საზოგადოება
მოსწავლეები სამეგრელოდან, რომლებიც დისტანციური სწავლების მიღმა რჩებიან
FaceBook Twitter
E-mail Print
ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციის მიზნით, განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში თითო-ოროლა სკოლამ თუ დაიწყო დისტანციური სწავლება, დიდი ნაწილი კი ჯერ კიდევ ონლაინ სწავლების დანერგვის პროცესშია. თუმცა, რეგიონში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა 30%-ზე დაბალია.

რესურსცენტრების ზოგიერთი წარმომადგენელი ირწმუნება, რომ გამოწვევას მომზადებული შეხვდნენ. ნაწილი კი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება მათ დახმარებას ვერ შეძლებს, ბავშვები შესაძლოა დისტანციური სწავლების მიღმა აღმოჩნდნენ. ამ მხრივ, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ინტერნეტზე თანაბრად ხელმისაწვდომობის არქონაა.

⭕️ ჩხოროწყუ

პრობლემებზე საუბარს არ ერიდება ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი. ლია ჯალაღონიას განმარტებით, თუ ონლაინ სწავლების პროცესში ჩართვა ყველა მოსწავლემ ვერ შეძლო, მაშინ მუშაობის ეს ფორმა აზრს კარგავს. მისივე სიტყვებით, კიდევ ერთი გარემოება, რაც განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, პედაგოგებია, რომელთაგან ზოგიერთს უნარი და გამოცდილება დისტანციური სწავლების არ აქვს.

"სკოლებს აქვთ ინტერნეტი, მაგრამ არა ყველა ბავშვს. ტელეფონი აქვს ყველა ბავშვს? მარტივი კითხვაა. ამას უნდა ჩქარი ინტერნეტი. ინტერნეტს ფული. ვინ გადაიხდის? თუ იქნება უფასო ინტერნეტი, აიპადები დაურიგდებათ ბავშვებს, მასწავლებლებს და ინტერნეტის ფულს სახელმწიფო გადაიხდის ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, მაშინ სხვა ამბავია", - უთხრა "ლაივპრესს" ლია ჯალაღონიამ.

რესურსცენტრის ხელმძღვანელი აცნობიერებს, რომ უნდა იმუშაონ ასეთ პირობებშიც კი და შექმნან პრეცენდენტები მსგავს პირობებში სწავლების. თუმცა დისტანციური მეთოდის შემოღება მაინც ნაჩქარევად მიაჩნია. სჯერა, რომ თუკი მოინდომებენ, ჩანასახის დონეზე ონლაინ მუშაობის პრაქტიკას ჩხოროწყუს ყველა სკოლაში დანერგავენ, მაგრამ მისი აზრით, პროცესში ყველა ბავშვი და პედაგოგი მაინც ვერ ჩაერთვება. მიუხედავად ამისა, ლია ჯალაღონია გვეუბნება, რომ ახალისებენ მასწავლებლებს, მსჯელობენ, რა და როგორ უმჯობესია, და რომელი პროგრამით იხელმძღვანელონ.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტატისტიკური მონაცემებით, ჩხოროწყუში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა ოჯახების მხოლოდ 29,87%-ს აქვს.

⭕️ მესტია

საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფოსმა დარეჯან ნიგურიანმა გვითხრა, რომ დისტანციურ სწავლებას იმ შემთხვევაში მოახერხებენ, თუ ელექტროენერგიას მუნიციპალიტეტი შეუფერხებლად მიიღებს. ნიგურიანი ოფიციალური სტატისკის საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ ინტერნეტი სკოლებს და ოჯახებს აქვთ, იმუშავებენ ტელეფონების გამოყენებითაც და პრობლემა არ იქნება. მართალია, ყველა პედაგოგს ონლაინ მუშაობის პრაქტიკა არ აქვს, თუმცა განმარტავს, რომ გამოცდილებას ერთმანეთს გაუზიარებენ.

"დაიგეგმა სკოლებში, რა როგორ უნდა გაკეთდეს. მოხდა კომუნიკაცია მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მშობლებს შორის. მოვახერხებთ, იმიტომ, რომ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ, რათა არავინ დაზარალდეს", - გვითხრა დარეჯან ნიგურიანმა.

მესტიაში ინტერნეტის დაფარვის მაჩვენებელი სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე დაბალია - 9,23%.

⭕️ აბაშა

სკოლებმა უკვე შეიმუშავეს, თუ როგორ მიაწვდიან მოსწავლეებს საჭირო მასალებს. აბაშის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, მერაბ მიგინეიშვილის თქმით, მათ, ვინც ინტერნეტით ვერ სარგებლობენ, კლასის დამრიგებელი მოსწავლეებს დავალებებს სახლებში აწვდის.

