საზოგადოება
საახალწლო სამზადისი ხანდაზმულთა დღის ცენტრში [ვიდეო]
ზუგდიდის ხანდაზმულთა დღის ცენტრში დღეს დიდი დღეა. მოხუცები ნაძვის ხეს აწყობენ, ძირითადად საკუთარი ხელით დამზადებული სათამაშოებით.

არ იფიქროთ, რომ პროცესი ჩუმად მიმდინარეობს. ეს ყველაფერი მეგრული სიმღერების და ხმამაღალი ოვაციების ფონზე ხდება. ხადაზმულები უკრავენ ფანდურს და ასრულებენ საყვარელ მელოდიებს.

აგერ, ოთახის ცენტრში საცეკვაოდ გამოვიდა 73 წლის ლამაზო ქობალია და მეწყვილეც გამოიწვია, 65 წლის ელგუჯა კვარაცხელია. არ აყოვნებს მაყურებლების ოვაციებიც, რომელთა შორის არიან 82 წლის ნორა ლაგვილავა, 72 წლის ალეკო ზარქუა, 68 წლის ლალა სართანია. ფანდურს ამ ცენტრის ყველაზე ახალგაზრდა წევრი, 57 წლის ჯულიეტა თოფურია უკრავს.

7 თვის წინ გახნილ ცენტრს 17 წევრი ჰყავს. თავიდან სულ 8 იყვნენ, თუმცა ეტაპობრივად ხადაზმულთა დიდი ოჯახი კიდევ უფრო გაიზარდა. მსურველი მეტია, თუმცა ცენტრს მხოლოდ ერთი ოთახი აქვს და მეტი ხანდაზმულის მიღებას ვერ ახერხებს.

სულ რაღაც 7 თვეში ცენტრის ხადაზმულები ნამდვილ ხელოვანებად იქცნენ და ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც მოაწყვეს. შემოსული თანხით ნივთების დასამზადებლად საჭირო მასალა შეიძინეს.

თოჯინები, ნაძვის ხეები, სათამაშოები, ნაქსოვი ფაჩუჩები და ხელთნაწერი ბროშურებიც კი, - ეს ხანდაზმულთა მიერ გაკეთებული ნივთების არასრული ჩამონათვალია.

ბროშურა განსაკუთრებულია - შედის მეგრულენოვანი შელოცვები და ქართულ-მეგრული ლექსიკონი. ავტორი ელგუჯა კვარაცხელიაა.

როგორც „ლაივპრესს“ ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა შონიამ განუცხადა, ხანდაზმულებთან კვალიფიციური ფსიქოლოგი თვეში 10 დღის განმავლობაში მუშაობს. არის როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური სეანსები. ჰყავთ სოციალური მუშაკი, რომელიც ასევე არის კრეატიული ხელოვნების სპეციალისტი. ცენტრში მთელ დღეს ატარებს მედდა. ნანა შონია გვიყვება, რომ ბენეფიციარები მთელ დღეს ატარებენ ცენტრში, ამიტომ მათ საკვებითაც უზრუნველყოფენ.

სამეგრელო-ზემო სავანეთის მასშტაბით, ხანდაზმულთათვის პირველი დღის ცენტრი ზუგდიდში 2019 წლის ივნისში გაიხსნა. ის აღჭურვილია ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკით. მოხუცებისთვის, დღის განმავლობაში გასართობ აქტივობებთან ერთად, დაგეგმილია ექსკურსიებიც.

შერჩევისას უპირატესობა მიანიჭეს მოხუცებს, რომლებიც მარტო ცხოვრობენ, არიან უმწეოები და სოციალურად დაუცველები.

პროექტი - "უზრუნველვყოთ ღირსეული ხანდაზმულობა", ევროკავშირმა ერთი წლის ვადით დააფინანსა. მას ორგანიზაცია „თანაზიარი“ მერიის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის დასრულების შემდეგ დღის ცენტრი ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა ჩაიბაროს.

ხანდაზმულთა ცენტრი ყოველ დღე, დილის 10 საათიდან საღამოს 18 საათამდე მუშაობს.