ იქნებ რამე შემოსავალი გვექნეს. ვნახოთ რა იქნება“, - ამბობს ნელი კვაშილავა.

მისგან განსხვავებით, სურვილის მიუხედავად ხურმის შეძენა ვერ შეძლო სოციალურად დაუცველმა გუგუშვილების ოჯახმა. მათ მხოლოდ ორი ძირი ხურმა აქვთ. ხილი უკვე დაკრიფეს. თუ ამინდებმა გაუმართლათ და ყველა გამოშრა, დაახლოებით 100 კილო ჩირი გამოვა.

ოჯახის დიასახლისი, მედეა გუგუშვილი ამბობს, რომ აქვთ თხილის პლანტაციაც, თუმცა წელს არ გაამართლა. ჰყავთ ერთი მეწველი ძროხა. ამას ემატება 80 წელს მიღწეული დედის პენსია და სოციალურად დაუცველი ოჯახებსითვის განკუთვნილი ფინანსური დახმარება. გუგუშვილები ასე ახერხებენ წლიდან წლამდე თავის რჩენას. სახლი ავარიულ მდგომარეობაშია, თუმცა მის შესაკეთებლად ჯერ საჭირო ფინანსები ვერ მოაგროვეს. მედეა გეგმავს, მომავალ წელს მაინც შეძლოს ხურმის დიდი რაოდენობით შეძენა და თუ თხილის მოსავალმაც გაამართლა, სახლსაც გაარემონტებენ.