"კლასის დამრიგებლები მიდიან სახლებში და მიაქვთ მასალები, რომლებიც მათმა საგნის მასწავლებელმა მოამზადა. შემდეგ დამრიგებელს მოაქვს შესრულებული დავალებები. ასეთი შეიძლება კლასში 4-5 ბავშვი იყოს. დანარჩენებთან ინტერნეტით ხდება კონტაქტი", - გვითხრა მერაბ მიგინეიშვილმა.

თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა, ეცოდინებათ თვის ბოლოს, როცა სკოლის დირექტორები ანგარიშებს ჩააბარებენ.

აბაშაში ინტერნეტი ოჯახების მხოლოდ 22,19%-ს მიეწოდება.

⭕️ ზუგდიდი

იმ ბავშვებთან, ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, პედაგოგებს სატელეფონო კავშირი ექნებათ და დავალებებს ამ გზით მიიღებენ. ზუგდიდის რესურსცენტრის უფროსი კახაბერ ფარცვანია "ლაივპრესთან" ირწმუნება, რომ სასწავლო პროცესის მიღმა არცერთი მოსწავლე არ დარჩება. მისი თქმით, სკოლები ამ ეტაპზე ცდილობენ გაარკვიონ, ვის არ აქვს ინტერნეტის შესაძლებლობა.

კახაბერ ფარცვანია გვეუბნება, რომ დისტანციურად მუშაობის გამოცდილება ზოგიერთ პედაგოგს უფრო მეტი აქვთ, ზოგიერთს ნაკლები, მაგრამ ერთმანეთს დაეხმარებიან.

"ყველა სკოლას აქვს ინტერნეტი. არის ალტერნატივა, როცა ტელეფონებში აქვთ ინტერნეტი. ეს არ იქნება პირველიდან შვიდი გაკვეთილი დღეში. ცხრა საათიდან ორ საათამდე ბავშვი ინტერნეტთან არ იქნება. ეს იქნება ისეთი აქტივობები, რომელიც იქნება უფრო სახალისო, შემეცნებითი", - გვითხრა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა და აღნიშნა, რომ რამდენიმე პედაგოგმა უკვე მოამზადა და ონლაინ ჩართვაც განახორციელა.

ზუგდიდი ინტერნეტის დაფარვის კუთხით რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის მეორე ადგილზეა - 45,99%.

⭕️ მარტვილი

როგორ იმუშავებს ონლაინ მარტვილის სკოლები, ან როდიდან, საგანმანათლებლო რესურსცენტრში ჯერ არ იციან. აქ მუშაობა გრძელდება.

მარტვილში ინტერნეტით მოსახლეობის 18,09% სარგებლობს.

⭕️ ხობი

ხობის რესურსცენტრის უფროსის მტკიცებით, მუნიციპალიტეტის 26 საჯარო სკოლიდან, რვა ჩაერთო ონლაინ სწავლებაში. ბეატრის რუსია ამბობს, რომ დანარჩენებიც მუშაობენ და აქვთ უნარი და შესაძლებლობა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის. გვეუბნება, რომ ინტერნეტი მოსწავლეთა უმრავლესობას აქვს, ხოლო მათთან, ვინც ონლაინ სწავლას ინტერნეტის არქონის მიზეზით ვერ შეძლებს, პედაგოგებს ალტერნატიული მიდგომა ექნებათ. თუ როგორი, არ დაუზუსტებია.

ხობში ინტერნეტის დაფარვის მაჩვენებელი საერთო მოსახლეობის 19,56%-ია.

⭕️ წალენჯიხა

რა ფორმით დაიწყებენ სწავლებას სკოლები, გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ წალენჯიხაში. ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ლირა ღურწკაიას თქმით, გამოწვევებს მოტივირებული ხვდებიან, რათა სამუშაო პროგრამას არ ჩამორჩნენ. სამინისტროსგან რეკომენდაციები მიიღეს და სიახლეებს კიდევ ელოდებიან.

წალენჯიხაში ინტერნეტი მოსახლეობის 24,55%-ს მიეწოდება.

⭕️ სენაკი

საჯარო სკოლები დისტანციური სწავლების გეგმაზე მუშაობენ სენაკშიც. პედაგოგების ნაწილმა, რესურსცენტრის უფროსის, დარეჯან ზარანდიას თქმით, ონლაინ გაკვეთილის ჩატარება უკვე მოახერხა. განსაკუთრებით მარტივი ეს პროცესი დაწყებით კლასებში აღმოჩნდა, სადაც ერთი მასწავლებელი ჰყავთ, მაღალ კლასებში კი ამ სწავლებას სხვაგვარი კოორდინაცია დასჭირდება.

ოჯახების 39,12% სარგებლობს ინტერნეტით სენაკის მუნიციპალიტეტში.

⭕️ ფოთი

აქ ელექტრონულად ჯგუფები პედაგოგებმა უკვე შექმნეს. ისინი განათლების სამინისტროს რეკომენდაციებით ხელმძღვანელობენ. რესურსცენტრის უფროსის, გოჩა ქორქიას თქმით, სურთ, რომ მაქსიმალურად ყველა მოსწავლისთვის გახადონ ხელმისაწვდომი ონლაინ პლატფორმები და საკომუნიკაციო საშუალებები.

"პედაგოგებს დისტანციური სწავლების გარკვეული უნარები ტრენინგებზე გამოუმუშავდათ. ბუნებრივია, ამ ყველა უნარს გამოიყენებს სკოლები", - გვითხრა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.

ფოთის მუნიციპალიტეტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველ ადგილზეა ინტერნეტის დაფარვის კუთხით - 85.56%.

⭕️ პრემიერ-მინისტრის კომენტარი

დისტანციური სწავლებისთვის საქართველოს განათლების სისტემა მზად არ არის, ეს ფაქტია და თავი არ უნდა მოვიტყუოთ, - განაცხადა გიორგი გახარიამ "რუსთავი 2-ის" გადაცემა "ღამის კურიერში".

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შეიძლება ცალკე აღებული სკოლები უფრო მომზადებულები არიან, ვიდრე სხვები ახალი გამოწვევისთვის, მაგრამ არ უნდა დაივიწყონ - ძალიან ბევრი ბავშვი ჰყავთ რეგიონებში, სადაც ელემენტარულად პრობლემაა ინტერნეტზე წვდომა.

კორონავირუსის გავრცელების აცილების მიზნით, საქართველოში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გახანგრძლივდა. მანამდე კი, მთავრობის რეკომენდაციით, სკოლებმა დისტანციური სწავლება უნდა დანერგონ.

18 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 38 შემთხვევა დადასტურდა. მათგან ერთი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფო 16 მარტს დატოვა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
00:05 / 28.03.2020
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.
ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 158 ქვეყანაშია გავრცელებული.
20:25 / 19.03.2020
ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 158 ქვეყანაშია გავრცელებული.
სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ხანძრები გაზაფხულის
დადგომასთან ერთად გახშირდა.
18:47 / 09.03.2020
სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ხანძრები გაზაფხულის დადგომასთან ერთად გახშირდა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები
ვიდეო
ბოსტნეულის კანფეტები „კოპეშონისგან“ [ვიდეო/ფოტო]
სოხუმელი ეკატერინე ფარულავა პროფესიით ექიმია.
როგორ იცავთ თავს კორონავირუსისგან - გამოკითხვა [ვიდეო]
მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის (COVID 19)
229 სიტყვა 30 წამში - ზუგდიდელმა მოზარდმა ემინემის რეკორდი დაამყარა [ვიდეო]
16 წლის ზუგდიდელმა ნინი ჩილაჩავამ ამერიკელი მომღერლის,
კორონავირუსის მიზეზით, სოხუმმა შესაძლოა ენგურის ხიდი ჩაკეტოს [ვიდეო]
კორონავირუსის თავიდან აცილების მიზნით სოხუმი ოკუპირებულ
ენგურის ხიდი სოხუმის მიერ გამოცხადებული კარანტინის პირობებში [ვიდეო]
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის
ფოტო
ექიმების საახები, რომლებმაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს უმკურნალეს [ფოტო]
კორონავირუსთან ბრძოლა განსაკუთრებით რთულ და მძიმე პირობებში
ზუგდიდში რესტორნები გატანის სერვისზე გადავიდნენ [ფოტო]
კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციისთვის
მგზავრებისგან დაცლილი ენგურის ხიდი [ფოტო]
ოკუპირებული აფხაზეთის და დანარჩენი საქართველოს
ზუგდიდი კორონავირუსის წინააღმდეგ [ფოტო]
მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა
მამზიშხას მთა [ფოტო]
მამზიშხას მთა აფხაზეთში, გაგრიდან 6 კილომეტრში
მზარეულის მაგიდა
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი მეგრული კერძი,
ესპანური სასმელი საახალწლოდ [ვიდეო]
ესპანური სანგრია, რომელიც სასიამოვნო გემოვნური თვისებებით
მეგრული ჯანჯუხა ტრადიციული რეცეპტით [ვიდეო]
მეგობრები, 80 წლის ეთერ ფაჟავა და თამარ შარია მეგრულ
გოგრის მაფინები გვანცასგან
ყველამ ვიცით, რომ გოგრა გემრიელთან ერთად სასარგებლო
გოგრის კრემ-სუპი გვანცასგან
გოგრის კრემ-სუპი მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.